თამთა ჩაჩანიძე
28.10.2025

 ქვეყანაში მიმდინარე პროტესტში ჩართული 7 პარტია ბრძოლის ახალ ეტაპს აანონსებს, შემდგომი მოქმედების 10-პუნქტიან გეგმასაც აქვეყნებს, რომელიც „თავისუფლების მოედნის" შეფასებით, ორ საყრდენზე დგას - ერთის მხრივ ხალხთან მუშაობა, მეორეს მხრივ კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დამოკრატიული ზეწოლის გაძლიერება ხელსუფლებაზე.

ახალი 10-პუნქტიანი გეგმის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები დაიწყებენ საზოგადოებასთან შეხვედრებს დედაქალაქსა და რეგიონებში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოდგენილი იქნება სტრატეგიები სხვადასხვა მიმართულებით და წლის ბოლოს მოეწყობა მასშტაბური ყრილობა, სადაც იმსჯელებენ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ შეკრებაზე დიდი პარტიის შექმნის შესახებაც გამოცხადდეს.

რაც შეეხება აქციებს, პარლამენტის წინ კვლავ უწყვეტი პროტესტია. 27 ოქტომბრის ღამეს მონაწილეები ხალხის სიმცირის გამო გზის სავალ ნაწილს ვერ კეტავდნენ, თუმცა საბოლოოდ რამდენიმე წუთით მაინც შეძლეს საავტომობილო მოძრაობის შეფერხება.

7 პარტიის მიერ დაორგანიზებულ 26 ოქტომბრის აქციაზე კი ინციდენტებიც მოხდა, „ფედერალისტების" ლიდერები გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს დაუპირისპირდნენ და ბანერის გაშლის ნებას არ აძლევდნენ.

„მიზნის მისაღწევად საჭიროა სანქციებზე მუშაობა, რეგიონებში გასვლა და ეკონომიკურ საკითხებზე ორიენტირება", - განუცხადა ანალიტიკოსმა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსს" ოპოზიციის იმ ნაწილის პერსპექტივაზე საუბრისას, რომლებიც ქუჩაში „ოცნების" პოლიტიკას აპროტესტებენ და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

10-პუნქტიანი გეგმა

ოპოზიციის 10-პუნქტიანი გეგმა „თავისუფლების მოედანის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გეგმა თსუ-ს პირველ კორპუსთან 27 ოქტომბერს გააჟღერა.

1.მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლა, კიდევ უფრო მეტ ადამიანთან სიმართლის მიტანა და ხელშეწყობა საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებისთვის:

2.ძლიერი ალტერნატივის ფორმირებისთვის, წლის ბოლოს მასშტაბური სამოქალაქო ყრილობის მოწვევა ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებიზე მსჯელობისთვის.

3.„თავისუფლების პროგრამის - საქართველოსთვის" 30 დღეში წარდგენა, რომელშიც განხილულ იქნება ყველა ის რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც გარდამავალ პერიოდში უნდა გადაიდგას.

4.უახლოეს 30 დღეში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებული დოქტრინის წარდგენა, სადაც ასახული იქნება როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით მშვიდობის პოლიტიკის ხედვა.

5."თავისუფლების მოედნის" პროფესიონალი და გამოცდილი წევრების ეტაპობრივი წარდგენა, ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი სფეროების ჩაბარების მიზნით.

6.საჯარო კამპანია ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის" მხარდასაჭერად.

7.საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის დაარსება.

8.„ოცნებაზე" საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და უკეთესი კოორდინაციისთვის დაფუძნდეს საგარეო პოლიტიკის საბჭო, სადაც შევლენ პარტნიორები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტი და ყოფილი დიპლომატები.

9.საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში უფრო გაძლიერებისთვის ევროპელ პარტნიორებთან დაწყებულია მუშაობა, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ.

10.გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულების დასტურად, ყოველ სამშაბათს უახლოესი 2 თვის განმავლობაში თსუ-სთან ხალხისთვის ანგარიშის წარდგენა და მათთან დიალოგი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გეგმა მისასალმებელია, თუმცა, უკეთესი იქნება დაემატოს ჯგუფი, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე იმუშავებს, რაც მოსახლეობისთვის მთავარი საკითხია.

„10-პუნქტიანი გეგმა მისასალმებელია, მოსახლეობასთან შეხვედრა, თბილისსა და რეგიონებში საბჭოების ჩამოყალიბება. ასევე კარგია საგარეო პოლიტიკის საბჭო და უცხოელ კოლეგებთან მუშაობა, თუმცა უკეთესი იქნება შეიქმნას ეკონომიკურ-სოციალური პრობლემების მოგვარების საბჭო. დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სანამ ევროპულ ფასეულობებზე საუბარს დავუწყებთ, მაინც პირველ რიგში ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები აწუხებს. ეს ოპოზიციის სუსტი მხარე ყოველთვის იყო. სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვებით, მოსახლეობის მთავარ პრობლემად უმუშევრობა და სხვადასხვა ტიპის სოციალური პრობლემებია. ტერიტორიების პრობლემა განიხილებოდა მეოთხე, მეხუთე პრობლემად.

"(წლის ბოლოდ დიდ შეკრებაზე) არ გამოვრიცხავ, რომ გეგმის საფუძველზე ახალი დიდი პარტია ჩამოტყალიბდეს, ან პოლიტიკური მოძრაობა მაინც, რომელსაც პარტიად ჩამოყალიბების პერსპექტივა ექნება", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რომ მსგავსი გეგმები ექსპრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა ორჯერ წარადგინა, თუმცა ჩავარდა და რითია განსხვავებული 7 პარტიის გეგმა, ჩიტაძემ გვითხრა, რომ მეხუთე პრეზიდენტის გეგმები ზედაპირული და პიარზე გათვლილი იყო, ეს გეგმა კი ისეთ პუნქტებს შეიცავს, რაც მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტს ითვალისწინებს, თუმცა ისიც არაა სრულყოფილი, რადგან ეკონომიკური ნაწილი აკლია.

„ამ გეგმაში უფრო კონკრეტული საკითხებია. ზურაბიშვილმა მოსახლეობას რამდენჯერმე მიმართა დიდი მიტინგების საშუალებით, მაგრამ თითქოს ერთი დღით ცხოვრობსო, რომ რაღაც მომენტში ყურადღების ცენტრში მოექცეს... გეგმებიც ისეთი ჰქონდა, რეალურად შედეგი არ მოჰყვა. ცუცქირიძის გეგმა პირველ რიგში მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობასთან შედგეს შეხვედრები, ასევე კონკრეტული პროგრამა იყოს გაწერილი. ამასთან, აუცილებელია ამ პროცესში ეკონომისტები იყვნენ ჩართული", - განაცხადა მან.

კითხვაზე, რა პერსპექტივა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ქუჩაში დარჩნენ, ჩიტაძემ გვითხრა:

„შეიძლება იურიდიულად მათი გაუქმება მოხდეს, მაგრამ დე ფაქტოდ ვერ გაუქმდებიან, რადგან ისინი გააგრძელებენ პოლიტიკურ საქმიანობას, პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას და ა.შ. ერთადერთი „ოცნება" მათ არჩევნებში მონაწილეობას თუ აუკრძალავს, მაგრამ აქ პერსპექტივა იქნება და „თავისუფლების მოედანმაც" გააჟღერა ეს იდეა - უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა. აუცილებელია დაარწმუნონ ისინი, რომ სანქციები ამოქმედდეს. სანამ „ოცნების" წინააღმდეგ საქნციები არ ამოქმედდება, სანამ გასდით და ყველა ანტიდემოკრატიულ ზომას მიიღებენ.

„მიზნის მისაღწევად საჭიროა სანქციებზე მუშაობა, რეგიონებში გასვლა და ეკონომიკურ საკითხებზე ორიენტირება", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×