
პრემიერი ირაკლი კობახიძე მთავრობის დელეგაციასთან ერთად შანხაიში გაემგზავრა, მას ჩინეთის პრემიერი ლი ციანი მასპინძლობს. გარდა ამისა, კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში, სადაც მთავრობის ინფორმაციით, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსითაა წარმოდგენილი.
მთავრობის იფორმაციით, ქართულ დელეგაციაში კობახიძის გარდა შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიაში, სადაც საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანია იქნება წარმოდგენილი",- აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ორი ქვეყნის ინტერესები ურთიერთობებში
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩინეთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვის გარანტიებს ქმნის, თუმცა, ეს არ უნდა მოხდეს აშშ-სა და ევროპასთან ურთიერთობების დაკნინების ხარჯზე.
"ჩინეთს საქართველოში ინტერესი უკვე კაი ხანია გაუჩნდა. სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ხემოწერილი მემორანდუმი არსებობს. პირველ რიგში ეკონომიკური ინტერესია, რუსეთთან დაწესებული სანქციების პირობებში, შუა დერეფანს ჩინეთის კომპანიები იყენებენ და საქონელს ევროპაში ჰყიდიან საქართველოს გავლით. ინტერესი პირველ რიგში ევროპა-აზიის დერეფანი და მასთან დაკავშირებული საკითხებია.
"ამის გარდა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს და ალბათ გაზრდის პოტენციალი არის. ასევე, ანაკლიის პორტი, ჩინეთი ცდილობს შავ ზღვაზე ფეხი დადგას. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც და სტრატეგულადაც, რადგან შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან კარგ ურთიერთობებს ავითარებს და უნდა, რომ რეგიონში აქტორი იყოს, ამიტომ, ანაკლიის პორტი მისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო, როგორც გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა, ჩინეთისთვის იტერესს წარმოადგენს.
"ჩვენთვის რა ინტერესია - შეიძლება ჩინეთი გამოგვადგეს, როგრც საპირწინე მაგალითად რუსეთის ზეწოლის პირობებში, როგორც შუა აზია იყენებს. შუა აზიის უსაფრთხოება უკვე მნიშვნელოვანწილად ჩინეთთან ურთიერთობით და ჩინეთის დამოკიდებულებით განისაზღვრება. რუსეთი შუა აზიის ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციას მარტივად ვერ მოახდენს, ეს განსაკუთრებით ყაზახეთს ეხება, რადგან იქ უკვე ჩინეთი პოლიტიკურ როლს თამაშობს და ამის უფლებას არ მისცემს.
"ამ კონტექტში, ჩინეთთან კარგი ურთიერთობა ჩვენთვისაც გარანტიებს ქმნის რუსეთთან მიმართებაში, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება არ უნდა მოხდეს აშშ-სა და განსაკუთრებით ევროპასთან ურთიერთობების დაკნინების ხარჯზე",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჩინეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის ეს კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს პრემიერების დონეზე. ჩინეთის დღევანდელი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ჩინეთის პრემიერთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, აქვს "ერთი გზა - ერთი სარტყელი", საქართველო კი ამ მხრივ ისტორიულადაა დაკავშირებული, აბრეშუმის გზის ერთ-ერთი შტო ჩვენზე გადიოდა.
"ბოლო წლების მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არა ჩინელების ქოლგა, ანაკლიის პორტის მშენებლობა არც დაიძვრებოდა. იქ საოკუპაციო ხაზია და რუსეთის ხომალდები დგას და ვერავინ ვერ გაბედავს ამის ამოქმედებას. ამერიკელებს ეს ამბავი არც კი უსინჯავთ, ეს მათთვის დახურული თემა იყო, ჩინეთს ეს შეუძლია და დაიძრა კიდეც.
"ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ხელი მოწერილია, საქართველო და ჩინეთი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ. საქართვლო აღიარებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია, ეს ჩვენს ურთიერთობას ამყარებს და ამ მხრივ პოტენციალი ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ჩვენი მასშტაბები შეუდარებელია მილიარდნახევრიან ქვეყანასთან, მაგრამ ჩვენ ისეთ გზაჯვარედინზე ვართ, რომ ჩინეთის ინტერესი შემთხვევითი არაა.
