
გერმანულმა ავტომწარმოებელმა Mercedes-Benz-მა, განაცხადა, რომ მისი მესამე კვარტლის მოგება წლიურად, თითქმის 31%-ით შემცირდა, რადგან გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საავტომობილო სექტორი მზარდი ხარჯების, კონკურენციისა და სავაჭრო ბარიერების წინაშე დგას.
მოგება 2024 წლის მესამე კვარტლის 1.71 მილიარდ ევროსთან შედარებით, 1.19 მილიარდ ევრომდე შემცირდა, რაც 1.38 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
„მერსედესის“ განცხადებით, პროცენტებისა და გადასახადების გადახდამდე კორექტირებული ჯგუფის (EBIT) მოგება, კვარტალში დაახლოებით 2 მილიარდ ევრომდე შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან - 2.5 მილიარდ ევროსთან შედარებით, გაყიდვების შემცირების, ტარიფებთან დაკავშირებული ხარჯების ზრდისა და გაცვლითი კურსის უარყოფითი ეფექტების გამო.
საერთო ჯამში, „მერსედესის” მოგება წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში განახევრდა: ავტომწარმოებლის ცნობით, ჯგუფის შემოსავალი 50.3%-ით შემცირდა და 3.9 მილიარდი ევრო შეადგინა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 7.8 მილიარდთან შედარებით.
"მერსედესის” შედეგები გერმანიის ავტოინდუსტრიაში კლების ტენდენციასთან შესაბამისობაშია: მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა Porsche-მ წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში მოგების 95.9%-იანი კლების შესახებ განაცხადა.