რეზონანსი
31.10.2025

საქართველოს მთავრობა ახორციელებს მნიშვნელოვან რეფორმებს სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით, შესაბამისად, იქმნება სახელმწიფო შესყიდვების ორგანო, რომელიც განახორციელებს როგორც კონსოლიდირებულად ტენდერებს, ასევე ინდივიდუალურ შემთხვევებში, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ განაცხადა.

როგორც გურამ დუმბაძემ აღნიშნა, დაახლოებით წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარამდე შესყიდვას განახორციელებს აღნიშნული ორგანო, რომელიც ასევე დაკომპლექტებული იქნება შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირებით.

„ახალი მიდგომა გულისხმობს, რომ უკვე კონკრეტული შესყიდვის შემთხვევაში სახელმწიფოს ექნება ერთგვაროვანი მიდგომა შესყიდვასთან მიმართებით, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სახელმწიფო შესყიდვების მართვას.

ასევე დაინიცირებულია და უკვე მიმდინარეობს ბაზრის კვლევის ახალი მოდულის წარმოება, რომელიც გულისხმობს სრულად ციფრულ რეჟიმში ბაზრის კვლევის წარმოებას, რომელშიც ჩართული იქნება როგორც 40 ათასი ეკონომიკური ოპერატორი, ასევე 5 ათასამდე შემსყიდველი ორგანიზაცია. შესაბამისად, ყველას ექნება შესაძლებლობა, ბაზრის კვლევის პროცედურებში მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან, სრულად ციფრულ რეჟიმში 40 ათას ეკონომიკურ ოპერატორს ეგზავნება ბაზრის კვლევის შესახებ შეტყობინება. მათ შეუძლიათ, შესთავაზონ კონკრეტული ფასი, კონკრეტული მოთხოვნები შესაბამის შესყიდვასთან მიმართებით, რაც უფრო გააუმჯობესებს და ეფექტიანს გახდის ბაზრის კვლევის მთლიან პროცესს“, - განაცხადა გურამ დუმბაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×