"ქვეყანაში სწვლისა და საქმინობის გაგრძლების მსურველები კი გაცილებით სწრაფად ჩაერთვებიან ეკონომიკურ პროცესებში"
ირმა ჩიტაია
03.11.2025

მოსწავლეებს, ვისაც სურთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება და 12-წლიანი სკოლის დამთავრება, სახელმწიფო დააფინანსებს. ცალსახაა, რომ ასეთი ალტერნატივა კარგია, მათთვის ვინც თავისი ცოდნის გაღრმავებას ევროპის ქვეყნებში ფიქრობს. რაც შეეხება სასაწავლო ბარიერის დაწევას, სფეროს სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 11 კლასის შემოღება შრომით ბაზარს გამოაცოცხლებს და ახალგაზრდების დროულ დასაქმებას ხელს შეუწყობს. ნაწილი კი ამ დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ არ შეიძლება განათლების რეფორმა ბიზნესის საჭიროებებზე დაიგეგმოს. 

კანონის ამოქმედებიდანვე შესაძლებელი გახდება ახალგაზრდების ერთი წლით ადრე დასაქმება. საინტერესოა შრომის ბაზრისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ასაკობრივი ბარიერის დაწევა, რას უპირატესობას ქმნის ახალი სისტემის ამოქმედება ეკონომიკისთვის და თავად ახალგაზრდებისთვის. 

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბავშვებმა, რომელთაც უცხოეთში სწავლის სურვილი აქვთ, 12-წლიანი განათლების მიღება საქართველოში შეეძლონ. ქვეყანაში იქნება კერძო სკოლები, სადაც 12-წლიანი სწავლება შენარჩუნდება, ხოლო საჯარო სკოლებში სპეციალურად მე-12-ე კლასები ჩამოყალიბდება, სადაც მოსწავლეთა განათლებას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

ვეფხვაძის შეფასებით, რეფორმის მთავარი მიზანი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან განათლების სისტემის დაახლოებაა.

"შრომის ბაზარზე გარკვეული აცდენაა მოთხოვნა-მიწოდებას შორის. ახალი რეფორმის მიხედვით კადრები, რომელსაც უმაღლესი სასწავლებლები მოამზადებენ, შრომის ბაზარზე არსებულ გამოწვევებს უპასუხებენ. ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პრობლემა არსებობს და გადაჭრის გზა არის ის რეფორმა, რომელსაც ბოლო დღეებში ვისმენთ", - განაცხადა ვეფხვაძემ.

ახალი მიდგომა ეკონომიკისთვის კარგია და ვინც სწავლის გაგრძელებას უცხოეთში არ აპირებს, ის უფრო სწრაფად ჩაერთვება ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ადასტურებს, რომ მოსწავლეებს არჩევანის შესაძლებლობა მიეცემათ.. 

,,ვისაც ევროპაში უნდა სწავლის გაგრძელება, მათთვის მეთორმეტე კლასის ალტერნატივა ექნება, ხოლო ვინც აქ დარჩება, ის გაცილებით სწრაფად ჩაერთვება ეკონომიკურ პროცესებში. მოზარდი თუ გადაწყვეტილებას მიიღებს, შეუძლია პროფესიულში წავიდეს. მათაც შეუძლიათ იქედან შემდგომ უმაღლესში ჩააბარონ, თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ. მოკლედ, არანაირი ბარიერი აღარ იქნება. ვისაც უნდა უცხოეთში წასვლა, ის სწავლის დამატებით საფეხურს გაივლის, მაგრამ ვისაც ამის მიზანი არა აქვს, ის დროულად დასაქმდება.

ჩემი აზრით ეს სწორი ხედვაა. რაც შეეხება შრომით ბაზარს, ყველაზე მეტი მოთხოვნა სამშენებლო  და ჰორეკა სექტორშია. ამ კუთხით გადამზადების ცენტრებიც გვაქვს, ბევრი უფასო სასწავლებელიცაა, სადაც სახელმწიფო დაინტერესებულებს ვაუჩერებით აფინანსებს. პარალელურად, დუალური განათლებაც ძალაშია და ვინც ჩართულია, იმ პროგორამით ამეცადინებენ, რაც სჭირდებათ. საჟირებასაც გადაიან, რაც ანაზღაურებადია. მოკლედ, ეს სისტემა ნელ-ნელა ამუშავდა. მთელი ლოგიკა იმაშია, რომ ქვეყანაში დამრჩენები ტყუილად არ მოცდნენ და ის 1  წელიც არ დაკარგონ. 

ეს გარემოება ახალგაზრდა კადრების დროულ დასაქმებას ხელს შეუწყობს. ამიტომაც, ეს მიდგომა ცალსახად უფრო წინგადადგმული ნაბიჯია. ვინც არ აპირებდა სასწავლებლად წასვლას, ის უფრო იჩაგრებოდა, რადგან სკოლაში ბოლო წელი ტყუილად უნდა ევლო. ჩათვალეთ, რომ ერთ წელს იგებენ. დღევანდელი განვითარების პირობებში ეს ძალიან დიდი დროა. ამით მოზარდები უფრო მეტ სარგებელს მიღებენ", - აღნიშნა მიხეილ ჭელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.  

ის, რაც ბიზნესისთვის კარგია, მიუღებლად და არასწორ ნაბიჯად მიაჩნია ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს. მს მიაჩნია, რომ მთავრობამ განათლების რეფორმა ეკონომიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს. რაც შეეხება ბიზნესს, ამ თემებთან მიმართებაში საერთოდ არ დაელაპარაკოს.

,,მთავრობას ვურჩევდი, როდესაც განათლების რეფორმას ატარებენ, ბიზნესმენებს საერთოდ არ დაელაპარაკონ. რას ეტყვის ბიზნესი ამ კუთხით? ცალსახაა, მას სჭირდება იაფი და გაუნათლებელი მუშახელი ტურიზმი იქნება თუ მომსახურების სფეროში. ამიტომაც, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განათლების რეფორმის დაგეგმვა ბიზნესის იმ საჭიროებაზე რაც ახლა არის.

ცუდი მდგომარეობა რომ გვაქვს განათლების სისტემაში, ეს ცალსახაა. თუ იგივე რეფორმა ჩავატარეთ და ისევ ბიზნესმა უკარნახა, რეფორმას აზრი არ ექნება. როგრო ფიქრობთ, რომელი ბიზნესმენი ეტყვის მთავრობას, რომ მეცნიერი, ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნე და ა.შ. მჭირდებაო? მთავრობამ განათლების რეფორმა ეკონომიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს. 

საუბარი იმაზე, რომ მეთერთმეტე კლასელი, როგორც კი სწავლას მორჩება, სამსახურს იპოვის არასწორია. რა სამსახურს  იპოვის გაუნათლებელი ადამინი, რომელსაც სკოლის გარდა არაფერი გაუვლია? რა თქმა უნდა, მას ექნება დაბალშემოსავლიანი ანაზღაურება, რომელიც ცხადია ბიზნესისთვის კარგია. მას იაფი მუშახელი ეყოლება და პირობითად, ინდოელებს აღარ დაასაქმებენ", - განუცხადა ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

მისივე თქმით, საჭიროა მაღალი ეკონომიკური პირობები, ჯანდაცვა, განათლება და კარგი ქვეყანა, რომ მოსახლეობამ აქ ცხოვრება განაგრძოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ და ვერც მიგრაციას შევაჩერებთ. 

,,ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ კვალიფიციური კადრები გვყავდს და მათთვის საჭირო სამუშაო პირობები გვქონდეს. ამიტომაც, მაღალტექნოლოგიური სექტორების განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ, სადაც კვალიფიციური ადამიანები დაგვჭირდება. ამ დროს ჩვენი ეკონომიკა იმაზეა ორიენტრირებული, რომ მას სჭირდება დაბალკვალიფიციური, დაბალხელფასიანი მუშახელი. ამიტომაც გარბიან ჩვენები საზღვარგარეთ. 

არ მინდა ეს  ქვეყანა მომსახურე ქვეყანა იყოს. ჩამოდოდნენ მდიდარი არაბი ინვესტორები და ქართველები მხოლოდ მათი მომსახურეები ვიყოთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიები, კომპანიები, რომელითაც თავს დავიმკვიდრებთ. ბევრი პატარა ქვეყანაა, მაგალითად, იგივე ფინეთი, რომელიც  ახერხებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ერი იყოს. ან ასე უნდა განვვითარდეთ, ან იაფ მუშახელად დავრჩეთ", - დასძინა ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობა განათლების რეფორმას იწყებს. რამდენიმე კვირის წინ გამართულ პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სკოლების ნაწილი 11-წლიან სწავლებაზე გადავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×