
ევროკავშრის 2025 წლის გაფართოების ანგარიში საქართველოსადმი უკიდურესად კრიტიკულია. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ საქართველო მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის საპირისპიროდ საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ევროპა საქართველოსთან ურთიერთობაში „ქედმაღლურ ტონს" ინარჩუნებს. ანალიტიკოსების შეფასებით კი, თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების მორიგ გამწვავებას ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მოყვება და ეს არც ქვეყნის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზე იმოქმედებს.
ანგარიში 4 ნოემბერს ბრიფინგზე წარადგინეს ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა. კოსის თქმით, „საქართველოში ვითარება მწვავედ გაუარესდა დემოკრატიის უკუსვლით ისე, როგორც ეს არასდროს მომხდარა კანდიდატ ქვეყანაში", ხოლო კანდიდატის სტატუსისგან „მხოლოდ სახელიღა დარჩა".
მისივე ცნობით, ნოემბერში მიიღებენ ვიზების შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც საშუალებას მისცემთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით „შემდგომი ნაბიჯები" გადადგან.
კალასმა კი განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი სიცოცხლისუნარიანი გზა არ აქვს: „ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ".
თბილისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ანგარიშს „გამანადგურებელი" უწოდა, რაც, მისი თქმით, „გამომაფხიზლებელი სიგნალი" უნდა გახდეს.
„ჩვენი მხრიდან, ამ სავალალო სიტუაციის შეცვლის მიზნით ხელისუფლებასთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ. ეს ანგარიში 33 ინსტიტუტის, 9 სააგენტოს მიერ მომზადდა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ იმას, რომ საქართველო წარმატების ისტორიად იქცეს. ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნებაა საჭირო, რომ დაიცვას ის ძირითადი წესები და პრინციპები, რომლებზეც ევროკავშირი დგას", - აღნიშნა ელჩმა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც და განაცხადა, რომ ანგარიშში ორგანულად ერწყმის ერთმანეთს გაცვეთილი პოლიტიკური ბრალდებები, სიცრუე, მტრული რიტორიკა და გამიზნული მავნებლობა. მისი თქმით, „თუკი ვინმეს აქვს უკუსვლა, ეს სწორედ ევროკავშირის დღევანდელი მმართველი ინსტიტუციებია". გარდა ამისა, პაპუაშვილის შეფასებით, „ბრიუსელი დიალოგს გაურბის და ქედმაღლურ ტონს ამჯობინებს".
„ქართული ოცნების" ოპონენტები კი აცხადებენ, რომ „ანგარიშში ასახული უმძიმესი რეალობა კიდევ ერთხელ ცხადყოფს „ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს კონსტიტუციის უგულვებელყოფასა და ეროვნული ინტერესების ღალატს". ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გაუუქმოს.
რა წერია ანგარიშში
2025 წლის გაფართოების ანგარიშში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ 2024 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2025 წლის 1-ლ სექტემბრამდე პერიოდში დაფიქსირდა დემოკრატიის მნიშვნელოვანი უკუსვლა.
„საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიიღო, რაც მნიშვნელოვნად უთხრის ძირს დემოკრატიულ პროცესებს და ფაქტობრივად აუქმებს სამოქალაქო მონაწილეობასა და კონტროლისა და ბალანსის სისტემას. ოპოზიციის რვა წარმომადგენელს 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და მომდევნო ორი წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალათ. ეფექტური საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობამ აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლების ზრდა გამოიწვია", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, „სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული ხმების წინააღმდეგ დაშინება, მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა უფრო ხშირი ხდება". ევროკომისია ხელისუფლებას კურსის შეცვლისკენ და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ მუწოდებს და ასევე ითხოვს, რომ „ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისა და ძალადობის ყველა შემთხვევა ეფექტურად და დროულად უნდა იქნას გამოძიებული".
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის ქმედებების კურსმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და საქართველო გაფართოების პროცესს დააშორა" და რომ 2საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია".
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან მოლოდინებს არ შეესაბამება და 9 ნაბიჯის აღსრულებისადმი მზაობა არ გამოხატა. აღინიშნება, რომ მნიშვნელოვანი უკუსვლა იყო საბაზისო საკითხებში, რაც გამოწვეულია რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სასამართლოს სისტემის პოლიტიკურად გამოყენებით, ოპოზიციონერი ლიდერების დევნით, დემონსტრანტების უკანონო დაკავებებითა და საჯარო სივრცის შეზღუდვით.
„საქართველო მომზადების ადრეულ ეტაპზეა, 2024 წლის მომზადების გარკვეულ დონესთან შედარებით დაბლა და ზედიზედ მეორე წელია, რაც უკუსვლა შეინიშნება. გადახედილი სამართლებრივი ჩარჩო ძირს უთხრის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მთლიანობას და უკან წევს ადრე გატარებულ რეფორმებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში 2025 წლის ივნისში მიღებული ცვლილებები ასუსტებს სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას და საფრთხეს უქმნის ძირითადი სასამართლო ინსტიტუტებისა და მოსამართლეების ანგარიშვალდებულებასა და მიუკერძოებლობას", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, მყარი ერთგულება უნდა აჩვენოს და ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
კანდიდატის სტატუსი
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ახლა არ ჩამოართმევენ, თუმცა, რაღაც დროის შემდეგ, შესაძლოა ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას.
