თამთა ჩაჩანიძე
03.11.2025

გასული წლის 28 ნოემბრიდან ქვეყანაში უწყვეტი აქციები მიდის, რომლის თავდაპირველი მოთხოვნააა ახალი საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ შეუფერხებლად სვლა. ამ დრომდე "ოცნებას" ახალ არჩევნებზე საუბარიც კი არარეალურად ეჩვენება და არც იმ კანონების გაუქმებას აპირებს, რაც ევროკომისიამ ერთი წლის წინ 9 რეკომენდაციაში მოაქცია.

თუმცაღა, ამის მიუხედავად ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ უწყვეტ გამოსვლებმა თავისი როლი ითამაშა. ნაწილი კი ფიქრობს, რომ "ეს უბრალოდ წყლის ნაყვა" იყო.

უწყეტი პროტესტის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა. როგორც მან 2024 წლის 28 ნოემბერს განაცხადა, "მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი".

უწყვეტი პროტესტის შედეგები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უწყვეტმა პროტესტმა თავისი როლი ითამაშა, დიდი გავლენა ჰქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარე პროცესებზე, მიუხედავად იმისა, რომ მთავარ მოთხოვნას "ოცნება" უგულებელყოფს.

"პროტესტმა რამდენიმე რამ მოიტანა, პირველ რიგში "ქართულმა ოცნებამ" გამოაჩინა საკუთარი თავი, რომ ანტიეროვნულ პოლიტიკას ახორციელებს. თუნდაც დაკავებებმა, დაჯარიმებებმა, ხალხის ცემამ, დასახიჩრებებმა ავტორიტარული მეთოდები უფრო გამოკვეთა, რომ განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

"ამ პროტესტმა უფრო გამოაჩინა, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ წავიდა - უწყვეტი გამოსვლები რომ არ ყოფილიყო, ეს კი ჩანდა, მაგრამ ისე არა, როგორც დღეს. ბევრმა ადამიანმაც გამოაჩინა საკუთარი სახე, სამწუხაროდ, საზოგადოება დღეს დაყოფილია, ე.წ. გრუზინებად (საბჭოთა აზროვნების მქონე ადამიანი, რომელიც საკუთარ სარგებელზე ფიქრობს და არანაირი მოქალაქეობროვი პასუხისმგებლობა არ გააჩნია) და ქართველებად (რომელიც პირველ რიგში ქართული და ევროპული ღირებულებებისთვის და მართლა ქართული ტრადიციებისთვის იბრძვის). თანამედროვე ქართული რეალობის მტკივნეული მომენტი გამოჩნდა, რომ თავად საზოგადოებაც დაყოფილია.

"ამ პროტესტში გამოჩნდა, რომ ერში არის ჯანსაღი დემოკრატიული ძალები, რომლებიც მზად არიან ქვეყნის კეთილდღეობისთვის იბრძოლონ და სოცხესა და სიცივეში იდგნენ. პროტესტმა დაანახა მსოფლიოს, თუ როგორია "ოცნების" მმართველობა, ასევე ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენა.

"ოცნება" იზოლაციაში მოექცა, მათ არსად არ იწვევენ და ეს გარკვეულწილად ამ პროტესტის დამსახურებაა. მეორეს მხრივ მსიფლიომ ისიც დაინახა, რომ ქართველებში არსებობს ის პოტენციალი, რომ თავისუფლებისთვის იბრძოლოს. ვფიქრობ, ამ პროტესტით "ქართული ოცნება" რეალურ სანქციებს უფრო მიუახლოვდა",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უწყვეტი პროტესტი უაზრო წყლის ნაყვაა, რადგან "ოცნება" ახალ არჩევნებზე წამსვლელი არაა.

"ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას ამ პროტესტმა ის შედეგი მოუტანა, რომ საბოლოოდ ქუჩაში დაახლოებით 50-დან 100-120 კაცამდეა დარჩელი და უმიზნოდ ზემოთ-ქვემოთ დარბიან. ვურჩევდი, რომ უკეთესი იქნება ჭკუას მოუხმონ, მიაფურთხონ იმ ძალებს, რომლებიც მათ ამისათვის აიძულებენ და აფინანსებენ და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს შეუდგნენ.

"ეს უაზრო წყლის ნაყვაა მეტი არაფერი. მათი პირველი მოთხოვნა ახალი არჩევნებია, ახალი არჩევნები 2028 წელს იქნება, მანამდე არცერთი შემთხვევისთვის, ვინაიდან ამ ხალხმა, ვინც ქუჩაში დგას, ერთი მაგალითიც ვერ მოიტანეს და ერთი დოკუმენტიც კი ვერ დადეს, რომ არჩევნები გაყალბდა.

"მეორეც, საქართველოში არავითარი პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. არიან პატიმრები, რომლებიც ქვეყნის კონსტიტუციას არღვევენ და სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან, ისვრიან მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს, ცოცხლად წვავენ პოლიციალებს და ა.შ. ისინი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და არა პოლიტპატიმრები",-განაცხადა გვენეტაძემ.

პროტესტის გაგრძელების პერსპექტივა

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქციები და ბრძოლა სხვადასხვა ფლანგზე კვლავ გაგრძელდება.

"ვფიქრობ, აქციები და ბრძოლა კვლავ გაგრძელდება. გზის გადაკეტვა ყოველთვის არაა აუცილებელი, თუნდაც ტროტუარზე დადგეს და იქ გააპროტესტოს. ბრძოლა სხვადასხვა ფლანგზე შეიძლება გაგრძელდეს, ერთის მხრივ საპროტესტო აქციებით, ასევე სოც ქსელებში აქტიურობით, რეგიონებში გასვლით და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებით, თუ რა საფრთხეს უქმნის "ქართული ოცნება" და ასეე მუშაობით დასავლელ პარტნიორებთან.

"28 ნოემბერსაც დიდ აქციას ველოდები, როგორც მაგალითად 4 ოქტობერს და 26 ოქტომბერს იყო",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყოველდღიურ გამოსვლებს პერსპექტივა არ აქვს.

"არავითარი პერსპექტივა არ აქვს და ეს არის პროტესტი პროტესტისათვის. ახალი კანონის მიხედვით, განმეორებით გზის გადაკეტვის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება. თუ ამ უაზრო პროტესტის გამო ამაზე წავლენ, კი ბატონო, მიბრძანდებიან ე.წ. ვირის აბანოში. ვფიქრობ, საბოლოოდ პროტესტი შეწყდება.

"28 ნოემბერსაც გამოვლენ, კი ბატონო, შეიკრიბებიან, თუმცა არავითარი ხალხმრავლობა არ იქნება, ასე 26 ოქტომბერსაც ელოდებოდნენ, მაგრამ ვნახეთ რამდენი გამოვიდა, ზუსტად იგივე სიტუაცია იქნება 28-შიც, კიდევ უარესიც",- განაცხადა გვენეტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×