სემეკი წლის ბოლომდე გადაწყვეტს გაზრდის თუ არა კომუნალურ გადასახადებს
ქეთო გოგოხია
29.10.2025

წყალი რეგიონებში გაძვირების ზღვარზეა. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში რეფორმისთვის ემზადება, მათ შორის ერთ-ერთი საკითხი სატარიფო ცვლილებაა. ცალსახად, რომ ტარიფი გაიზრდება, ჯერჯერობით არავინ საუბრობს, თუმცა სემეკში ,,რეზონანსს“ დაუდასტურეს, რომ კომპანიების სატარიფო პოლიტიკა, არსებული წესების დაცვით გადაიხედება.

ჯერჯერობით თბილისს ცვლილება ნაკლებად ეხება, ცნობილია, რომ ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის“ ტარიფებს სწორედ სემეკი ადგენს. უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით კი, არსებული ტარიფი მოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. რაც შეეხება რეგიონალურ წყალმომარაგებას,  ტარიფთან დაკავშირებით დეტალები გაცხხადდება, როგორც კი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება. 

რეგიონებთან დაკავშირებით სატარიფო პოლიტიკის მიმართულება უკვე გამოიკვეთა. ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებს რეფორმას და წყალმომარაგების კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. რევაზ სოხაძის თქმით, ეს ცვლილებები კომპანიის საქმიანობას გახდის უფრო გამჭვირვალეს, ეფექტურს და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებულს.

წყალმომარაგების კომპანიის რეფორმა მოიცავს სტრუქტურულ და ფუნქციურ გაძლიერებას, სახელფასო პოლიტიკის შრომის ბაზართან დაახლოებას, რეგიონული ფილიალების გაძლიერებას, საერთაშორისო სპეციალისტების ჩართვას.

,,წყლის უკანონო მოხმარების ფაქტების აქტიურად გამოვლენისა და აღმოფხვრის, ტექნიკური მომსახურებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, გეგმაშია SCADA-ს სისტემის აქტიური დანერგვა და ასევე, მომავალ წელს წყლის ტარიფის გადახედვისთვის განაცხადის წარდგენა 2027 წლიდან ახალი ტარიფების ასამოქმედებლად“, -განაცხადა მინისტრმა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას.

როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი)  თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ,,რეზონანსს“ განუცხადა, ნაადრევია თქმა, რომ ტარიფი გაძვირდება, თუმცა შეისწავლიან კომპანიის საოპერაციო ხარჯებს, საბუღალტრო დოკუმენტაციას და სხვა საკითხებს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ. მანამდე აუცილებელი პირობაა კომოპანიებმა სემეკს შესაბამისი განცხადებით მიმართონ, რასაც ორგანიზაციის მოკვლევა დაეყრდნობა.

,,ინფრასტრუქტურის მინისტრმა პირდაპირ თქვა, რომ მარეგულირებელ კომისისას მიმართავენ განაცხადით ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არ მოუმართავთ. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფები კარგა ხანია, არ გადახედილა. განაცხადის შემოტანიდან 180 დღის ვადა აქვს მარეგულირებელ კომისიას, რომ წესების შესაბამისად შეიცვალოს ტარიფი, შეისწავლოს მთლიანად კომპანიის შემოსავლები, ინვესტიციები, ხარჯები  და ა.შ, რის შემდეგაც ახალი ტარიფი უნდა დადგინდეს.  

თბილისში ჩვენ წყალმომარაგების ტარიფი დადგენილი გვაქვს სამწლიანი ვადით, 2026 წლის ბოლომდე ტარიფს თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში,  სადაც "ჯივიპი" ოპერირებს, გადახედვა არ უწევს. თუმცა ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვის პროცედურა მიმდინარეობს, განცხადებები მიღებულია.  ჩვენს მიერ 2 წლის წინ  დადგენილ ტარიფს ვადა ეწურება წლის ბოლოს,  გადასახადი გადაიხედება, ანალოგიურად ბუნებრივი აირის ტარიფსაც წლის ბოლოს  ეწურება ვადა. 

იცით, რომ დენის და გაზის ტარიფის გადახედვას აქვს თავისი წესები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კომპანიების მიერ გაწეული ხარჯების აუდიტი ჩვენს მიერ, ასევე შევისწავლით ინვესტიციებს და ამის მერე გამოითვლება ახალი ტარიფი. 

ის, რომ რეგიონებში შეიძლება გადასახადი გაძვირდეს, დანამდვილებით ვერ დაგიდასტურებთ. კომპანია ოპერირებს, აქვს თავისი საოპერაციო ხარჯი, ქსელი სახელმწიფოა, შესაბამისად, ქსელსა და ინვესტიციებს ტარიფი არ შეეხება, მაგრამ დადგინდება კავშირი კომპანიის საოპერაციო ხარჯებთან მიმართებაში. ცხადია, რა განცხადებებიც იქნება წარმოდგენილი, რა  საბუღალტრო დოკუმენტაციაც, ტარიფსაც ამის მიხედვით დავადგენთ“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.

სპეციალისტები სატარიფო ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა ღიად საუბრობენ, რომ გადასახადების ზრდის აუცილებლობა კომპანიებში არ დგას. თუკი ამ შემთხვევაში არგუმენტად შეიძლება ინვესტირება დასახელდეს, ენერგეტიკოსებს საპირისპირო მოსაზრება აქვთ. 

ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ფიქრობს, რომ ინვესტიციებისთვის რესურსი კომპანიამ თავისი მოგებიდან უნდა გადადოს ან ისესხოს იაფი წყაროდან, რის შესაძლებლობაც რეალურად აქვთ, განმსაკუთრებით წყლის სეგმენტში, რომელიც ჯერ კიდევ ერთ-ერთი პრობლემური დარგია და მოსახლეობის ხარისხიან წყალმომარაგებას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ წყლის გადასახადის გაზრდაზე აქცენტირება დაუშვებელია.

,,წყლის გაძვირების საკითხი მარეგულირებელმა სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს. გადასახადი მოსახლეობისთვის ისედაც მძიმე სოციალური ტვირთია და ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი, რომ გაძვირდეს. გარდა ამისა, აქამდე უნდა ეზრუნათ, რომ ტარიფი დიფერენცირებული ყოფილიყო თბილისში მცხოვრებლებსა და იმ მოსახლეობისთვის, ვინც დედაქალაქის შემოგარენშია და სამეურნეო საქმიანობას ეწევა. 

ტარიფის ზრდა ხალხს ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ვინმეს თუ სურს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს, მიხედონ კომპანაის, რომლის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მუდმივად პრობლემურია. 

წყლის მიწოდების საკითხს უნდა მიეხედოს, მოქალაქეები იხდიან ფულს და კომპანია ვალდებული უნდა იყოს, რომ ხარისხიანი მომარაგება უზრუნველყოს. თუ თანხები სჭირდებათ, საკუთარი მოგების ნაწილი მოხმარდეს ინვესტირებას ან  აიღონ დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი  სესხი. არ არის აუცილებელი, ეს იყოს ბანკი, სხვადასხვა ფინანსური ორგანიზაციიდან შეუძლიათ მიღება ისე, რომ ტარიფზე ზეწოლა იყოს მინიმალური“, - განუცხადა "ღეზონანსს" თემურ ჭიჭინაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×