
24 ოქტომბერს სამტრედია-აბაშის გზაზე ტრაგედია დატრიალდა. ავარიას 19 წლის ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი მეუღლე, ლიკა კუჭუხიძე, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ექიმები მის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ. შაბათს დაკრძალავენ ბაჩო ლასარეიშვილს. "ამბები" გოგონას მამას ავთო კუჭუხიძეს ესაუბრა:
"ჭორები ვრცელდება, ვინ რას წერს, ვინ რას ავრცელებს... ათასნაირ ჭორს ვკითხულობ, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ოჯახის წევრებზე, ნათესაობაზე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მძიმედ არის, ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია ჩემი ქალიშვილი დღესდღეობითაც, ის ებრძვის სიკვდილს, ექიმები იმედს გვაძლევენ, გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ლიკა კონტაქტური არ არის ჯერჯერობით, იმიტომ, რომ სჭირდება რაღაც პერიოდი ხელოვნურ ძილში ყოფნა, რადგან ძალიან დაზიანებული აქვს შინაგანი ორგანოები, არ ვიცი რომელი ერთი ჩამოვთვალო, ისეთი დიდი ტრავმები აქვს მიღებული, დრო სჭირდება მდგომარეობიდან, რომ გამოვიდეს ადამიანი.
ახლა გვაქვს კიდევ ოთხი, ხუთი დღე ძალიან კრიტიკული და ამ კრიტიკულ დღეებს აუცილებლად გადალახავს ჩემი შვილი, მე მჯერა ამის, ჩემი შვილი ძლიერი ადამიანია და მწამს უფლის, მთელი საქართველო ლოცულობს ჩვენთან ერთად. მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა, მინდა ყველას უფალმა უბოძოს ყველაფერი კარგი, ღმერთმა გაახაროს და გააძლიეროს თითოეული მათგანი. თქვენ არ იცით, როგორი დიდი იმედი და ძალა ხართ ჩვენთვის.
არანაირი ოპერაცია არ ჩატარება, პატარა მიკროოპერაცია გაუკეთდა, მიკროჩიპი ჩაუსვეს, რომლითაც არეგულირებენ წნევას. მოტეხილობები აქვს, ხერხემლის ნეკნები აქვს დაზიანებული. ქუთაისში კლინიკურ საავადმყოფოში წევს და მადლობას ვუხდი თითოეულ პერსონალს, ექიმებს, ყველას, ვინც იბრძვის იმისთვის, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს და სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
4 თვეა, რაც დაქორწინდნენ. როგორი ბედნიერები ვიყავით. ჩემი სიძე, იგივე ჩემი შვილი იყო. მე დიდი პატივით და დიდი სიყვარულით მივიღე და ჩავიხუტე გულში.
ბაჩო ისეთი თბილი, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო, ისეთი იყო ბევრი გაცნობაც არ სჭირდებოდა. საოცრად კარგი ბიჭი იყო, ძალიან ბედნიერები იყვნენ. ისე უყვარდათ ერთმანეთი, რომ მეტი არ შეიძლება..." - განაცხადა ავთო კუჭუხიძემ.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე