რეზონანსი
31.10.2025

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ხუნდაძეს პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.

„ალკოჰოლური სასმელების დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა პროდუქციის საქართველოში უსაფრთხოდ შემოსატანად ბ.გოგიჩაიშვილმა დასახმარებლად მიმართა ვლადიმერ ხუნდაძეს, რომლის სამსახურებრივ უფლებამოსილებასაც საბაჟო პროცედურების კონტროლი და ზედამხედველობა წარმოადგენდა.

ვლადიმერ ხუნდაძე ბორის გოგიჩაიშვილს მუდმივად აძლევდა მითითებებს პროდუქციის შემოტანისა და განბაჟების სათანადო დროის შესახებ, ასევე უთითებდა თუ რა შინაარსით უნდა მომხდარიყო პროდუქციის განბაჟება, რათა საბაჟო პროცედურების გავლის დროს საფრთხე არ შექმნოდათ”, - აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

 „ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ვლადიმერ ხუნდაძე. აღსანიშნავია, რომ ხუნდაძემ ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის ივნისში შეავსო.

ამ დოკუმენტებში ხუნდაძე უთითებს, რომ 2011 წელს შეიძინა 64.5 კვ.მ ბინა თბილისში, რაშიც 30 ათასი ლარი გადაიხადა. ამასთანავე, მისივე საკუთრებაშია 600 კვ.მ საცხოვრებელი სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში. ამ სახლში ხუნდაძემ 2017 წელს 90 ათასი ლარი გადაიხადა. როგორც ყოფილი მაღალჩინოსანი დეკლარაციაში უთითებს, აღნიშნული სახლი დეკლარაციაში მითითებული სესხით შეიძინა.

რაც შეეხება სესხებს, ხუნდაძემ 2018 წელს აიღო იპოთეკური სესხი 46 700 ევროს ოდენობით (2024 წლის გასავალი 5009 ევრო), მომდევნო წელს მან კიდევ ერთი იპოთეკური სესხი აიღო 46 ათასი ლარის მოცულობით (2024 წლის გასავალი 3 175 ლარი).

ამასთანავე, ხუნდაძის მეუღლემ 2024 წელს 22 200 დოლარად შეიძინა 2022 წლის LEXUS NX 250. გარდა აღნიშნული ავტომობილისა ხუნდაძის მეუღლის საკუთრებაშია 2021 წელს 11 500 დოლარად შეძენილი „ტოიოტა რავ 4”. დეკლარაციის თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძეს არ აქვს მოძრავი ქონება.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, ვლადიმერ ხუნდაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში სხვადასხვა ბანკის ანგარიშზე ჰქონდა 9 457 ლარი, 877 ევრო, ხოლო საკრედიტო ანგარიშზე 1 213 ლარი უფიქსირდებოდა. მის მეუღლეს კი ანგარიშზე ჰქონდა 1 304 ლარი. გარდა ამისა, ხუნდაძის მეუღლე დანაზოგის სახით ფლობდა 25 ათასი ლარის ნაღდ ფულს.

დეკლარაციის თანახმად, ვლადიმერ ხუნდაძემ 2024 წელს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობისთვის 101 636 ლარის ხელფასი აიღო. ამავე პერიოდში მისი მეუღლე დასაქმებული იყო 4 კომპანიაში, კერძოდ:

„ჯეო ნუტრიშენი“ (საბაჟო კონსულტანტი) – 2 550 ლარის ხელფასი;

„სოფარმას წარმომადგენლობა საქართველოში (დეკლარანტი) – 4 400 ლარი;

„ფაინტრი ინტერნეიშენალი“ (საბაჟო კონსულტანტი) – 42 054 ლარი;

საქართველოს ფოსტა (გადაზიდვების სამსახურის, სატერმინალო მომსახურების ჯგუფის უფროსი) – 46 179 ლარი.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×