ლევან მეხუზლა: ,,მთავრობის გადაწყვეტილებამ ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო"
ქეთო გოგოხია
28.10.2025

რთველი-2025 დასასრულს მიუახლოვდა. მთავრობამ პირობა შეასრულა და მოსავლის შეუფერხებლად ჩაბარება ყველა მევენახემ შეძლო. ახლა სწორება ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტზეა, რაც ასევე წარმატებით ხორციელდება. დარგის მხარდამჭერი ღონისძიებები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ქართული ღვინოს ცნობადობა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე იზრდება, რასაც უცხოელი პარტნიორები პირდაპირ აღიარებენ. შესაბამისად, უფრო მეტი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ქართველი მეღვინეები წარმატებით წარდგნენ გლობალურ გამოფენებზე და რეალიზაციის არეალი გააფართოვონ.

სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდაჭერამ და სწორმა დარგობრივმა პოლიტიკამ მეღვინეობის ინდუსტრია მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა საწარმოები, გაუმჯობესდა ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების გეოგრაფია. რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტი და გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა.

წლევანდელი მოსავალი უკვე დათვლილია და აღმოჩნდა, რომ ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი, რეკორდული რაოდენობის ყურძენი მოიკრიფა. 28 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს მევენახეობის რეგიონებში 335 ათასი ტონა ყურენი გადამუშავდა, ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე  მევენახე ფერმერმა დააბინავა.

აქედან უდიდესი წლი, კახეთზე მოდის, სადაც გადამუშავებულია 327 ათასამდე ტონა ყურძენი - 172 ათასამდე ტონა რქაწითელი, 135 ათასამდე ტონა საფერავი, დანარჩენი კი, სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.  

რთველი დასრულდა რაჭაში, სადაც  რეკორდული რაოდენობის 3 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავდა. 

ყურძნის კრეფა კიდევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონში, ლეჩხუმში მიმდინარეობს. ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ღვინის კომპანიებს ყურძენს შეფერხების გარეშე აბარებს. ღვინის კომპანიების მიერ მიღებულია 500 ტონამდე ყურძენი. წელს, ლეჩხუმში მოსავალი 1.4 ათასამდე ტონის ფარგლებშია.

წელს ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ხარისხის მიხედვით  დიფერენცირებულ ფასად იბარებდა: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს - 1.50 ლარად , „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ  სხვა საღვინე ჯიშებს  - 1.20 ლარად, არაკონდიციურ და  დაზიანებულ/ან დაავადებულ ყურძენს - 1.00 ლარად.

ღვინის ეროვნუილი სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის ისეთი გამართული საორგანიზაციო სისტემა, როგორიც წელს იყო, არასდროს ყოფილა.

,,მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ  ხარისხიანი ყურძნის ჩაბარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო. ხარისხიანი ყურძენი კი,  ხარისხიანი ღვინის დაყენების აუცილებელი ფაქტორია, რაც ცალსახად  ექსპორტის კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების, ახალი ბაზრების ათვისების და კონკურენტუნარიანობის გაზრდის გარანტია. ეს ყველაფერი, ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერებას ემსახურება, რადგან, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტიდან ქვეყანაში წლიურად, ნახევარ მილიარდამდე დოლარი შემოდის. სახელმწიფოს როლი რთველის პროცესში, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, გამოიხატება რთველის ორგანიზებაში, აღიცხვიანობაში, ხარისხის კონტროლში, მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივებაში” - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სუბსიდირების არსებული სისტემიდან გამოსვლაც შეაფასა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებამ ცალსახად გაამართლა.

,,გამართლდა ჩვენი პროგნოზი, რომ წელს ღვინის კერძო სექტორი, ჩაიბარებდა  200 ათასი ტონის ფარგლებში ყურძენს, გასული წლის მსგავსად, როდესაც ჯერ კიდევ მუშაობდა სუბსიდირების პროგრამა. სუბსიდიის დატოვება დიდად არ შეცვლიდა ამ სურათს, რადგან 20 თეთრიანი სუბსიდია, არ არის იმის მოტოვატორი, რომ უფრო მეტ ყურძენს ჩაიბარებდა კერძო სექტორი, განსხვავებით რაჭის რეგიონის 4-ლარიანი სუბსიდიისგან“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ 2025 წლის რთველის შეფასებისას.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ პერიოდში, დღე-ღამური გადამუშავება 10-12 ათას ტონს აღწევდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება დარგში არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა. მისი თქმით, პრობლემა ძირითადად  დაკავშირებული იყო რთველის პიკურ პერიოდში ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადების ზრდასთან, განპირობებული იყო სწორედ კლიმატური პირობებით. 

