რეზონანსი
30.10.2025

ამბიონი წამართვეს, ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. ყოველდღე - ბოლომდე, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველ ხუთშაბათს, 13:00 საათზე წმინდა სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში, მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში. ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი. გელოდებით ყველას, დღეს 20:00 საათიდან.

ყოველდღე - ბოლომდე“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან "კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები".

ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება. მოგვიანებით გავრცელდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ბრძანება და მან არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×