
„ნაციონალურ მოძრაობას“ კონსტიტუციის 23 მუხლის ყველა ჩანაწერი აქვს დარღვეული, ეს პარტია თავისი საქმიანობის განმავლობაში ძირს უთხრიდა საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სახელმწიფოს და პირდაპირ ქართველ ხალხს მტრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება გადაწყვეტილება და ამის ყველა არგუმენტი საჯაროა.
„დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება გადაწყვეტილება და ამის ყველა არგუმენტი საჯაროა. ევრობიუროკრატების შეფასებები, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ სპიკერებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ევროდეპუტატებს, კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რაც მათ შერჩათ, ორმაგი სტანდარტია, რადგან ევროპული პრაქტიკა არსებობს, რომ ვინც კონსტიტუციას მტრობს, ის იკრძალება. ამ შემთხვევაში მათი სურვილი სხვანაირია. ჩანს, თუ როგორ არიან ეს სტრუქტურები ჯანსაღი პრინციპებისგან დაცლილი. „ნაციონალური მოძრაობა“ არის არა პოლიტიკური პარტია, არამედ მათ ხელში სიძულვილისა და ძალადობის ინსტრუმენტია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.