ნატალია ჯვარიძე
04.11.2025

საკონსტიტუციო სასამართლომ 3 პოლიტიკური პარტიის - ენმ-ის, „კოალიცია ცვლილებებისთვის" და „ლელოს" საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი გამოაქვეყნა. ასევე გაირკვა სარჩელთან დაკავშირებული ზოგიერთი ტექნიკური დეტალი. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარტიების აკრძალვის განხილვა დაევალა მოსამართლეს, რომელიც წარსულში თავად იყო დაკავშირებული ენმ-სთან.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო, სავარაუდოდ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილებს მმართველი გუნდის სარჩელს და აკრძალვა სამივე დასახელებულ პარტიას არ შეეხება.

სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს, რომლის თავმჯდომარე და მომხსენებელი ვასილ როინიშვილი. კოლეგიის შემადგენლობაში არიან: ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და გიორგი თევდორაშვილი.

„ლელოს" წარმომადგენლის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, მოსამართლე როინიშვილი ხელისუფლებაში ენმ-ის ყოფნის დროს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.

„ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროინდელი პარლამენტის წევრები, რომლებიც მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ და ახლა გადმოპორტირებულები არიან „რუსულ ოცნებაში", ახლა ჩვენი, „ლელო - ძლიერი საქართველოს" აკრძალვას მოითხოვენ, მაშინ, როდესაც მე და ჩემი პარტიის უდიდესი უმრავლესობა მაშინაც ოპოზიციაში ვიყავით და ახლაც. ეს ადამიანები საკუთარი საქმიანობის გამო, როდესაც ისინი „ნაციონალურ მოძრაობაში" იყვნენ, ითხოვენ „ლელო - ძლიერი საქართველოს" აკრძალვას.

„ასევე, მთავარია კიდევ ერთი ნიუანსი - ახლა ჩვენს აკრძალვას სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც წარსულში ადეიშვილის მოადგილე გახლდათ. ასეთი სამართალი და სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება თავად საკონსტიტუციო სარჩელს, მასში საუბარია, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაუშვებლად მიიჩნევს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და საქმიანობას, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

ამასთან, სარჩელის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აღნიშნული არაკონსტიტუციური საქმიანობის მიზანი შეიძლება ვლინდებოდეს როგორც ამ პოლიტიკური პარტიის წესდებიდან ან მისი საჯარო განცხადებიდან, ისე მისი ქცევიდან და მის მიერ ჩადენილი ქმედებიდან.

სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ პოლიტიკური პარტიის საქმიანობასა და მის აკრძალვასთან დაკავშირებით მსგავსი მიდგომა აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.

„საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნულ მიდგომებზე დაყრდნობით, სავსებით დასაშვებია დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიტიკური პარტიის აკრძალვა, როდესაც საამისო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით, ამ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილია ის ფაქტები და არგუმენტები, რომლებიც ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის საფუძვლიანობას ადასტურებს. ამასთანავე, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს. წინამდებარე სარჩელში წარმოდგენილია მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ არაკონსტიტუციური მიზნები სწორედ ამ პოლიტიკურ პარტიებს ამოძრავებს.

არაკონსტიტუციურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც საერთო მისწრაფებებით მოქმედი კოალიციური ერთობა და ერთიანი ორგანიზმი შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ, განეკუთვნებიან შემდეგი პოლიტიკური პარტიები: - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" , - მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სარჩელში, რომელიც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ვარაუდობს, რომ მხოლოდ ენმ აიკრძალება.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ მარტო ენმ აკრძალონ და დანარჩენები დატოვონ. წესით „ახლებიც" უნდა დარჩნენ, რადგან ხელისუფლებას ენმ-ის ჩამნაცვლებელი სჭირდება და ამ ფუნქციას „ლელო" ვერ შეასრულებს. ასე რომ, თუ აკრძალვაზე წავიდა საქმე, „ნაცმოძრაობა" გაუქმდება", - თქვა ძაბირაძემ.

ანალიტიკოს პეტრე მამრაძის აზრით, დიდი ალბათობაა იმისა, რომ აკრძალვა „ლელოსაც" შეეხოს.

„მე მიჭირს თქმა, სასამართლომ რა სავარაუდო გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, რადგან სარჩელი იურიდიულ ფაზაშია გადასული. მიჭირს თქმა რა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღონ „ლელოსთან" დაკავშირებით, მაგრამ რომ არა საკმარისი მტკიცებულებები, („ლელოს" აკრძალვის მოთხოვნას) არ წარადგენდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში", - აღნიშნა მამრაძემ „რეზონანსთან".

მისივე თქმით, გარეშე ფაქტორები, როგორიცაა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია და დასავლეთის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება პარტიების შესაძლოა აკრძალვასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს უფლება არ აქვთ ანგარიში გაუწიონ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებულ ვითარებას და მათ დამოკიდებულებას. ეს კანონით არის აკრძალული. აქ საუბარია იმაზე, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები პარტიების აკრძალვაზე. მე ვაკვირდები და „ლელო" რაც შეიქმნა, იქიდან ვხედავ, რომ ის ანტიეროვნული ძალაა", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი, „საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენას მხოლოდ ივანიშვილი ახდენს. ის, რასაც ჩათვლის საჭიროდ, იმას გადაწყვეტს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×