
„ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა რა „ხარაკირიც“ იტარეს ამ ბოლო წლების განმავლობაში, ის შედეგები მიიღეს - როცა პარლამენტში აგირჩევენ და შენ თვითონ არ შემოხვალ, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი?! ვის ატყუებენ საერთოდ?! - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების“ მიერ შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი ფილიალების“ წარმომადგენლები საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ „თუ იტყვიან უცხოური ძალები - ცალ ფეხზე დადგებიან, სუვერენიტეტს ბრიუსელს გადააბარებენ, ტრადიციებს შეაგინებენ, ეკლესიას გალანძღავენ“.
„არსებობს ასეთი გამონათქვამი - „თუ ადამიანს თავის თავისთვის სიკეთე არ უნდა, ამას ვერავინ აიძულებს“. შესაბამისად, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა ფილიალებმა რა „ხარაკირიც“ იტარეს ამ ბოლო წლების განმავლობაში, ის შედეგები მიიღეს. არა ერთხელ ვეუბნებოდით, რამდენიც გინდათ აკრიტიკეთ ხელისუფლება, მაგრამ რადიკალიზმს, ქვეყნის ზიანს, დამაზიანებელ განცხადებებს, აგენტობას თავი დაანებეთ. ამათ არა თუ თავი არ დაანებეს, არამედ საჯაროდ აღიარებდნენ, რომ დიახ, ამაყობენ იმით, რომ არიან უცხო ქვეყნის და უცხო ძალების წარმომადგენლები საქართველოში. მეტსაც გეტყვით, ამაყობენ იმით, რომ საზოგადოებას ეუბნებიან, რომ თუ იტყვიან უცხოური ძალები, ცალ ფეხზე დადგებიან, თუ იტყვიან უცხოური ძალები, სუვერენიტეტს ბრიუსელს გადააბარებენ, თუ იტყვიან უცხოური ძალები, ტრადიციებს შეაგინებენ, ეკლესიას გალანძღავენ და ა.შ. ეს არის „ხარაკირი“, არა მარტო პოლიტიკური. აქედან გამომდინარეობს მათი მარცხი. რა პოლიტიკურ დევნაზე საუბრობენ?! ვის ატყუებენ საერთოდ?! როცა პარლამენტში აგირჩევენ და შენ თვითონ არ შემოხვალ, რა პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი?! პოლიტიკურად დევნიან მაშინ, როცა ავიწროებენ, აშანტაჟებენ, ფიზიკურად უპირისპირდებიან, უსწორდებიან, პარლამენტში ხმას არ აღებინებენ, საკრებულოში არ უშვებენ და ა.შ. ჩვენ პირიქით, მაგას ვეუბნებოდით, შედით პარლამენტში, საკრებულოში. თვითონ ამბობენ ყველაფერზე უარს, შესაბამისად, აქ საუბარი არ შეიძლება იყოს პოლიტიკურ დევნაზე,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში 3 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი შეიტანა. მმართველი პარტია მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვს: „ნაციონალური მოძრაობა“, პარტია „ახალი“ და „ძლიერი საქართველო-ლელო“.