„უხვმა მოსავალმა და ნალექიანმა ამინდებმა, როგორც კახეთში, ასევე რაჭის რეგიონში, კრეფისთვის ხელსაყრელი პერიოდი შეამცირა, რამაც გამოიწვია პიკური დღეები და ღვინის საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა; განსაკუთრებით რთველის აქტიურ პერიოდში, როდესაც დღე-ღამური გადამუშავება აღწევდა 10-12 ათას ტონას. ღვინის საწარმოებში ყურძნის ჩაბარება დაკავშირებულია აღრიცხვასა და კონკრეტულ  ტექნოლოგიურ პროცედურებთან, რაც საჭიროებს გარკვეულ დროს, ამასთან ერთად, ყველას საწარმოს აქვს დღეღამური გადამუშავების საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობი და სიმძლავრეები“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

კახეთის ანალოგიურად, რთველი წარმატებით დასრულდა რაჭაში, სადაც მოსავალი 1400-ზე მეტმა მევენახემ დააბინავა, ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 23,5 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 60 ღვინის საწარმო.

 რაჭის რეგიონში, რთველის პროცესში კერძო სექტორის ჩართვბის სტიმულირების და მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა განხორციელდა. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც მევენახისგან ჩაიბარა არანაკლებ 3 ტონა და არანაკლებ 8 ლარად შეიძინა  „ხვანჭკარას“ მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულის, ასევე, 1 კგ მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. სახელმწიფო სუბსიდიის ოდენობა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ღვინის კომპანიები მიიღებენ, შეადგენს 4 ლარს.

რთველის დაწყებამდე ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარის“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევდნენ ჩასაბარებელი ყურძენს. ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში სპეციალური ბლოკპოსტები მოეწყო, რათა არ მომხდარიყო ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულსა და ალექსანდროულში შერევა. ამ ეტაპზე, გადამუშავებულია 3  ათას ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი, საიდანაც უდიდესი წილი ალექსანდროული და მუჯურეთულია.

„რაჭაში გვქონდა რეკორდული მოსავალი. მიმდინარე წელს რაჭაში გადამუშავდა 3 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 80%-ით აღემატება გასული წლის მოსავალს. ბოლო წლებში, გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა არ სცილდებოდა 2 ათას ტონას. რთველის საწყის ეტაპზე, კლიმატური პირობების გაუარესების შიშით, მოსახლეობამ ერთიანად დაკრიფა ყურძენი. დაკრეფილი ყურძნის რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ღვინის მარნებს შეეძლოთ გადამუშავება, რამაც განაპირობა საწარმოებთან დატვირთული მანქანების ნაკადის ზრდა. აღსანიშნავია, რომ რაოდენობის მატება არ ხდება ხარისხის ხარჯზე, რადგან რაჭაში ყურძენი ჯანსაღი და კონდიციურია, საშუალო შაქრიანობა 22%-ია, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ წელს რაჭული ღვინო იქნება განსაკუთრებული და მაღალხარისხიანი, მათ შორის, დაცული  ადგილწარმოშობის ღვინო „ხვანჭკარა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მისი ინფორმაციით, უკვე იგეგმება 2026 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების კიდევ უფრო სრულყოფის ღონისძიებები.

„2026 წლისთვის, საწყის ეტაპზე, რაჭის რეგიონში ვგეგმავთ საპილოტე პროექტის განხორციელებას, როდესაც დაწესდება ე.წ. „ყურძნის დაკრეფის ნებართვა“, როდესაც  მევენახეს წინასწარ, დაკრეფამდე ეცოდინება, თუ როდის უნდა დაკრიფოს და კონკრეტულად რომელ მარანში წაიღოს მოსავალი სარეალიზაციოდ. მსგავსი სისტემა წარმატებით მუშობს ესპანეთში.

