მარიამ ვეკუა
04.11.2025

პარლამენტის წინ „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გედევან ფოფხაძისა და რამდენიმე აქტივისტის შიმშილობა მე-8 დღეა გრძელდება. ისინი ახალ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ფოფხაძე ამ აქციით ცდილობს „თავი შეახსენოს" საზოგადოებას. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ შიმშლობის აქცია ჯერჯერობით ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე.

როგორც გედევან ფოფხაძე მედიასთან აცხადებს, შიმშილობის მთავარი მიზანი ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის გაფართოება და გაძლიერებაა.

„მე-8 დღეა შიმშილობის. უკვე 2 ადამიანი შემოგვიერთდა. ამ მომენტისთვის 8 ადამიანი ვშიმშილობთ - 7 აქ, პარლამენტის წინ, ხოლო ერთი - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისათვის დამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებული პრობლემები არ გვაქვს, მხნედ ვგრძნობთ თავს. მიგვაჩნია, რომ ეს აქცია უნდა გაფართოვდეს და გაძლიერდეს, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური გარემო არ შეიცვლება. პარლამენტი, რომელიც არალეგიტიმურია და ამდენი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, გამორიცხავს ქვეყნის სამართლებრივ, სამართლიან და ჯანსაღ განვითარებას.

„ამ აქციას პოლიტიკური მიზანი აქვს, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ უნდა იყვნენ და ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იქცეს მთავარ პოლიტიკურ ამოცანად და ამ მიზნების აქტუალიზაცია მოხდეს. მარტო შიმშილობის აქცია ამ შედეგს ვერ მოგვაპოვებინებს, რადგან მეორე მხარეს არის კორუმპირებული, არალეგიტიმურ ყაჩაღთა, ვერცხლის მოყვარულთა კლუბი, რომელიც ამ ქვეყანას ძარცვავს. თავისი ნებით ისინი ამას არ დათმობენ, უნდა გაჩნდეს საპროტესტო დინება, რომელიც იბრძოლებს, დაანგრევს და ძირს გამოუთხრის მათ, რომელიც შემდგომ გაერთიანდება და წალეკავს კორუმპირებულ და არალეგიტიმურ რეჟიმს", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გედევან ფოფხაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას 28 ოქტომბერს მიმართა. მასთან ერთად შიმშილობა გამოაცხადეს დარეჯან ცხვიტარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა. მათი მოთხოვნაა, „გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები".

საინტერესოა, რომ 27 ივნისს ფოფხაძემ, „დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიასთან ერთად, ერთხელ უკვე გამოაცხადა შიმშილობა. მაშინ მოშიმშილეები ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტირებასა და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას ითხოვდნენ, თუმცა 30 ივნისს შიმშილობა შეწყვიტეს,

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეს აზრით, მოშიმშილეების მოთხოვნათა დაკმაყოფილება საეჭვოა და თავად შიმშილობა მიმდინარე პროტესტზე რაიმე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს:

„იგივე მოთხოვნებით იმართება ამდენი ხანია აქციები და რამე შედეგი ამ აქციებს ჰქონდა? ამ შიმშილობამ რა შეიძლება დაამატოს? ლოგიკურადაც არ უნდა ელოდებოდე რაიმე კონკრეტულ შედეგს ან ერთ ან მეორე შემთხვევაში. დავუშვათ გაათავისუფლა სახელმწიფომ პატიმრები, ესე იგი ამით სახელმწიფო ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პატიმრებია? პოლიტიკური მოტივით არიან დაჭერილები და არა იმიტომ, რომ ქუჩა გადაკეტეს? ასე რომ, თვითონ მოთხოვნაშია ჩადებული ისეთი ფორმულირება, რომელიც საჭვოს ხდის, რომ სახელმწიფომ ეს მოთხოვნა შეასრულოს."

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი წინასწარი ვარაუდებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ შედეგი შესაძლოა ადრე თუ გვიან დადგეს.

„როცა ადამიანი პროტესტს მიმართავს, მას იმედი აქვს, რომ შედეგი ან ადრე დადგება, ან გვიან. ვნახოთ. მე არ ვარ ისე განწყობილი, რომ ამას აზრი არ აქვს, თუმცა შიმშილობას და პროტესტის ამ ფორმას დიდად არ ვემხრობი. ჭკვიანმა ხელისუფლებამ რაღაც ყურადღება უნდა მიაქციოს, როცა ამდენ ხანს ასეთი პროტესტია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×