„არ მგონია, რომ ახლა სტატუსი ჩამოგვართვან. არა სასწრაფოდ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ უფრო მოსალოდნელია ლაპარაკი იყოს ვიზალიბერალიზაციიის შეჩერებაზე და ისიც არა სრული მასშტაბით, არამედ ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებზე - ბიზნესმენები იქნება ეს, პროპაგანდისტები, თუ სხვა.
„შეფასება სწორია, სრულია და ძნელია არ დავეთანხმო. სამწუხაროდ, ევროინტეგრაციას კარგა ხანია შევეშვით, მინიუმუმ ერთი წელი მაინცაა. შესაბამისად, კანონებსა და გადაწყვეტილებებს ვიღებთ არა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ოდესმე ევროპაში ინტეგრაციას ვაპირებთ, არამედ ვაპირებთ ინტეგრაციას სხვა მიმართულებით.
„თუ გადაწყვეტილება მიიღეს ისეთი, რითაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სრულმაშტაბიანი იგნორირება მოხდება, ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით. შეუძლიათ არა მარტო გადმორიცხვები შეაჩერონ, არამედ ის, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დასავლეთში არალეგალურადაა და ოჯახებს არჩენს, შეუძლიათ მათი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღონ. ეს იქნებოდა სრული კატასტროფა არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას ეს გაკეთდეს, ჯერჯერობით ამის საფრთხეს ვერ ვხედავ", - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ანგარიშის წაკითხვის შემდეგ შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს ხელისუფლების შესაშინებლადაა დაწერილი.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს საქართველოს ხელისიუფლების შესაშინებლად დაწერილი ანგარიში იყო. ეთქვათ, რომ ეს ბოლო წვეთია და თუ კურსს არ შეცვლის, მოქმედებებში ცვლილებებს არ შეიტანს, მერე შეიძლება უფრო მკაცრი ზომები დადგეს. მარტა კოსის მიმართვაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებთ სასწრაფოდ შეცვალოს ამჟამინდელი კურსიო.
„მოლოდინი მაქვს, რომ ჯერჯერობით მკაცრი ნაბიჯები არ იქნება, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლების ცალკეული პირების მიმართ სავიზო შეზღუდვები შემოიღონ და ამით შემოიფარგლონ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
გაფართოების ანგარიში და შიდა ვითარება
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ქართულ საზოგადოებას გარკვეული დრო სჭრდება იმის გაცნობიერებისათვის, თუ რა ხდება და ამიტომ ეს ანგარიში ჯერჯერობით დიდ პროტესტს არ გამოიწვევს და არც „ოცნება" წავა რაიმე დათმობაზე.
„არ ველოდები, რომ ეს დიდ პროტესტს გამოიწვევს და შესაბამისად „ოცნებაც" ახლა არანაირ დათმობაზე არ წავა. პროტესტი მარტო იმიტომ არაა, რომ „ოცნებამ" ევროპულ გზაზე თქვა უარი. ამას მოსახლეობა ჩვეულებრივად მიიღებს. ჩვენი მოსახლეობა ზოგადად მიჩვეულია იმას, რომ კანონებს და რაღაცეებს გვერდი უნდა აუაროს და ამას აუვლიან გვერდს და ეგ იქნება.
„ქართულმა საზოგადოებამ რომ გააცნობიეროს რა მოხდა, ამას გარკვეული დრო სჭირდება. ამასთანავე, „ოცნება" ცდილობს რეპრესიები გააძლიეროს და სიტუაცია გადააგოროს. თუ შეძლებს, რომ ძალაუფლება გაზაფხულამდე, ან ერთი წლით მაინც შეინარჩუნოს, ეს იმას ნიშნავს, რომ 2028 წლამდე არც არაფერი არ მოხდება", - განაცხადა ძაბირაძემ.
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ თუ რიგითი მოქალაქეებისთვის არ დადგა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე, მხოლოდ ეს ანგარიში საპროტესტო მუხტს ვერ გაზრდის.
„თუ მოქალაქეების მიმართ სავიზო შეზღუდვები არ დადგა, არ მგონია, რომ საპროტესტო აქციები გაიმართოს. მუხტის მომატების მთავარი მოტივატორი იყო ის, რომ მოქალაქეებს შეუჩერდებოდათ უვიზო რეჟიმი და თუ ეს არ მოხდა, მოქალაქეები, დიდი ალბათობით, ქუჩაში არ გამოვლენ. ევროკავშირისგან ასეთი მკაცრი განცხადებები ადრეც მოგვისმენია.
„ვერ გეტყვით „ოცნება" რა დათმობაზე წავა. ეს დამოკიდებულია იმაზე, თვითონ ევროკავშირი „ოცნებასთან" რამდენად შევა დიალოგში ისე, როგორც ჩვენს ხელისუფლებას წარმოუდგენია. კონტაქტები ფაქტიურად ნულზეა დასული. თუ დათმობებზე უნდა წავიდეს, მაშინ ცნობილი კნონები უნდა გააუქმოს, გადადგას ის ზომები, რის გამოც ევროკავშირთან კონფრონტაციაში შევიდა და რანაირად?" - განაცხადა ანჯაფარიძემ.