
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულიც კია, რეაგირება ჰქონდეს პოლიტიკური პარტიების იმგვარ საქმიანობაზე, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს.
„მარტივად არის საქმე, ეროვნულ ინტერესებზე, ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე თავად უნდა ვიზრუნოთ. როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც სრულ წინააღმდეგობაში მოდიან სახელმწიფოს ინტერესებთან, ჩვენი სახელმწიფოს მთავარ კანონთან, ამაზე უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაგირება. ეს ჩვენი ერთგვარი ვალდებულებაც კი არის. რა თქმა უნდა, ეს არის სამართლებრივი პროცესი, ეს პროცესი გრძელდება და უნდა იყოს დასრულებული, თუმცა მანამდე, ერთგვარად, ვალდებულებაც კი არის ჩვენი, როგორც პოლიტიკური პარტიის და ჩვენი საზოგადოების, რომ რეაგირება გვქონდეს სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ ლაშქრობაზე, რომელსაც ახორციელებენ კონკრეტული პარტიები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, „ქართული ოცნება“ იცავს საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს.
„ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე როცა არის საუბარი, განსაკუთრებულად ვხედავთ ხოლმე, კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიცავთ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს, გავაგრძელებთ სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. როგორც წინა შემთხვევებში, კრიტიკა, რომელიც საქართველოსთან მიმართებით არის, ძირითადად საფუძველს მოკლებულია, აქაც შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ იმავენაირ ორმაგ სტანდარტთან გვაქვს საქმე, როდესაც სხვისთვის, შეიძლება, მისასალმებელი იყოს, როცა პოლიტიკურ პარტიებს აუქმებენ და საქართველოს შემთხვევაში ეს იყოს შემაშფოთებელი. სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებზეა საუბარი, რომლებიც მუდმივად ყველაფერს აკეთებენ სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ამავდროულად, მაკა ბოჭორიშვილი აღნიშნავს, რომ წარმოუდგენელია, დემოკრატიული პარტიები ეწოდოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან დემოკრატიის წესებს.
„დემოკრატიული პარტიები არ არიან დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ, ეს უბრალოდ ალოგიკურია, ესენი არიან პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობაზე. ესენი არიან პარტიები, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან დემოკრატიულ პროცესებს, ხალხის არჩევანს, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგაც კი გადადგეს ნაბიჯები“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.