
„ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის 12 წევრს პარლამენტში მწვავე კრიტიკით დახვდა. გაიმართა პირველი დებატებიც, თუმცა დეპუტატები აკადემიური ჩარჩოებიდან არ გასულან. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ცხარე სიტყვიერ დაპირისპირებებს პარლამენტის შემდგომ სხდომებზეც უნდა ველოდოთ, თუმცა ეს მალე ჩაივლის. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში შესვლას კი ისინი არ მიიჩნევენ პოლიტიკური პროცესების ქუჩიდან პარლამენტში გადანაცვლების დასაწყისად.
სხდომის დაწყებისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატთა 12-ეულს განუცხადა, რომ მათ დეპუტატის ფიცის დადება ერთი წლით დაუგვიანდათ, თუმცა, „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს".
მანამდე, გახარიას დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ საკანონმდებლო ორგანოში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ მათი შესვლა, ან არშესვლა „პარლამენტის ლეგიტიმაციის მიცემას არ ნიშნავს".
აღსანიშნავია, რომ 28 ოქტომბერს პარლამენტში პარტიის „გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო სიის მეორე 12-ეული შევიდა. პარტია თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ აღიარებდა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა. ამის ფონზე პარტიის სიიდან პარლამენტში მოხვედრილმა 12 დეპუტატმა ოფიციალურად თქვა უარი თავის მანდატებზე, თუმცა, სხვა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებისაგან განსხვავებით, პარტიას „გახარია საქართველოსთვის" არ გაუუქმებია თავისი პროპორციული სია.
ასევე მნიშვნელოვანი დეტალი ისიც, რომ პარლამენტშ შესვლის გადაწყვეტილებას თავად ექსპრემიერის პარტიაშიც ჰყავდა მოწინააღმდეგეები. მაგალითად, 27 ოქტომბერს გახარიას სიისთ პარლამენტში გასულმა რუსუდან თევზაძემ ოფიციალურად თქვა უარი თავის მანდატზე და პარტიაც დატოვა. ის საარჩევნო სიის 25-ე ნომერმა, ვატო ფაჩულიამ შეცვალა.
პირველი დებატები
„ოცნების" დეპუტატ ირაკლი კირცხალიას თქმით, გახარიას პარტიას მადლობა აქვს გადასახდელი უმრავლესობისთვის იმისთვის, რომ „დღეს დეპუტატები ჰქვიათ და დარბაზში სხედან". მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაში გახარიას დეპუტატებს მოუწევთ თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ „ნაცები" არ არიან.
„თურმე მხოლოდ თქვენი 8%-ია ლეგიტიმური... ერთი გახსოვდეთ, მადლობა გაქვთ გადასახდელი უმრავლესობის თითოეული წევრისთვის, რომ საერთოდ მოგეცით უფლება, რომ დღეს აქ სხედხართ და დღეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გქვიათ", - მიმართა კირცხალიამ.
„მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ თავის ღალატსაც ღალატობს - ეს ფრაზა გიორგი გახარიას შეეფერება", - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა.
მან გახარიას შეახსენა ჩორჩანისა და 21 ივნისის საქმე, დეპუტატებს კი კითხვით მიმართა - შერცხვათ თუ არა „ლელოსა" და „გახარია საქართველოსთვის" ლიდერებს, როდესაც გაერთიანდნენ.
ამის საპასუხოდ, გიორგი შარაშიძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა, რომ „სიმართლე მწარეა" და ამ სიმართლის მოსმენა მოუწევთ მათგან პარლამენტში, რომელიც ამიერიდან „ოცნების" „პარტიული ოფისი აღარ იქნება".
„ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპონენტებისგან მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ კრიტიკას მიიღებს". ამის საპასუხოდ გახარიას დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა უთხრა: „ბატონო თენგიზ, ფაქტებსა და „ნაცებზე" თუ გსურთ საუბარი, სჯობს დავიწყოთ იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის ელჩი ბრძანდებოდით, „ნაცების" დროს".
ხვედელიანის ამ რეპლიკას მცირე რეპლიკით უპასუხა თენგიზ შარმანაშვილმა და „უცოდინარი" უწოდა.
„მიხეილ სააკაშვილის კი არა, საქართველოს ელჩი ვიყავი", - აღნიშნა შარმანაშვილმა.
გადავა თუ არა პოლიტიკური პროცესები პარლამენტში
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, მხოლოდ გახარიას პარტიის შესვლით ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში გადადის.
