რეზონანსი
28.10.2025

 თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი პატიმრობაში მყოფი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს აფასებს. კერძოდ, ხაბეიშვილის თქმით, „ივანიშვილის მშვიდობიანად დამხობაზე" საუბრისას ის მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, როგორც პოლიტიკოსი, ხოლო სლოგანი „ცეცხლი ოლიგარქიას" არ ნიშნავს „ცეცხლის მინთებას და დაწვას".

შარმანაშვილის შეფასებით, ხაბეიშვილის ამგვარი განცხადებები არასერიოზულია და ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა.

„სანამ რევოლუციონერობანას თამაშს დაუწყებდა, მას უნდა სცოდნოდა, რომ ამას შედეგი მოჰყვებოდა, როცა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაზე დაიწყებდა ლაპარაკს, მოჰყვებოდა არა მისი პოპულარობა, არამედ შედეგი. ახლა ორი თვე საკანში რომ იჯდა, ეტყობა, რევოლუციონერის მძიმე ხვედრი არ მოეწონა, ცოტა გვერდზე გაიწია, „არც ისეთი რევოლუციონერი ვარ, თქვენ რომ გგონიათო". მაგრამ ეს არასერიოზული ქმედებაა, ის კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიოდა, რაზეც პასუხს აგებს", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სასამართლო სხდომაზე ხაბეიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ლევან ხაბეიშვილი კვლავ პატიმრობაში დარჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×