"როცა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და აქ რუსული სამხედრო ბაზები დგას, პრაქტიკულად ვერც დასავლეთი და ვერც აშშ რაიმე მეტ-ნაკლებად სერიოზულ მონაწილეობას ვერ ბედავდნენ ეკონომიკაში, მშენებლობაში, თუ ინვესტიციებში, ჩინეთს ეს პრობლემა არ აქვს. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე მთელს ევროგაერთიანებას",- განაცხადა მამრაძემ.
ჩინეთი, აშშ-ევროპა-საქართველოს ურთიერთობაში
კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ არც აშშ-სა და არც ევროპას არ მოსწონს, რომ საქართველო ჩინეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ ექცევა.
"აშშ, ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას რა თქმა უნდა ვერ დაგვიშლის და არც აქვს ასეთი ინტენცია, მაგრამ ამერიკას რა თქმა უნდა არ მოსწონს, ჩვენ თუ პოლიტიკურად ჩინეთის გავლენის ქვეშ ვექცევით. ეს გამოიხატება მაგალითად დემოკრატიული ნორმების უგულებელყოფაში, რასაც ჩინეთი მხარს თუ არ უჭერს, ყოველ შემთხვევაში, არავითარ წინაარმდეგობას ამას არ უწევს. ის ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში გარკვეულწილად ხელს უწყობს კიდეც, ჯერჯერობით სხვადასხვა გამონათქვამებით, გარკვეული ნარატივებით და ა.შ. ამ კონტექტში, რა თქმა უნდა ჩინეთთან სტრატეგიული დაახლოება ამერიკასთან წინააღმდეგობაში მოდის.
"რაც შეეხება ევროპას, მას ჩინეთთან ცუდი ურთიერთობები არ აქვს და ცდილობს დაბალანსებული პოლიტიკა გაატაროს, აქაც დიდი პრობლემა არაა, მაგრამ სერბეთმა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას უახლოვდება, ხელი მოაწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან. ამას ევროკავშირი კრიტიკით გამოეხმაურა და სთხოვს, რომ ეს შეთანხება გააუქმოს. ევროკავშირს არ მოსწონს ის, რომ ჩინეთი ცდილობს ეკონომიკურად თავის გავლენის ქვეშ მოაქციოს და თავისი ეკონომიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ქვეყნები, ხშირ შემთხვევაში, ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების საზიანოდ. ამიტომ აქაც გარკვეული რისკები არის, რომ ევროკავშირს არ მოეწონოს, როგორც ჩვენი ურთიერთობები ვითარდება ჩინეთთან",- განაცხადა გოგოლაშვილმა.
პეტრე მამრაძე კი გვეუბნება, რომ ჩIნეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკისთის პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველოს ანგარიში გაუწიოს.
"როცა ჩინეთს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს და ჩინეთი ის ქვეყანაა, რომელმაც აშშ-ს ტარიფებისგან უკან არ დაიხია, პირიქით, იმ ტარიფების გაუქმება მოუწიათ და პრაქტიკულად უკანდახევა, რადგან დღეს ჩინეთს ოქროს მარაგი ათჯერ აქვს გაზრდილი და აშშ-მა მოახერხა და ათ თვეში ორი ტრილიონი დოლარით გაზარდა სახელმწიფო ვალი, რაც კოლაფსისკენ გზაა. ბევრ არ ესმის, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა და აშშ-ს წამყვანი ეკონომისტები ამაზე ლაპარაკობენ. ის, რომ ჩინეთი აკონტროლებს მსოფლიოში იშვიათი ლითონების წარმოებას და გასაღებას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
"როლები იცვლება და ამ მხრიოივ, რომ საქართველოს ასეთი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს, ეს მათ შორის აშშ-სთვის პირდაპირი მინიშნებაა, რომ საქართველოს სხვანაირი ანგარიში უნდა გაუწიოს. საქართველოს არ აქვს ის, რითიც ტრამპს მდიდარი ქვეყნები ხიბლავენ, ესაა აშშ-ში შეტანილი მილირდობით ინვესტიცია. ეს ჩვენ არ გვაქვს, სამაგიეროდ, ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს ქვეყანასთან, ვისაც აშშ ანგარიშს დიდად უწევს",- განაცხადა მამრაძემ.