რეზონანსი
31.10.2025

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება რეალობად ვაქციოთ, - ამის შესახებ განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. მისივე თქმით, პატივია, მესამედ ატარებდეს თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს.

მოგესალმებით მეგობრებო, უკვე მესამედ მაქვს პატივი, ვატარებდე თბილისელების დიდი ნაწილის მიერ არჩეული მერის სტატუსს, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის განვითარების ის პოლიტიკა, რასაც წლებია ვახორციელებთ, არის სწორი და უალტერნატივო. გამარჯვება, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გუნდის არ არის - ეს არის თქვენი გამარჯვება, თბილისელების გამარჯვება, ადამიანების, რომელთაც გჯერათ  თბილისის შესაძლებლობების და მისი მომავლის.

არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით გამოცხადებული ნდობისთვის, არ დაგზარდებით ვიყო თქვენ სამსახურში, რათა ყველა დაპირება, რაც საარჩევნო პროგრამის სახით გაგაცანით, ვაქციოთ რეალობად და წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩვენი დედაქალაქისთვის. შესაბამისად, დღეს თქვენს წინაშე მხოლოდ ერთი დაპირებით წარვდგები - გპირდებით, თვალისჩინივით გავუფრთხილდებით თქვენ მიერ მიცემულ თითოეულ ხმას და მას კონკრეტულ საქმეებად ვაქცევთ“, - აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე, „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელების პროექტირება.

„არჩევნებიდან მეორე დღესვე, ჩვენ მუშაობა დავიწყეთ ყველა მიმართულებით და უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. როგორც იცით, გამოცხადებულია ტენდერი დიდი დიღმისა და დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებაზე. იმედი მაქვს, დეკემბრის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული კომპანია.

ასევე, მთის კურორტების განვითარების კომპანიასთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ბეთანიის სათხილამურო კურორტის კონცეფციაზე. თბილისთან ახლოს მსგავსი მასშტაბის დასასვენებელი ინფრასტრუქტურის შექმნა უმნიშვნელოვანესია ჩვენი დედაქალაქისთვის.

როგორც წინასაარჩევნოდ დავაანონსეთ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, თბილისის მეტროს დაემატება 111  ახალი, თანამედროვე სტანდარტის ვაგონი, რაც გულისხმობს 25 მატარებელს, მათ შორის 14 ერთეული  იქნება 4-ვაგონიანი და 11 ერთეული 5-ვაგონიანი. თბილისის მერიის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მჭიდრო თანამშრომლობით, უკვე დასრულდა ტენდერი ახალი, თანამედროვე ვაგონების შესყიდვაზე და გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია შპს „ჯი-თი გრუპი“.

დაწყებულია მეტროსადგურების - „მარჯანიშვილისა“ და „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელების პროექტირება. სასიამოვნო სიახლეა საბაგირო გზების განვითარების პროექტიც. კერძოდ, როგორც უკვე დავაანონსეთ, მოეწყობა მეტროსადგურ „სარაჯიშვილისა“ და ზღვის უბნის, ასევე, მეტროსადგურ „ისნისა“ და ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზა“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×