
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმეები დაკითხეს. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა.
პროკურატურა მიქაუტაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ის 20 ივნისს დააკავეს.
„ორივე მოწმემ ცალსახად აღნიშნა, როგორც სხვა დანარჩენმა მოწმეებმა, რომ როდესაც ისინი თითქოს და უთითებდნენ გამოძიების ეტაპზე გავლენების გამოყენებაზე, ისინი არ გულისხმობდნენ არაფერ უკანონოს. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამგვარი მოწმეებით ვერ დადასტურდება ის აბსურდული ბრალდება, რაც წარდგენილი აქვს ბატონ რომეოს ბრალად“, - აცხადებს ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე.
პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ შემდგომშიც გაგრძელდება მტკიცებულებების წარდგენა.
„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რომეო მიქაუტაძეს ვედავებით სხვა მუხლებთან ერთად სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას და ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა ცალსახად დააფიქსირა, რომ როდესაც რომეო მიქაუტაძე მათ შორის, თანამდებობაზე, აქტიურად მონაწილეობდა ამ კომპანიის საქმიანობაში. ასევე, დაიკითხა მეორე მოწმე, რომელმაც დაადასტურა ასევე, რომ რამდენიმე კომპანიაში, რომეო მიქაუტაძე ფლობდა წილებს, ასევე ნაწილი წილების ჰქონდა გაფორმებული თავის ნათესავებზე. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მტკიცებულებების წარდგენას და დავადასტურებთ, რომ რომეო მიქაუტაძე მონაწილეობდა სხვადასხვა კორუფციულ სქემებში და განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით 8 მილიონ 400 ათასი ლარის“, - აცხადებს ირაკლი მარშანია.