თამთა ჩაჩანიძე
29.10.2025

მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელის შეტანა ოპოზიციურ ფლანგზე „მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გამოცოცხლების" შანსს ქმნის. ამის შესახებ ენმ-ის ლიდერები საუბრობენ და ოპოზიციის ახალ გაერთიანებაზე მიანიშნებენ. ამ მოსაზრებას ნაწილობრივ ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან და არ გამორიცხავენ, რომ ამ სარჩელმა ენმ-ის წიაღიდან გამოსულ პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგოს.

თუმცა, რეალურად რას შეცვლის ასეთი გაერთიანება პოლიტიკურ ველზე, ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ თავად ოპოზიციური პარტიების გაერთიანების ფაქტი ზოგადად ოპოზიციის მხარდამჭერთა მობილიზებისა და კონსოლიდირების საფუძველი გახდება. ნაწილის აზრით კი, ამას არანაირი ხელშესახები პოლიტიკური შედეგი არ მოყვება.

გარდა ამისა, ამ სამ პოლიტიკურ ძალას ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ენმ და „ახალი" მუდმივად აკრიტიკებდნენ „ლელოს", რომელმაც 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა; „ახალის" წვერთა მნიშვნელოვან ნაწილს კი ყოფილი „ნაციონალები" შეადგენენ, რომლებმაც მწვავე დაპირისპირებისა და სკანდალის შემდეგ დატოვეს პარტია.

თუმცა ენმ-ში აცხადებენ, რომ შესაძლო გაერთიანებაში იგულისხმება მორიგება და არა შერიგება.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნებას", „ხალხის ძალას" და „ევროპელ სოციალისტებს" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ და ადრე დაანონსებული ათის ნაცვლად სამი პარტიის - ენმ-ის „ახალის" („კოალიცია ცვლილებებისათვის" და „ლელოს" აკრძალვას ითხოვენ. კონკრეტული პოლიტიკოსებისათვის ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესებაზე კი მმართველი პარტია უარს ამბობს.

რას მოიტანს გაერთიანება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი გაერთიანება მის პოტენციურ წევრებს პოლიტიკურ სარგებელს არ მოუტანს.

„ამ (გაერთიანების) ვარიანტს ბოლომდე არ გამოვრიცხავდი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოდ მეჩვენება. დავუშვათ გაერთიანდნენ, რას მოუტანთ მათ ეს გაერთიანება? რაღაც პოლიტიკური სარგებელი ხომ უნდა მოიტანოს ამან. მე მათთვის ასეთ პოლიტიკურ სარგებელს ვერ ვხედავ. თუ ეს პარტიები ერთმანეთში აითქვიფებიან და საკუთარ პარტიულ და პოლიტიკურ იდენტობას დაკარგავენ, ამით უფრო უარესს გაუკეთებენ თავის პოლიტიკურ მომავალს, ვიდრე იმით, რომ დამოუკიდებლად იბრძოლონ. მათ ადგილზე ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, მაგრამ ვნახოთ თავად რას იზამენ", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს ერთობა ოპოზიციის მომხრეთა კონსოლიდაციას გამოიწვევს.

„შესაძლებელია, რომ ეს სარჩელი გაერთიანების შესაძებლობა იყოს. ეს ერთობა მხარდამჭერებს უფრო მოიზიდავს. გარკვეულ კონფლიქტს ჰქონდა ადგილი და ყველამ მორატორიუმი უნდა გამოაცხადოს, რომ სანამ „ქართულ ოცნებას" არ გაისტუმრებენ, ერთად უნდა იყვნენ. გარდა ამისა, გამოხატონ მზადყოფნა, რომ ითანამშრომლონ სამოქალაქო საზოგადოებასთან. მათ შორის „თავისუფლების მოედანსაც" აქვს გეგმა და ვფიქრობ, პროდასავლირი ძალების ერთობა უნდა შედგეს. ამით პარტიულ იდენტობას არ დაკარგავენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

ვინ შეიძლება გაერთიანდეს და რა პეტსპექტივით

ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ გაერთიანების უფრო მეტი შანსი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას" და „ახალს" კოალიციაში შემავალი თავისი პატარა პარტიებით - „სტრატეგია აღმაშენებელი", „დროა" და „გირჩი - მეტი თავისუფლება".

„ვფიქრობ, გაერთიანების უფრო მეტი შანსი იმ პარტიებს აქვთ, რომლებიც „ნაცმოძრაობის" წიაღიდან გამოვიდნენ. ყველა ეს პარტია თავის დროზე ენმ-ის წევრი იყო. მიუხედავად გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობისა, საბოლოოდ მათ როცა აკრძალვის პრობლემა დაუდგებათ, გაერთიანების კანდიდატებად უფრო მეტად ეს პოლიტიკური ძალები მეჩვენება.

„ნაცმოძრაობის" წიაღიდან წამოსული პარტიების გაერთიანების მიზანი შეიძლება იყოს ძალების გაერთიანება და დასავლეთის მხარდაჭერის მობილიზება. ოპოზიციას დღემდე ასუსტებდა ის, რომ ერთმანეთში საერთოს ვერ პოულობდნენ მიუხედავად იმისა, რომ ერთი მიზანი ამოძრავებდათ - „ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან ჩამოშორება. ახლა, როცა აკრძალვის რეალური საფრთხე დაუდგებათ, ვფიქრობ ეს აიძულებთ, რომ შიდა უთანხმოებები გვერდზე გადადონ და გაერთიანდნენ, რადგან ცალკ-ცალკე არ მგონია ამ პრობლემისგან თავის დაღწევა შეძლონ.

„ლელოს" კი საკუთარი პარტიიის იდენტობის საკითხი უდგას. თუ „ლელო" მათში აითქვიფა და გაერთიანდა, ჩათვალეთ, რომ ის, როგორც პარტია, გათავდება. მას შეუძლია ცალკე იბრძოლოს, სარჩელი შეიტანოს იგივე სტრასბურგის სასამართლოში, საკუთარ ამომრჩეელს მიმართოს. ჩემი აზრით, ეს ბრძოლის უფრო რელევანტური გზაა, ვიდრე ენმ-სთან გაერთიანება, რადგან ამით „ოცნების" არგუმენტი დადასტურდება, რომ ის „ნაცმოძრაობის" მოკავშირე პარტიაა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს ყველამ გამოხატოს მზადყოფნა ერთობაზე.

„არ გამოვრიცხავ, რომ ყველამ გამოხატოს მზადყოფნა გაერთიანებაზე. „ლელოსთანაც" მოლაპარაკებები წარიმართოს და ისიც დათანხმდეს, რადგან მასაც ემუქრება გაუქმების საფრთხე", - განაცხადა ჩიტაძემ.

თუ სარჩელი დაკაყოფილდა...

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ სარჩელი დაკმაყოფილდა, სამი პარტია შეეცდება ამომრჩეველი ქუჩაში გამოიყვანოს.

„ისიც კი არ ვიცით საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს რამდენად დააკმაყოფილებს, ან რა ნაწილში დააკმაყოფილებს და რაში - არა. ამ პარტიების უკან ამომრჩელის საკმაოდ დიდი რაოდენობა დგას. თუ ეს პარტიები აიკრძალა, ისინი შეეცდებიან ამაზე ითამაშონ და თავისი მომხრეები გარეთ გამოიყვანონ. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი რაოდენობის მობილიზებას შეძლებენ.

„ამ პარტიების ადგილზე შესაძლოა სხვა პოლიტიკური ძალები შემოვიდნენ. ვფიქრობ, ამ სარჩელის გაუცხადებელი მიზანი ესეცაა - „ქართული ოცნება" ერთი გასროლით ორ კურდღელს იჭერს - ერთის მხროვ ენმ-სა და მის წიაღში წარმოშობილ რადიკალურ პარტიებს აუქმებს და ადგილს ათავისუფლებს ოპოზიციურ ველზე შედარებით ზომიერი პოლიტიკური ძალების შემოსასვლელად, როგორიცაა იგივე გახარიას პარტია და სხვები, რომლებიც ახლა ცდილობენ პოლიტიკურ ველზე ფეხი მოიკიდონ. ამას გრძელვადიანი შედეგი უნდა ჰქონდეს და მემგონი ამაზეა მათ შორის გათვლილი ეს ინიციატივაც, როგორც თავის დროზე „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა - ჯანსაღი ოპოზიცია რომ შეიქმნას, რათა ქართულ პოლიტიკურ ველზე „ოცნებას" ცივილიზებულად დაუპირისპირდეს და შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდეს. „ოცნების" რამდენიმე ლიდერის მინიშნებები მოვისმინე, რომ სულ ხომ არ ვიქნებით ხელისუფლებაშიო", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძე კი აცხადებს, რომ „ოცნება" პოლიტიკურ ველს ასუფთავებს რეიტინგული პარტიებისგან, რადგან ხვდება, რომ რეიტნგი დაკარგა.

„არ გამოვრიცხავ სარჩელი დაკმაყოფილდეს, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების კონტროლის ქვეშაა. „ოცნებაში" არც მალავენ. რომ პარტიებს იმიტომ აუქმებენ, რომ მაღალი რეიტინგი აქვთ და მათში კონკურენტებს ხედავენ. ამით ისინი პოლიტიკურ ველს ასუფთავებენ. ეს 13 წლის განმავლობაში არ სჭირდებოდათ, მანამდე ასე თუ ისე იმარჯვებდნენ და სახის შენარჩუნებას ცდილობდნენ - აი როგორი მრავალპარტიული სისტემა გვაქვსო. 2024 წლის არჩევნებზე გაუჭირდათ - დაინახეს, რომ მათი რეიტინგი უფრო და უფრო ეცემა. არჩევნები დემოკრატიული გზით რომ ჩატარებულიყო, „ოცნება" დამარცხდებოდა.

„პარტიების აკრძალვის შემთხვევაში მძლავრ აქციებს ველოდები. თავად ამ პარტიების მხარდამჭერები გამოვლენ და ცოტანი არ არიან. თუმცა, მოსახლეობასთან შეხვედრები აუცილებელია, რომ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდონ" - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×