
პარტიების არძალვაზე „ოცნების" ინიციატივას საერთაშორის გამოხმაურებები მოჰყვა. ბოლო ყველაზე თვალშისაცემი რეაქცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაა, ის მმართველ პარტიას მოუწოდებს სარჩელს გადახედოს, რადგან ოპოზიციის აკრძალვა ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს, რაც ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელია.
„ქართული ოცნების" ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან", - წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ევროკავშირიდან ისევ კრიტიკული განცხადებები იქნება, ოღონდ ამჯერად „უფრო ხმამაღლა თქმული".
„საგარეო ფლანგიდან ალბათ ყველაზე მძიმე რეაქციები იქნება, მაგრამ ამაში ახალი არაფერია, ისედაც გვეუბნებიან, აგერ ჰერჩინსკის არაერთხელ აქვს ნათქვამი, ვერ შეხვალთ ევროპულ სტრუქტურებშიო. იგივე განცხადებები იქნება, ოღონდ უფრო ხმამაღლა თქმული", - აცხადებს საყვარელიძე.
გამოხმაურებები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლები, ედიტე ესტრელა (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა ჩუდიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა, „ალდე"), საქართველოში მმართველი უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სამი მთავარი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ მიმართვის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ.
„როგორც ასამბლეამ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის შესახებ თავის ბოლო რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნა, დემოკრატიული ოპოზიციის აკრძალვა ფაქტობრივად ერთპარტიული დიქტატურის დამყარებას გამოიწვევს და ევროპის საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი იქნება", - ნათქვამია მათ განცხადებაში.
თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ „სარჩელს გადახედოს და ქვეყნის სწრაფი დემოკრატიული უკუსვლა შეაჩეროს".
ასევე, განცხადების თანახმად, თანამომხსენებლები წლის ბოლომდე საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში ჩამოსვლას გეგმავენ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური წერს, რომ სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ლუის გრაჩამ (პორტუგალია) სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, შეშფოთება გამოხატა იმ შესაძლო შედეგების გამო, რაც მსგავსმა პროცესებმა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიული ცხოვრებისთვის შეიძლება გამოიწვიოს.
„ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე ამ პროცესების შესაძლო შედეგებით. ნებისმიერ პირს, რომელმაც კანონი ან კონსტიტუცია დაარღვია, ყოველგვარი კითხვის გარეშე, სამართლიანი და გამჭვირვალე წესით პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. თუმცა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს პოლიტიკური პლურალიზმისა და დემოკრატიის ხარისხის შესახებ", - აცხადებს გრაჩა.
იგი იმედოვნებს, რომ „ყველა ჩართული მხარე მსგავსი ქმედებების ფართო გავლენას ყურადღებით განიხილავს და მოძებნის გადაწყვეტილებას, რომელიც ეროვნულ დიალოგსა და დემოკრატიულ სტაბილურობას გააძლიერებს".
მოსალოდნელი შედეგები
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საგარეო ფლანგიდან კრიტიკული რეაქციები მოსალოდნელი იყო, თუმცა ამას რეალური შედეგები არ მოჰყვება და განცხადებების იქით პროცესი არ წავა.
„ეს რეაქცია რეალურად მოსალოდნელი იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ განცხადებების ავტორებს დეტალები არ შეუსწავლიათ და სიღრმეში არ შესულან, ისინი ზოგადად ცდილობენ საქართველოზე დარტყმა ნებისმიერი მიზეზით განახორციელონ, ასეთი მსუყე მიზეზი მიეცათ და არ დაარტყამენ?!
„პარტიის აკრძალვა თავისთავად უცხო მოვლენა არაა და იმ დეტალებს აქვს მნიშვნელობა, თუ რატომ იკრძალება პარტია. როგორც ჩანს, მიზეზები არ შეუსწავლიათ, თუ რატომაა ეს ინიციატივა წამოყენებული.
„ეს ხელისუფლება აგერ მეცამეტე წელია არსებობს და არ გახსენებია არც წინა ხელისუფლების კომისიით შესწავლა და არც მისი ცოდვების დათვლა. წინა ხელისუფლების საკითხის ახლა გააქტიურება მემგონი იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციურმა ჯგუფებმა დასავლეთში ინტენსიურად სირბილი და მათთან შეთანხმება დაიწყეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. ეს პაპუაშვილმა თქვა კიდეც და „ლელოც", თუ არ ვცდები, ამ კონტექტში ურევია. თავდაცვის ინსტინქტი იყო გადამწყვეტი.
„საგარეო ფლანგიდან ალბათ ყველაზე მძიმე რეაქციები იქნება, მაგრამ ამაში ახალი არაფერია. ისედაც გვეუბნებიან, აგერ ჰერჩინსკის არაერთხელ აქვს ნათქვამი - ვერ შეხვალთ ევროპულ სტრუქტურებშიო. იგივე განცხადებები იქნება, ოღონდ უფრო ხმამაღლა თქმული.
„რეალური შედეგი რა შეიძლება იყოს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების თემა, თუ ძალიან საჭირო გახდა, შეიძლება, მაგრამ არ მგონია სანქციებით დიალოგი წავიდეს, რადგან ყველა ხედავს, რომ სანქციები უშედეგოა", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".
მისივე აზრით, ევროპის დამოკიდებულება „ოცნების" ხელისუფლებისადმი, გარკვეული ფაქტორების გავლენით, მომავალში შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს.
„პოლიტიკამ საერთოდ პოზიციების ცვლა იცის და თუკი საქართველომ შუა დერეფნის ფუნქციის შესრულება დაიწყო, პირველი ევროპული ქვეყნები მოისურვებენ საქართველოსთან მაქსიმალურად კარგ ურთიერთობას.
„აშშ-დან არ ვიცი რა იქნება, რადგან ურთიერთობების ხაზი ჯერ არაა გაშიფრული, ჩვენგან კი წავიდა ელჩი, მაგრამ იმათგან აქ ელჩი არაა დანიშნული. რა მიმართულებით მიდის ეს ურთიერთობა, ბუნდივანია. ეს ბუნდოვანება იქნება, სანამ აშშ ჩინეთთან ურთიერთობას არ გაარკვევს. იმედია ეს საკითხიც გაირკვევა ამ დღეებში და ამას საქართველოსთან ურთიერთობის გარკვევაც მოჰყვება", - განაცხადა საყვარელიძემ.