
უკვე ერთი კვირაა, საერთაშორისო ბაზრებზე ოქროს ფასი საგრძნობლად შემცირდა. ეს მაშინ, როდესაც ბოლო წლების განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად, ძვირფასი ლითონის ფასი მზარდი აღმასვლით ხასიათდებოდა. ერთკვირიან პერიოდში, ოქროს ფასი 7.5%-ით შემცირდა, რაც 1 უნციაზე 460-დოლარიან კლებას ნიშნავს. ეს კი ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი ვარდნაა, თანაც მოკლე დროში. ამჟამად, 1 უნცია ოქროს ფასი 3920 აშშ დოლარია, რაც ფასის შემცირების მიუხედავად, წლიურ ჭრილში, 41%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ანალიტიკოსები ფასის შემცირებას კორექციას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ ათდღიან ვადაში, ოქროს ფასი კვლავ გაიზრდება.
რამ გამოიწვია ოქროს ფასის მკვეთრი ვარდნა? გავრცელებული ინფორმაციით, კლების მიზეზია აშშ-ჩინეთს შორის, პოტენციური შეთანხმების მიღწევა, რაც გეოპოლიტიკურ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. ამ დროს ინვესტორების ყურადღება საფონდო ბირჟებისკენ არის მიმართული. გაყიდული ოქროდან მიღებული თანხით, ინვესტორები კომპანიების აქციებს ყიდულობენ, რაც მათი რეკორდული ზრდით არის განპირობებული.
ანალიტიკოსი, „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და „რეზონანსთან“ საუბრისას ხაზს უსვამს, რომ ოქროს ფასის ერთკვირიანი ვარდნა ჩვეულებრივი კორექციაა და უახლოეს ათ დღეში ფასი ისევ გაიზრდება:
„ჩვენ ვხედავდით, რომ ოქრო გამუდმებით დინამიკურ აღმასვლაში იყო. ამიტომ უახლოესი ათი დღის განმავლობაში, ველოდებით ფასის ისევ გაძვირებას, რადგან ეს ჩვეულებრივი კორექციაა. უნდა აღინიშნოს, რომ ოქრომ უკვე მიაღწია ფასის ისტორიულ მაქსიმუმს, რასაც ჩვენც ვვარაუდობდით. ეს გამოწვეულია შიშის სინდრომიდან. გარკვეული პანიკაა სავალუტო ბაზრებზე, რა თქმა უნდა, რეგიონში არსებული და ზოგადად, მსოფლიო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე. დაძაბულობა მოიმატებს და ამიტომ ათი დღის ვადაში, ველოდებით, რომ ისევ დაიწყება ფასის აღმასვლა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.
მისი შეფასებით, ზოგადად, ნებისმიერ ბაზარს ახასიათებს ფასის კორექცია და მიაჩნია, რომ დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, ახლა ინვესტორების „თავშესაფარი“ ოქროა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ციფრული ოქროს, ანუ ბიტკოინის ფასმაც განიცადა მკვეთრი კორექცია - ჩამოვიდა დაბლა, მაგრამ, სავარაუდოდ, მისი ფასიც მოიმატებს. ფაქტობრივად, ოქრო და ციფრული ოქრო არის დღეს ინვესტორების „თავშესაფრის“ ერთადერთი საშუალება“, - დასძინა ნიკა შენგელიამ.
ანალიტიკოსის პოზიციას იზიარებენ ბიზნესმენებიც. ისინიც მიიჩნევენ, რომ გაძვირების ტენდენცია ჯერ არ შეიცვლება. „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი, თორნიკე სამხარაძემ „რეზონანსთან“ აღნიშნა, რომ ოქროს ფასის ერთკვირიანი ვარდნა დროებითია და მალე მისი ფასი კვლავ მოიმატებს:
„ოქრო, მსოფლიო მასშტაბით, ყველაზე სანდო საინვესტიციო საშუალებაა, ამიტომ მასზე გლობალური მასშტაბის ამბები მოქმედებს. უფრო სწორად, როდესაც მსოფლიოში, რამე კატაკლიზმა ხდება, ინვესტორები აქტიურად შედიან იწყებენ ოქროს შესყიდვას, სანამ არ გამოიკვეთაბ "დათბობის" ნიშნები. მოგეხსენებათ, 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მსოფლიოში სიტუაცია დაიძაბა, რამაც ოქროს ფასის კარდინალური ზრდა გამოიწვია. უკანასკნელი რამოდენიმე დღის კლება უკავშირდება ისრაელ-ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმებას და პოზიტიურ მოლოდინებს ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებით.
საერთოდ, მეოთხე კვარტალი ოქროს მიმართ მოთხოვნის ზრდით გამოირჩევა, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ მაინც ზრდისკენ შეტრიალდება ფასი, თუმცა შეიძლება რეკორდი - 4350 აშშ დოლარი უნციაზე - აღარ განმეორდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ თორნიკე სამხარაძემ.