
ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, ევროპული პარლამენტარიზმი, 20 წლის წინ ვერც კი წარმომედგინა, ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, გერმანიის ბუნდესტაგი კითხვებზე პასუხს არ სცემს და რასაც პასუხს სცემს, ისიც ტყუილია.
„თქვენ ხედავთ, სადამდე მივიდა ევროპული ბიუროკრატია, ევროპული პარლამენტარიზმი. მე არ ვიცი, 20 წლის წინ ვერც კი წარმომედგინა, ასეთი რამ გაეკეთებინა გერმანიის ბუნდესტაგს. ერთი, რომ კითხვებზე პასუხს საერთოდ არ სცემენ და მეორე - რასაც პასუხს სცემენ, ისიც ტყუილია. მართლა სადამდე მივიდა, კონკრეტულად ამ შემთხვევაში, გერმანული და ზოგადად, ევროპული ბიუროკრატია და პარლამენტარიზმი. აქედან ძალიან კარგად ჩანს, რაც ძალიან დასანანია. ძალიან სამწუხაროა, როცა გეშინია კითხვებზე პასუხის გაცემის. აქ ჩანს, რომ სუფთად არ წარიმართება პროცესები, რაც ძალიან კარგად იცოდა ქართველმა ხალხმა. რეალურად, ის დაადასტურა იმ ტყუილმა და ბუნდოვანებამ, რომელიც ჩანს გერმანიის პარლამენტის მიმართ მთავრობის პასუხში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპასუხოდ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი - 360 164 ევრო; 2021 წელი - 401 368 ევრო; 2022 წელი - 297 899 ევრო; 2023 წელი - 517 937 ევრო; 2024 წელი - 831 914 ევრო; 2025 წელი - 150 580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.
გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.