
ფრანგული გაზეთი Le Figaro ქალაქ პოკროვსკის ირგვლივ საბრძოლო მოქმედებებზე სტატიას აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ „ქალაქში კრიტიკული მდგომარეობაა, რომელსაც რუსული ჯარების მიერ ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრება“.
„ეს სტრატეგიული ქალაქი, სადაც ომამდე 60 000 ადამიანი ცხოვრობდა, რუსული ძალების ხელში ჩავარდნის საფრთხის წინაშეა, რომლებიც ხანგრძლივი შემოვლითი მანევრის შემდეგ, ახლა უკვე სამრეწველო ქალაქის შუაგულში არიან“, - აღნიშნულია სტატიაში.
„პრიორიტეტი ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა“, - განაცხადა 30 ოქტომბერს უკრაინის არმიის მეთაურმა, გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ, და ამავდროულად უარყო ვლადიმiრ პუტინის განცხადება, რომელიც მან ორი დღით ადრე გააკეთა, რომ პოკროვსკი, რომელიც ოდესღაც არმიის საკვანძო ლოგისტიკური ცენტრი იყო, ალყაში იყო მოქცეული.
რუსეთის უაღრესად ხანგრძლივი შემოვლითი მანევრი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე, ოჩერეტინეს გარღვევის შემდეგ დაიწყო, დღეს სახიფათო სივრცეს ქმნის, რომლის შიგნითაც უკრაინულ ძალებს უახლოეს მომავალში ალყაში მოქცევის რისკი ემუქრებათ.
მდგომარეობა მით უფრო დელიკატურია, რადგან კიდევ ერთი ქალაქი - მირნოგრადი - პოკროვსკთანაა მიბმული და მასაც ალყაში მოქცევის საფრთხე ემუქრება.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული სადაზვერვო ნაწილების პირველი შეღწევა ქალაქ პოკროვსკში ივლისში მოხდა, ბოლო კვირების განმავლობაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.
„სამხედრო ანალიტიკოსების უმრავლესობა დღეს მიიჩნევს, რომ პოკროვსკისა და მირნოგრადის ბედი გადაწყვეტილია. თუ ეს უახლოეს კვირებში დადასტურდა, დღის წესრიგში დადგება ორი გადამწყვეტი საკითხი. პირველი, უკრაინის უკანდახევის მანევრი, რათა მაქსიმალურად იყოს აცილებული დანაკარგები. მეორე კი, თავდაცვითი ხაზის აღდგენა ამ ფართო აგლომერაციის უკან“, - აღნიშნულია სტატიაში.
პოკროვსკის დაკარგვას, თუ ეს მოხდება, მოჰყვება შედეგები. ის რუსებს გზას გაუხსნის დონბასის იმ ჩრდილოეთ ნაწილისკენ, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებენ. რუსებს, რომლებიც დონეცკის ოლქის თითქმის 80%-ს აკონტროლებენ, ნებისმიერ ფასად სურთ დარჩენილი 6 000 კვადრატული კილომეტრის დაპყრობა, კერძოდ, დონბასის ორი ბოლო დიდი ქალაქის, კრამატორსკისა და სლოვიანსკის.