რეზონანსი
01.11.2025

ევროპელი პარტნიორები მოგვიწოდებენ, ჩვენ მიერვე აღებული ვალდებულებები შევასრულოთ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით, პაპუაშვილი ამას მტრულ დამოკიდებულებას უწოდებს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპას სურს, საქართველოში დემოკრატია და ადამიანის უფლებები დაცული იყოს.

„ქვეყანას რომ დემოკრატიული უკუსვლა აქვს მგონი, ამაზე ყველა თანხმდება, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. საქართველო როდესაც ევროსაბჭოში გაწევრიანდა, აიღო ვალდებულებები, როგორიცაა დემოკრატიის დაცვა, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობის დაცვა. ამას პაპუაშვილი და ოცნება ასაღებს, როგორც საქართველოს მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

რომც დავუშვათ, რომ „ოცნება“ მართალია, მაშინ რატომ არ სარგებლობენ ამ პლატფორმის გამოყენებით? რატომ გაურბიან სიმართლის დასაბუთებას? რატომ არ შეუძლიათ, საკუთარი სიმართლე და ქართველი ხალხის ინტერესები დაიცვან იქ, სადაც ეს საჭიროა?  მათ კარგად იციან რომ ამ კრიტიკას, რაც არის ფაქტებზე დაყრდნობილი, პასუხებს ვერ გასცემენ. მათ ერთადერთი რამ შეუძლიათ, საკუთარი პროპაგანდისტული გზავნილებით მოატყუონ საქართველოს მოსახლეობა და დააჯერონ, რომ თითქოს ევროპა მტრულადაა განწყობილი, რაც ასე არ არის. ევროპას ერთადერთი რამ უნდა ჩვენგან, ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და იყოს ადამიანის უფლებები დაცული, ტარდებოდეს თავისუფალი  და სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა შარაშიძემ.

ცნობისთვის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტის ძალების მხრიდან მტრული მიდგომების გამო საქართველოს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია ევრონესტის შემდეგ სესიებში მონაწილეობას არ მიიღებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×