
„ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, შესაბამისად, როცა დემოკრატიას ასე მტრობ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას მტრობ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ქართული პოლიტიკა ანტიდემოკრატიული ძალებისგან უნდა გათავისუფლდეს.
„ნაცები“ სწორედ ისინი არიან, ვინც ხელისუფლებაში ყოფნის დროს თანაბრად ცდილობდნენ, ებრძოლათ ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. განსხვავებული ხმა სწორედ დემოკრატიულ პროცესებში ისმის. „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა არასოდეს მიუღია, შესაბამისად, როცა დემოკრატიას ასე მტრობ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციას მტრობ. საკონსტიტუციო სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „ნაცმოძრაობას“ ქართულ პოლიტიკაში ოპოზიციური ველი ოკუპირებული აქვს და ოკუპაციის პირობებში გასაქანს არ აძლევს არც სხვა პარტიებს, არც დემოკრატიულ პროცესებს. მათი დამოკიდებულება ყოველთვის ვასალური იყო, ყველას ზემოდან ქვემოთ უყურებდნენ და აბულინგებდნენ, თავად კი, ყოველთვის დემოკრატიას მტრობენ. სახელმწიფოებრივ საკითხებშიც კი არ მიუღიათ მონაწილეობა. ლოგიკურია პარტიის აკრძალვა, რომელიც დემოკრატიულ პროცესს არასოდეს ეწევა. ჩვენ მიერ მომზადებული სარჩელი დასაბუთებულად აღწერს საფუძვლებს, რის გამოც საქმიანობა უნდა შეეზღუდოთ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.