თამთა ჩაჩანიძე
28.10.2025

„ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული ასაკრძალი პარტიების სია არც ისე გრძელი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო სარჩელში მხოლოდ სამი პარტიაა მოხსენიებული - ენმ, „ლელო" და „ახალი" („კოალიცია ცვლილებებისათვის"). კონკრეტული პოლიტიკოსებისათვის ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესებაზე კი მმართველი პარტია უარს ამბობს. სარჩელის დეტალებზე 28 ოქტომბერს ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა და მასში შეტანილი ცვლილებების მიზეზებიც დაასახელა.

აქამდე ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აკრძალვა, ენმ-ის გარდა, შეეხებოდა მასთან დაკავშირებულ 10-მდე პოლიტიკურ პარტიასა და რამდენიმე ასეულ ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსს.

სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს „ოცნება" , „ხალხის ძალა" და „ევროპელი სოციალისტები" ერთობლივად მიმართავენ. სარჩელი ჯერ გადაეცემა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტს, რომელმაც უნდა დაადასტუროს ხელმოწერების ნამდვილობა და შემდეგ ეს უნდა გადაიგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოს მაქსიმალური ვადა 9 თვეა სარჩელის განსახილველად.

„ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის მიზანი რეიტინგული პარტიების ჩამოშორება და ოპონენტების გაჩუმებაა. ოპოზიციის ნაწილმა ეს გადაწყვეტილება მძაფრად აღიქვა, ნაწილი კი პირიქით ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა გაერთიანებისთვის.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია კი, რომელიც სიაში მოხვედრას გადაურჩა, სარჩელის გასაჯაროვებამდე და შალვა პაპუაშვილის საგანგებო ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე შევიდა პარლამენტში, მიიჩნევს, რომ ეს აკრძალვა შეიძლება მოჩვენებითი, „ფეიკ პროცესი" იყოს.

მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება ოპოზიციაში პოლიტიკურ პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ახალი ბზარებისა და დაპირისპირებების გაჩენის საფუძველიც გახდეს.

იკრძალება „ლელო", მაგრამ არ იკრძალება მასთან კოალიციაში მყოფი ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები"; ასევე პარტია „გახარია საქართველოსთვის", რომელიც „ლელოსთან" ერთობლივად მონაწილეობდა 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში.

იკრძალება ენმ, მაგრამ არ იკრძალება მისი უახლოესი პოლიტიკური პარტნიორი „სტრატეგია აღმაშენებელი".

იკრძალება „ახალი", მაგრამ არ იკრძალება მასთან კოალიციაში მყოფი „გირჩი - მეტი თავისუფლება" და „დროა".

საბოლოო ჯამში კი „ოცნება" ითხოვს ოთხი ბარიერგადალახული პარტიიდან სამის აკრძალვას, რომლებმაც ბოიკოტი გამოუცხადეს ახალ პარლამენტს და მის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ. მეოთხე - „გახარია საქართველოსთვის" კი სწორედ იმის გამო არ მოხვდა სარჩელში, რომ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ვინ აიკრძალა და ვინ არა - არგუმენტები

„ოცნებამ" პრაქტიკულად თავადვე აღიარა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი პარტიების რეიტინგი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კიდევ რამდენიმე პარტიას - „დროას", „გირჩი - მეტი თავისუფლებას", „სტრატეგია აღმაშენებელს", „ევროპულ საქართველოს" და „ფედერალისტებს" - „მათი სიდიდით, სტრუქტურით ბარიერის გადალახვის პერსპექტივა არ აქვთ" და „მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება".

თუმცა, შალვა პაპუაშვილის აცხადებს, მათი არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხიც შეიძლება დადგეს მოგვიანებით დღის წესრიგში, თუკი ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ.

სარჩელი თეა წულუკიანის თავმჯდომარეობით მოქმედი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეფუძნება.

პაპუაშვილის თქმით, სარჩელში, „სხვა დარღვევებთან ერთად, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები, პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში, უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო პოლიტიკურ, ისე საგარეო პოლიტიკურ ლეგიტიმაციას".

მისი თქმით, კონსტიტუციური სარჩელი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ დარღვევებს: საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა და ძალადობით შეცვლა და ადამიანის უფლებების ხელყოფა.

ამბობს, რომ „პოლიტიკური პარტიის საქმიანობა უშუალოდ და მჭიდროდ დაკავშირებულია თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაისთანაც, რომლიდან გამომდინარეც, დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის ისეთი საქმიანობა, რომელიც უგულებელყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას ან საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს რომელიმე ფუძემდებლურ პრინციპს".

პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციურ სარჩელი არ გავრცელდება პარტია „ლელოს" 59 წევრზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, საკრებულოს წევრები გახდნენ, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის" „სამართლებრივად თავი დაიძვრინა".

