მარიამ ვეკუა
03.11.2025

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება - თბილისში ამ დოკუმენტს განსხავავებულად უყურებენ, ხელისუფლება ამბობს, რომ ბრიუსელიდან სამართლიანი მიდგომის იმედი მინიმალურამდეა დაყვანილი, ხოლო ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ქვეყანა პოლიტიკური იზოლაციისკენ მიექანება და ვიზალიბერალიზაციის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 4 ნოემბერს საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდება.

„ის იქნება ძალიან გრძელი და არსებითი დოკუმენტი, წარმოდგენილი ევროკომისიის მიერ, სადაც დეტალურად აღწერილი იქნება, რა მოხდა საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ,...4 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, ...ამავე დღეს, 4 ნოემბერს, მეც გავმართავ პრესკონფერენციას თბილისში იმისთვის, რათა გავცე დეტალურ კითხვებს პასუხი, რამდენად კარგად ან ცუდად მუშაობს საქართველო", - აღნიშნა ელჩმა.

„ჯერ 4 ოქტომბერი დაგმონ"

პარლამენტის თვმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სანამ ბრიუსელში საქართველოზე რამეს იტყვიან, პირველ რიგში ევროკომისრები უნდა გამოვიდნენ, „დაგმონ და გაემიჯნონ იმ ძალადობრივ შტურმს, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ, 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელდა".

„ქართველი ხალხის მოლოდინი არის, რომ მანამ, სანამ საერთოდ რამეს იტყვიან საქართველოზე, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, დაგმონ და გაემიჯნონ ძალადობრივ შტურმს პრეზიდენტის სასახლეზე, ვინაიდან, მათ შორის, 4 ოქტომბრის ორგანიზებაში ჩართულნი იყვნენ ევროკავშირის, ბრიუსელის მხრიდან დაფინანსებული ორგანიზაციები, მათ შორის, მედია ორგანიზაციები და ასევე, შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის პარალელურად ბრიუსელის სხვადასხვა წარმომადგენელი სოციალური ქსელით ამხნევებდა და მხარს უჭერდა ამ ძალადობას.

...ვხედავთ ჩვენ, რომ სამართლიანი მიდგომების მოლოდინი, სამწუხაროდ, სულ უფრო მცირდება. ბოლო პერიოდში ბრიუსელი განიცდის ღირებულებით უკუსვლას და სრულად აცდენილია საერთო ევროპულ ღირებულებებს. ისინი ვიწრო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნებით უყურებენ საქართველოს. ეს არის ბრიუსელში პოსტსაბჭოთა გავლენების სამწუხარო შედეგი, წამყვან პოზიციებზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა მენტალიტეტით უყურებენ საქართველოს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

„ევროპის სახელით გველაპარაკებიან"

პაპუაშვილმა აქცენტი გააკეთა ევრონესტის საპარლამენტი ასამბლეის მიღებულ კრიტიკულ რეზოლუციაზეც.

„ევროპის სახელით გველაპარაკებიან პოსტსაბჭოთა ადამიანები - გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენე და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც ახლა გერმანელ დეპუტატად წარმოგვიდგენენ - რა არის ეს თუ არა ის მომენტი, როცა ადამიანი შეიძლება საბჭოთა კავშირიდან გამოიყვანო, მაგრამ საბჭოთა კავშირი ვერ გამოიყვანო ადამიანიდან, „

„ეს ადამიანები საქართველოს ზუსტად ისეთივე საბჭოთა სტილით უყურებენ. ჰგონიათ, რომ ქართველი ხალხი მათი მოსათვინიერებელია. ჩვენ გორბაჩოვის თანამებრძოლი რასა იუკნევიჩიენესა და ასტრახანში დაბადებული და გაზრდილი სერგეი ლაგოდინსკისგან ევროპელობაზე ჭკუა არ გვესწავლება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის სერიოზული უკუსვლა აჩვენა".

„ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა"

ოპოზიციაში საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმებაზე, გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ქვეყანა თანდათან თვითიზოლაციაში ექცევა.

„სწორად და ადეკვატურად არის აღქმული ის, რომ „ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა თვითიზოლაციაში ექცევა, თუმცა, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა იმასთან დაკავშირებით, რომ შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციას არ შეხებოდა. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზეც რომ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენმა ხალხმა დაიმსახურა, არაფერი შეეხოს, რადგან ამით ჩვენი ხალხი დაზიანდება", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკოსი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბრობს, მავნებლობაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვიზალიბერალიზაციას შეზღუდვები არ შეეხოს, რადგან ეს ჩვენ ქვეყანასა და მოსახლეობაზე პირდაპირ იქონიებს გავლენას. ამით ზიანდება ჩვენი ხალხი. შესაბამისად, ის თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს იმაზე, რომ დიახ, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, არის მავნებლობა, რომელსაც ქართველი ერი არ იმსახურებს და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შეზღუდვები ვიზალიბერალიზაციაზე არ გავრცელდეს და ჩვენ ხალხს არ შეეხოს", - განაცხადა ხვედელიანმა.

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი კი ფიქრობს რომ 4 ნოემბერს კრიტიკული განცხადებები გაკეთდება, რადგან, მისივე თქმით „ოცნებამ" არცერთი ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

„ქართული ოცნება" თავის მართლების ეტაპიდან აგრესიის ეტაპზე გადავიდა. გვესმის ლანძღვა-გინება და დადანაშაულება, რომ სხვადასხვა ტიპის სტანდარტი არსებობს, რომ საქართველო და „ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს და ამას ვერავინ ხედავს. ეს ხდება ყველა ფრონტზე, რომელიც დასავლეთსა და ევროპას ეხება, იგივე ხდება ევროპის საბჭოსთან, „ეუთოსთან", „ევრონესტთან" დაკავშირებით. „ევრონესტი" დიდი ასამბლეა არ არის, თუმცა იქ არიან ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან, ასევე ევროპარლამენტის დელეგაცია.

„ოცნება" უკმაყოფილოა, რადგან რა ვალდებულებებიც აიღეს, ასევე კონსტიტუციური ვალდებულება, არცერთს არ ასრულებენ. მათი მხრიდან რეკომენდაციების შესრულებაზე კი არა, სრულიად დემოკრატიაზე უარის თქმაზეა საუბარი. მტკივნეული და სამწუხაროა, როდესაც საუბარია კანდიდატ ქვეყნებზე, საქართველოზე საუბარი არ არის, ან თუ არის - უარყოფით კონტექსტში",- განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×