წელს უფრო მეტად დაფასდა ის მევენახე, რომელმაც მოიყვანა ხარისხიანი და კონდიციური ყურძენი. ჩვენი რეფორმები სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ვზრუნავთ ყურძნის ხარისხზე და ვქმნით პირობებს, რომ ყველა მევენახეს შეეძლოს მოსავლის შეუფერხებელი დაბინავება,“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

რაც შეეხება რთველში მონაწილე ფერმერებს, წლევანდელი სეზონის მიღწევით ყველა მათგანი კმაყოფილია. გურჯაანელმა ფერმერმა ილია პიტუაშვილმა ,,რეზონანსთან" აღნიშნა, რომ ამინდთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემის მიუხედავად,  დიდი აქტიურობა დაფიქსირდა.

,,კარგი სეზონია იმ გაგებით, რომ ორგანიზაციული საკითხი იდგა მაღალ დონეზე, ფერმერებს მაქსიმალური ხელშეწყობა გვქონდა. მნიშვნელოვანი იყო ღონისძიებებიც, რაც მთავრობის მხრიდან მევენახეობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. გაუყიდავი ყურძენი არც შარშან დარჩენილა, მაგრამ მდგომარეობა მაშინ რადიკალურად განსხვავებული იყო, ქარხნების იმედად ვიყავით, ახლა მთავრობასთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება მოგვეცა და უფრო კომფორტულ პირობებში მოგვიწია მუშაობა.

 დაახლოებით 12 ტონამდე  მოსავალი მივიღე, შარშანდელთან შედარებით აშკარად მეტია. ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე გავყიდი. 2-3 წელიწადში ახალი მოსავალიც დაემატება და ეს მომცემს შესაძლებლობას, რომ ექსპორტზეც გავიტანო. რაც მთავარია, ფალსიფიკაციის პრობლემა აღარ იქნება, ჭარბი მოსავალი არ დარჩება და ხარისხზეც მეტი აქცენტი გაკეთდება. ძნელად წარმომიდგენია ადამიანი, ვინც შეიძლება უკმაყოფილო იყოს, მაქსიმალურად დაგვიდგნენ გვერდში", - აღნიშნა კახელმა ფერმერმა "რეზონანსთან" საუბრისას.

სეზონი წარმატებული აღმოჩნდა რაჭისთვის. ადგილობრივების თქმით,  ყველაფერი გაკეთდა იმ ღონისძიებების შესაბამისად, რაც სექტორს მოეთხოვება. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის მკვიდრმა ილია მენაბდემ დაადასტურა, რომ ხარისხით და რაოდენობითაც წელს გაცილებთ უკეთესი მოსავალი მიიღეს.

,,სახელმწიფო დარგს წლების განმავლობაშინ ასუბსიდირებს, თუმცა წელს განსხვავებული მიდგომაა და ეს რთველის სეზონსაც დაეტყო. საკმაოდ კარგად ჩაიარა სეზონმა, მოსახლეობა კმაყოფილია. გამოწვევა, ძირითადად, რიგებს უკავშირდებოდა, მაგრამ ესეც მალე აღმოიფხვრა. საერთოდ, ბოლო წლებია საკმაოდ ნორმალერად მიმდინარეობს რთველის საკოორდინაციო საკითხები რაჭის რეგიონში. მთავრობა სწორ ნაბიჯებს დგამს. 

წლევანდელი შემოდგომა უხვმოსავლიანი იყო, ჩვენი ყურძენი ხარისხიანია, სტანდარტს მაქსიმალურად მიახლოებული, ნატურალურ პროდუქციას ვქმნით და ექსპორტზეც გაგვაქვს", - უთხრა ,,რეზონანსს" ილია მენაბდემ.

გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფის სამუშაოებს,  რთველის შტაბი უწევდა კოორდინაციას. 

ამდენად, რთველი 2025-ის წარმატებისთვის სახელმწიფომ ფერმერებისთვის ყველა ხელსაყრელი პირობა შექმნა. ყველაფერი კეთდება, რომ ქართული ღვინო გლობალურ ბაზრებზე ღირსეულად წარსდგეს. საპატიო ნიშა ქართულმა პროდუქტმა წლების წინ მოიპოვა და ნდობაც გაამართლა. შესაბამისად, მოთხოვნა გლობალურ ბაზრებზე ზრდადია, 2024 წელი ამ მხრივ  ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მნიშვნელოვანია, რომ მიღწეული შედეგი წლიდან წლამდე უმჯობესდებოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×