„მხოლოდ გახარიას პარტიის შესვლით საკმარისი არაა ვთქვათ, რომ პოლიტიკური პროცესები პარლამენტში გადადის. მოგეხსენებათ როგორი ძალებია პარლამენტს გარეთ თავმოყრილი - სინამდვილეში ადამიანების მცირე ჯგუფია, მხარდაჭერა არ აქვთ, მილევადი პროტესტები და რუსთაველის გამზირზე საცოდაობა ამაზე მეტყველებს, მაგრამ ორგანიზატორები ადგილებზე რჩებიან და აქვთ ფული.
„გახარიას ჯგუფი პარლამენტში ფინანსური ვითარების გამო შევიდა - თვიური შემოსავალი 10 ათას ლარს აღემატება. იმ ორგანიზატორებს ალბათ აქვთ საშუალება, რომ თავისიანებს პარლამენტში შესვლაზე უარი ათქმევინონ, რადგან ეს კომპენსირებულია უფრო დიდი შემოსავლით. გახარიას პარტია ვერ იარსებებდა, რადგან თავის პროგრამით და იდეით არც პარტიაა და არც არაფერი. პარლამენტში კი შეიძლება ახალი გზები იპოვონ. ამით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პრაქტიკულად არაფერი იცვლება", - ამბობს მამრაძე.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ პარლამენტში 12 დეპუტატის შესვლა ბევრს ვერაფერს შეცვლის.
„ეს ბევრს ვერაფერს შეცვლის, შეიძლება ამ ფაქტორმა გახარიას გუნდზე იმუშაოს, მაგრამ არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს. უბრალოდ, „ოცნებას" ახლა რევანშის დრო აქვს და ამიტომ გამოდიან კრიტიკული განცხადებებით.
„გახარიამ ადგილობრივ არჩევნებზე მოკრძალებული შედეგი აჩვენა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პარლამენტში შესვლა. საპარლამენტო არჩევნებზე მას ბარიერის გადალახვის შანსი არ ექნება, თუ მანამდე რეიტინგული არ გახდა. პარლამენტს გარეთ მათ რეიტინგს ვერაფერს ცვლის. შევიდნენ, რათა პარლამენტში აქტიურობით ხმების მიღება შეძლონ. მეორეს მხრივ, ეს მაინც „ოცნებიდან" წასულთა პარტიაა, სხვა კატეგორიის ხალხია, მათთვის პარლამენტში ყოფნა უფრო კომფორტულია, ვიდრე მის გარეთ", - განაცხადა ძაბირაძემ.
წნეხი და კრიტიკა
პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პარლამენტის სხდომებზე „ოცნებისა" და „გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლების მხრიდან ერთმანეთის მწვავე კრიტიკასა და დაპირისპირებებს ვიხილავთ, თუმცა ეს მალე ჩაივლის.
„პირველი დღეა, შევიდნენ და ეს რა თქმა უნდა ყურადღებას იპყრობს, რაღაც მოვლენაა და შემდეგ ეს ყველაფერი მივიწყებული და მათი არსებობა რუტინული იქნება. შეიძლება გახარიას პარტიის მხრიდან ასეთი კრიტიკა იყოს - აი, ხომ ხედავთ როგორი კორუფცია ყიფილა, სადამდე მიიყვანეს საქმე, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებს აკავებენ, ამხელა ფულია ნაპოვნი.
„ოცნებამ" თავისი პოზიცია დააფიქსირა და ეს აუცილებელი იყო. ეს რომ დღეს არ გაეკეთებინათ, მაშინ კითხვებიც დაისმებოდა - რა, მოილაპარაკეს? მაგრამ ასე ხომ ყოველდღიურ რეჟიმში არ იქნება, „ოცნებისთვის" მხოლოდ წამგებიანია. ხანდახან შეიძლება გაუხსენონ-ხოლმე, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ იქნება", - განაცხადა მამრაძემ.
ვახტანგ ძაბირაძე კი ფიქრობს რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გახარიას პარტიაზე წნეხი გაძლიერდება.
„მთელი სამი წლის განმავლობაში გახარიას პარტიაზე პრესი მუდმივად იქნება. ვინც გახარიას ხმა მისცა, „ოცნების" ყოფილი ამომრჩეველია, საპარლამენტო არჩევნებში ხმების რაღაც ნაწილი წაართვეს და ამას გახარიას არ აპატიებენ. თან მათთვის კომფორტულია მუდმივად გახარიაზე, მის ღალატზე და იმაზე საუბარი, რომ მაინც შემოხვედით და ა.შ. წნეხი გაძლიერდება, სანამ ახალი არჩევნები არ იქნება", - განაცხადა ძაბირაძემ.