„ორ კრიტერიუმს ეფუძნება ჩვენი მოთხოვნა - პირველი არის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება, მეორე არის თვითონ პარტიის რელევანტურობა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" შემთხვევაში, მთავარი სამართლებრივი ხაზი იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი, თუმცა, მათ იმ ნაბიჯით, რომ თავის დროზე მანდატები შეინარჩუნეს, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პარლამენტში საქმიანობას განაახლებდნენ და დღეს განაახლეს კიდეც, ამ მხრივ, ამ არგუმენტისაგანაც თავი გაითავისუფლეს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ „ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული პირების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით ამ ეტაპზე აღარ მიმართავს

სარჩელი, როგორც ოპოზიციის გაცოცხლების შანსი?

„ეს ცირკი სინამდვილეში დიდი შესაძლებლობაა გაერთიანებისთვის. ან ახლა, ან არასდროს!", - აცხადებს ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და დასძენს, რომ „ლელოს" არჩევნებში კოლაბორაციამაც არ უშველა".

„ეს შეიძლება გახდეს ახალი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ის ადამიანები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ივანიშვილის მოღალატე კრიმინალთა ბანდას და იბრძვიან ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, გავერთიანდეთ ერთიან ფრონტში", - ამბობს ბოკუჩავა.

ამავე პარტიის წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ ეს ახალი შესაძლებლობაა:

„დღეს რაც მოხდა, შესაძლებლობაა მომაკვდავი პოლიტიკური პროცესის გაცოცხლებისთვის... გამოვიყენოთ ეს შანსი და ვაჩვენოთ რეალური ერთიანობა, არ მჯერა პოლიტიკოსების შერიგების, მაგრამ მორიგების მჯერა".

აკრძალვა, როგორც „ფეიკ კამპანია"

გახარიას პარტიის დეპუტატს გიორგი შარაშიძეს ეჭვი ეპარება, რომ ეს პროცესი რეალური იყოს.

„დრო აჩვენებს ეს საკონსტიტუციო და პარტიების აკრძალვის კამპანია სინამდვილეში შემდგომი კიდევ ერთი მორიგი „ფეიქ" კამპანია ხომ არ არის „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის? დარწმუნებული ვარ, რომ „ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორს, როგორც შიშის ფაქტორს პოლიტიკური ველიდან არასდროს გააქრობს. „ნაციონალური მოძრაობის" ფაქტორი, როგორც ხალხის დაშინების ფაქტორი, მუდმივად იარსებებს, ეს საქმე ბოლომდე რომც მიიყვანონ და „ნაცმოძრაობა" აკრძალონ. ეს არაკონსტიტუციურია, მაგრამ ძალიან დიდი ეჭვი მეპარება რომ ეს გააკეთონ, რადგან „ოცნება" „ნაციონალური მოძრაობის", როგორც მთავარი შიშის ფაქტორისა და საფრთხობელას არ არსებობის პირობებში, ხელისუფლებას ძალიან მალე დაკარგავს", - განაცხადა შარაშიძემ.

გამოხმაურებები

მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, „რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია".

მან სოლიდარობა გამოუცხადა სარჩელშ მოხვედრილ პარტიებს და განაცხადა, რომ „ოპონენტების ასეთი დევნა, არა მხოლოდ ანგრევს მრავალპარტიულ დემოკრატიას, შლის საზოგადოებას და ანადგურებს სახელმწიფოს."

„ლელომ" საგანგებო ბრიფინგზე პირობა დადო, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება.

„წინააღმდეგობა რუსული რეჟიმისა და „ქართული ოცნების" პირისპირ იქნება უკომპრომისო და იქნება პრინციპული, იმიტომ, რომ არ არსებობს სხვა გზა, რომელიც ჩვენ გამოგვიყვანს ამ კრიზისიდან. „ქართულ ოცნებას", ივანიშვილს, მის პოლიტიკურ დამნაშავეებს მოუწევთ აუცილებლად პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ მათ მიიღეს ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და სამართლებრივი აქტები", - აღნიშნავს „ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

სპეციალური ბრიფინგი გამართეს „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა. პარტიის წარმომადგენელმა თენგო თევზაძემ განაცხადა, რომ „რეჟიმმა და ივანიშვილმა კიდევ ერთხელ, გამოხატულად თქვა, რომ ის არის სუსტი და ეშინია ეროვნული ძალების სამართლიან არჩევნებში". მისი თქმით, კოალიცია ყველა ბერკეტს გამოიყენებს „ოცნების" დამარცხებისთვის.

„ახალის" მოკავშირე „დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბრძოლა იქნება „ბოლომდე". მისი თქმით, „ამ ხელისუფლების მიერ პარტიების აკრძალვა ისევე უკანონოა, როგორც მთლიანად ეს არალეგიტიმური, რუსული ხელისუფლება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×