
საკონსტიტუციო სარჩელზე არსებული ხელმოწერების ავთენტურობა დადასტურებულია, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა ბიურომ ცნობად მიიღო. ამით, საპარლამენტო პროცედურები დასრულდა და პარლამენტის 88 წევრს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება ოფიციალურად მიენიჭა. დოკუმენტი ელექტრონულად უკვე გადაიგზავნა. საკონსტიტუციო სასამართლო წარმოებაში მიღებიდან 9 თვის ვადაში გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობის", "ახალისა" და "ლელოს" არაკონსტიტუციურად გამოცხადების საკითხს.
ადრესატი პარტიები მიიჩნევენ, რომ ოპოზიციურ სპექტრს თავად აჯანსაღებენ, თუმცა სარჩელი არაერთ კონტრარგუმენტს შეიცავს - კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები, ადამიანის უფლებების ხელყოფა, არჩევნების არაღიარება, საბოტაჟი და ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალის ხელშეწყობა - სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ ქმედებებს ეფუძნება. "ნაციონალური მოძრაობაც", "ახალიც" და "ლელოც", პოლიტიკურთან ერთად, სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს.
მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ასაკრძალი პარტიები წლების განმავლობაში ეწეოდნენ კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაუშვებელ საქმიანობას. ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში არსებული მტკიცებულებებითაც დასტურდება, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს ანტიკონსტიტუციური მიზნები აერთიანებთ, სახელმწიფო კი ვალდებულია, აღკვეთოს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი რისკი.
რატომ არ შეეხო სარჩელი გიორგი გახარიას პარტიას? - "ქართულ ოცნებაში" განმარტეს, რომ ერთ-ერთი მიზეზი ექსპრემიერის გუნდის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც მათ არჩევნების საბოტაჟი შეწყვიტეს, მანდატები შეინარჩუნეს და პარლამენტში საქმიანობა დაიწყეს. თუმცა, თავად პარტიაში საკანონმდებლო ორგანოში შესვლას სარჩელთან ვერ აკავშირებენ
ე.წ. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე მმართველი პარტია წინასაარჩევნოდ ალაპარაკდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ დაპირების შესრულება მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი იყო და ეს სწორედ არჩევნების შედეგებით გამოჩნდა.
ვინ იქნება წარმდგენი საკონსტიტუციო სასამართლოში ეს ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ სარჩელი არ გავრცელდება პარტიებთან დაკავშირებულ კონკრეტულ პირებზე, რადგან აკრძალული პარტიების პერსონალური შემადგენლობის არაკონსტიტუციური პოლიტიკური საქმიანობის აღკვეთას კანონმდებლობაში მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი უზრუნველყოფს. სასამართლოს დამატებით მოუწევს მსჯელობა ისეთ შემთხვევებზე, თუ აკრძალულ პარტიასთან დაკავშირებული პირი ეცდება ახალი პარტიის შექმნას ან არსებულ პარტიასთან გაერთიანებას.