
“2022-2024 წელს ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული სამი წელი გამოიარა, როცა ფრონტი უამრავი მიმართულებით იყო გაშლილი - როგორც ჩანს, ასეთ მძიმე ვითარებაში კონკრეტულმა ადამიანებმა საკუთარი სარგებლის მიღება გადაწყვიტეს - გუნდის ღალატს რომ თავი დავანებოთ, ეს პირველ რიგში, ქვეყნის ღალატია,“ - ეს განცხადება დღეს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მან კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ როდესაც მათთვის კორუფციის მიმართულებით გარკვეული ინფორმაციები იყო ცნობილი, 2023 წლის დეკემბერში, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
“2022-2024 წლები ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად რთული და მძიმე წლები იყო. იყო უსამართლობა, უხეში ზეწოლა, უხეში ქმედებები ჩვენი ქვეყნის მიმართ. იყო პირდაპირი მოწოდებები და მოთხოვნები ომში ჩართვასთან დაკავშირებით.
როდესაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაშია, არის ამხელა ზეწოლა, ასეთი წნეხი, უსამართლობა, რევოლუციის ორგანიზების რამდენიმე მცდელობა და როცა ასეთ დროს ადამიანი ხელის მოთბობაზე ფიქრობს, ეს არის პრინციპულად არასწორი - უფრო უხეში შეფასება არ მინდა!
2023 წლის დეკემბერში, როდესაც ჩვენთვის უკვე გარკვეული ინფორმაციები იყო ცნობილი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. მან სწორედ ამ შენობაში კონკრეტული განცხადებები გააკეთა და კონკრეტული მინიშნებები ჰქონდა. ერთ-ერთი უმთავრესი მინიშნება სწორედ კორუფციას უკავშირდებოდა.
2024 წელი სხვადასხვა მიმართებით ურთულესი იყო - იყო ზეწოლა, იყო საარჩევნო წელი. პოლიტიკური თვალსაზრისით ქვეყნის წინაშე პრობლემები იყო. ასეთ პირობებში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდა, თუმცა დღეს ყველაფერი წესრიგშია - ჩატარებულია საპარლამენტო არჩევნები, ქვეყანა არის დამშვიდებული და გვაქვს პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ ყველა ზომა მივიღოთ, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
ვიღაცებმა რომ რაღაცები რომ შეიძლება ვიცოდით სწორედ ამიტომ გაკეთდა განცხადებები 2023 წლის დეკემბერში - გადამჭრელი ზომების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდა“, - განაცხადა კობახიძემ.