
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ევრონესტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციებს გამოეხმაურა.
„ევროპარლამენტის მხრიდან ვინც ორგანიზებას უწევდა, ვინც აქტიურობდა, ისინი ჩვენი ე.წ. დაუძინებელი მეგობრები არიან და ვიცოდით, რომ რაღაც სკანდალურსა და რაღაც არნახულ უსამართლობას ჩაიდენდნენ. მართლაც ასე მოხდა. არაფერი ძნელად სავარაუდო არ იყო, მაგრამ მთლად ასე თუ შეტოპავდნენ და იტყოდნენ, რომ ხელისუფლებას არ ცნობდნენ და ის არალეგიტიმურია, მართლაც არ გვეგონა.
ასეთ არასერიოზულ დამოკიდებულებას ჩვენ ვერ ავიტანთ. წინასწარ ვიცოდით, ვვარაუდობდით და არ მივიღეთ მონაწილეობა. მომავალშიც არ მივიღებთ“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს განცხადებით გამოეხმაურა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის.