მარიამ ვეკუა
29.10.2025

საკონსტიტუციო სასამართლო საინტერესო იურიდიული კაზუსის წინაშე აღმოჩნდა - პარტია „ლელო" იმ კანონების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლის საფუძველზეც მმართველმა პარტიამ „ლელოს" აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი აღძრა. კონსტიტუნაციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ეს ორი სარჩელი გავლენას მოახდენს ერთმანეთზე.

„ლელო - ძლიერმა საქართველომ" საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის წინ შეიტანა. პარტიის წარმომადგენელი გიორგი სიორიძის სიტყვებით, ისინი ასაჩივრებენ „იმ ანტიდემოკრატიულ ნორმებს, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო და რომელთა საფუძველზეც სურს, რომ ოპონენტი პოლიტიკური პარტიები აკრძალოს". მისივე თქმით, ეს ნორმები ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ასევე საერთაშორისო ნორმებს - ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.

მოსარჩელეები აცხადებენ, რომ ეს ნორმები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით ორი კვირის წინ მიიღო, კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს არღვევს: 23-ე მუხლი - პოლიტიკური პარტიების თავისუფლება; 25-ე მუხლი - საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება; 31-ე მუხლი - საპროცესო უფლებები; მე-60 მუხლი - საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები.

მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას" მზად აქვს სარჩელი სამი ოპოზიციური პარტიის - ენმ-ის, „კოალიცია ცვლილებებისათვის" და „ლელოს" აკრძალვის მოთხოვნი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 28 ოქტომბერს ისაუბრა იმ სამართლებრივ ჩარჩოზე, რასაც სარჩელი ეფუძნება.

კონკრეტულად, პაპუაშვილი, „ლელოს" მსგავსად, ახსენებს,საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოების ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მცდელობები.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" იმაზე საუბრობს, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ერთმანეთზე „ლელოსა" და „ოცნების" სარჩელებმა.

„არანაირი კაზუსი არ არის მანდ, „ლელო" ასაჩივრებს ბოლო დროს კანონებში შეტანილ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც ეხება პარტიების აკრძალვას, ფიზიკური პირებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას, არჩევნებში მონაწილოების აკრძალვას და ა.შ. მთელი რიგი საკითხებია. „ლელომ" ეს გაასაჩივრა არაკონსტიტუციურობის საფუძლით, ხოლო „ოცნებამ" შეიტანა კონსტიტუციური სარჩელი, კანონებში შეტანილი ამ ცვლილებების საფუძველზე სამი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. ზუსტად არ ვიცი „ლელოს" მოთხოვნა როგორია, თუმცა, სავარაუდოდ, იქნებოდა ამ ნორმების შეჩერების მოთხოვნა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

„დააკმაყოფილებს თუ არა ამას საკონსტიტუციო სასამართლო? მე პრობლემას სწორედ სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებაში ვხედავ. ერთი მხრივ, გასაჩივრებულია კანონების ნორმები და მეორე მხრივ არის სარჩელი ამ ნორმების საფუძველზე პარტიების აკრძალვის მოთხოვნაზე. შესაბამისად, ლოგიკას თუ მივყვებით, ჯერ უნდა დადგინდეს ეს ნორმები კონსტიტუციურია თუ არა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ არის კონსტიტუციური, უკვე შეუძლიათ იმსჯელონ მეორე სარჩელზე. ხოლო თუ სასამართლო დაადგენს ამ ნორმების არაკონსტიტუციურობას, მაშინ ის საფუძველიც აღარ იარსებებს, რის გამოც პარტიების აკრძალვას ითხოვენ.

„თუმცა, შესაძლებელია, პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დაიწყონ და დაიწყონ იმის გარკვევით, დასაბუთებულია თუ არა პარტიის აკრძალვის კონსტიტუციური საფუძველი. ჩემი აზრით, ეს საფუძველი არ არსებობს. თუ ასე მოხდა, მაშინ სასამართლო „ლელოს" კონსტიტუციურ სასჯელზე მსჯელობას გააგრძლეებს. ასე რომ, ვნახოთ", - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე მოახდენს თუ არა გავლენას ორი სარჩელი ერთმანეთზე, ხმალაძე გვპასუხობს:

„შეიძლება ითქვას, რომ ნებიმეირ სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებას გავლენა ექნება მეორე სარჩელზე, რადგან თუ ჯერ განიხილეს კანონის ნორმების კონსტიტუციურობა და შემდეგ პარტიების აკრძალვის სარჩელი, იმ კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, ეს გავლენას მოახდენს მეორეზე და პირიქით.

„პარტიების აკრძალვის საფუძველი უნდა იყოს ის, რაც კონსტიუციაშია დადგენილი და ამ დროს ნაკლები მნიშვნელობა აქვს კანონში რა წერია, სასამართლომ ამაზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს. ამ დროს შესაძლებელია მან არაფერი თქვას კანონის ნორმების კონსტიტუციურობაზე, ხოლო „ლელოს" სარჩელის დროს სწორედ კანონების ნორმების კონსტიტუციურობაზე უნდა იმსჯელოს.

„ანუ, „ლელოს" სარჩელი განხილვის შედეგი შეიძლება იყოს ან გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობა, ან ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობა, ან მთლიანად კონსტიტუციურად ცნობა ამ ნორმებისა. „ქართული ოცნების" სარჩელის შემთხვევაში გადაწყვეტილების შედეგი იქნება არა ზოგადი, არამედ კონკრეტული - კონკრეტული პარტიების აკრძალვა, ან არაკრძალვა. ეს არის არსებითი განსხვავება, თუმცა ორივე შემთხვევაშ მსჯელობა მოუწევს სასამართლოს - როგორც კანონის ნორმების კონსტუტციურობაზე, ასევე პარტიის საქმიანოაბზე. ასე რომ, ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთზე გავლენას მოახდენენ", - განაცხადა ხმალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×