რეზონანსი
03.11.2025

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის შეფასებით, ევრონესტის რეზოლუცია რეალობას აცდენილია. მახაშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფების მიზანია საქართველოს ინტერესები დააზიანონ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ.

„რა თქმა უნდა, ევრონესტის რეზოლუცია რეალობას სრულიად აცდენილია. ეს ჩვეულებრივი ვიწრო დღის წესრიგის ნაწილია. პოლიტიკური ჯგუფების, ვისგანაც ევროპარლამენტარები შედგებიან, მიზანია საქართველოს ინტერესები დააზიანონ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ - ევროპარლამენტში, PACE-ში თუ სხვაგან. ამის საპასუხოდ კონკრეტული მტკიცებულებები და არგუმენტები გვაქვს. საქართველოს დელეგაცია ევრონესტზე სწორედ იქიდან გამომდინარე არ იმყოფებოდა, რომ ვხედავდით, პროცესი სრულიად უსამართლოდ მიდიოდა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა აბსოლუტურად არარელევანტური იყო. ახალი არ არის, რომ ზოგიერთი ევროპარლამენტარი გამორჩეულია. მათი პოლიტიკური ოჯახის წევრია ის რამდენიმე პარტია, რომლის აკრძალვის სარჩელიც საკონსტიტუციო სასამართლოში გვაქვს შეტანილი, რადგან ისინი არიან ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟის პროცესში ჩართული. ამ საბოტაჟს ყველგან აგრძელებენ, სადაც ხელი მიუწვდებათ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე უარი თქვა. საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა აღნიშნულთან დაკავშირებით ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართა, სადაც განმარტებული იყო, რატომ შეიკავა თავი საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან. როგორც მახაშვილმა განმარტა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: ევრონესტის სესია ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და არ მონაწილეობენ საქართველო და აზერბაიჯანი, ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის ქცევაში რაღაც არასწორია“. მისივე თქმით, „სინამდვილეში, „ენჯეოშნიკების“ საფარქვეშ ჰყავთ მიწვეული „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“, „დროას“ პარტიის წევრები“.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×