მარიამ ვეკუა
29.10.2025

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ბრძანებით, საფრანგეთი უკრაინაში ჯარების განლაგებისთვის ემზადება - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს. ამის საპასუხოდ ფრანგულ მხარეს, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. რამდენად რეალურია რუსული დაზვერვის განცხადება და რა მოხდება, თუ საფრანგეთი ამ ნაბიჯს გადადგამს?

„საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინაში სამხედრო ინტერვენციაზე ოცნებობს. პოლიტიკოსად წარუმატებლობის შემდეგ, ის იმედს არ კარგავს, რომ ისტორიაში სამხედრო მეთაურის რანგში შევა.

„მისი ბრძანებით, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში კიევის რეჟიმის მხარდასაჭერად 2 000-მდე ჯარისკაცისა და ოფიცრისგან შემდგარი სამხედრო კონტინგენტის განლაგებისთვის ემზადება", - ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ფრანგული დანაყოფები უკვე პოლონეთის სასაზღვრო რეგიონებშია განლაგებული და სამხედრო მომზადებას გადიან.

„ეს საფრანგეთის უცხოური ლეგიონის დანაყოფებია, რომელიც ძირითადად ლათინური ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებისგან შედგება. ლეგიონერები ამჟამად პოლონეთის უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში არიან განლაგებული. ისინი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადიან და იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას იღებენ. მათი ცენტრალურ უკრაინაში გადასროლა უახლოეს მომავალში იგეგმება", - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვა.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ამ ინფორმაციას „საგანგაშო" უწოდა.

„ეს საგანგაშოა. ჩვენს სამხედროებს კონტაქტის ხაზზე რაციებში მუდმივად ესმით უცხოური სიტყვები და ენები. ეს ნიშნავს, რომ უცხოელები უკვე იქ არიან. ჩვენ მათ ვანადგურებთ", - განაცხადა პესკოვმა.

ჯერჯერობით ამაზე განცხადება საფრანგეთის მხრიდან არ გაკეთებულა. თუმცა, საინტერესოა, რომ 2 დღით ადრე საფრანგეთის სახმელეთო ძალების მეთაურმა, გენერალმა პიერ შილმა, პირობა დადო, რომ ქვეყანა 2026 წელს მზად იქნება საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში სახმელეთო ძალების განლაგებისთვის.

„ჩვენ მზად ვიქნებით უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, უკრაინის მხარდასაჭერად ძალები განვათავსოთ", - განაცხადა გენერალმა და დაამატა, რომ, მისი პროგნოზით, 2026 წელი „კოალიციების წელი იქნება".

ეს განცხადება საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსის, ფაბიენ მანდონის განცხადებას მოჰყვა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამ-ოთხ წელიწადში საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად უნდა იყვნენ, რათა „რუსეთის საფრთხეს გაუმკლავდნენ".

მიუხედავად იმისა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს შორის უკრაინაში სახმელეთო ძალების შესაძლო ფართომასშტაბიან განლაგებაზე აზრთა სხვადასხვაობაა, ამ ვარიანტმა 2024 წლის დასაწყისიდან კონტინენტის ქვეყნების მხრიდან მზარდი მხარდაჭერა მოიპოვა, რადგან უკრაინის სამხედრო პოზიცია გაუარესდა, - წერს ამასთან დაკავშირებით გამოცემა „ფორს ინდექსი".

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კიერ სტარმერმა ჯერ კიდევ, 2 მარტს განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი მზად არიან უკრაინის მიმდინარე საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად „მსურველთა კოალიციას" უხელმძღავნელონ. მან ცალსახად განაცხადა, რომ ეს მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს სახმელეთო ძალების და საბრძოლო ავიაციის განლაგებას უკრაინის პოზიციების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ფრონტის ხაზზე.

„მსგავსი პრეცედენტები ყოფილა, ამიტომ ტრაგიკული არაფერია"

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას აზრით, რუსული დაზვერვის განცხადება პროპგანდისტული ნარატივის ნაწილია.

„რამდენად დამაჯერებელია რუსული სამხედრო თუ სადაზვერვო სამსახურების ეს ინფორმაცია, ცალკე თემაა, რადგან ისინი, რა თქმა უნდა, მუშაობენ საინფორმაციო ომის ფორმატში და, რა თქმა უნდა, იყენებენ ამას შიდა მოხმარებისთვის. ჯერჯერობით საფრანგეთის პრეზიდენტს ამაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ადრე იყო საუბარი, რომ თუ დამყარდებოდა მშვიდობა და დაიდებოდა ზავი, ფრანგული მხარე სთავაზობდა, რომ ევროპულ ქვეყნების შეირაღებულ ძალებს მიეღოთ მონაწილეობა სამშვიდობო მისიის ფორმატში, ეს არის და ეს.

„რა თქმა უნდა, რუსები ამას იყენებენ და თავის კუდს აბამენ. საფრანგეთი, ცხადია, ეხმარება უკრაინას ორმხრივი და მრავალმხრივი სამხედრო თანამშორმლობის ფორმატში და ეს არ არღვევს საერთაშორისო სამართალს.

„არავითარი ფრანგული კონტიგენტის გაგზავნაზე საუბარი არ არის და ეს ყველაფერი რუსული საინფორმაციო ომის ერთ-ერთი ქეისია", - განაცხადა მაისაიამ.

რა მოხდება, თუ სხვა სცენარსაც განვიხილავთ და საფრანგეთი ამ ნაბიჯს გადადგამს, მაისაია გვპასუხობს:

მისივე აზრით, თუკი საფრანგეთი მართლაც განალაგებს თავის სამხედრო ნაწილებს უკრაინაში, ამას განსაკუთრებული არაფერი მოყვება.

„საფრანგეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს თუმცა, ჰიპოტეტურად, ასე რომც მოხდეს, აქაც არაფერია ისეთი.

„მაგალითად, კორეის კონფლიქტის დროს, 1950-53 წლებში, გაერომ მიიღო შესაბამისი დადგენილება და გააგზავნა კოლექტიური უსაფრთხოების ძალები. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი პრეცედენეტები არსებობს, ცივი ომის მაგალითზეა საუბარი.

„მეორე პრეცედენტი - როცა სადამ ჰუსეინი დაესხა კუვეითს, გაერომ მაშინაც მიიღო შესაბამისი დადგენილება, შექმნა კოლექტიური უსაფრთხოების ძალები. სამწუხაროდ დღეს გაერომ ეს ფორმატი ვერ მიიღო, რადგან ამას რუსეთი ბლოკავს, რადგან რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. თუმცა, თუ ეს მოხდა ორმხრივ დონეზე, კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში, ამაში მე ვერ ვხედავ ტრაგიკულ მოვლენას და ლოგიკურიც იქნება, თუ, რა თქმა უნდა, საფრანგეთი ამაზე წავა. თუმცა, საფრანგეთს ამაზე განცხადება არ გაუკეთებია", -განაცხადა მაისაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×