
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია სიცრუეზეა აგებული.
„უკვე სათვალავი აქვს არეული საზოგადოებას და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამდენი ყოვლად გაუგონარი, უსამართლო და უსტანდარტო რეზოლუციებისგან. თვითონვე გააბითურეს თავიანთი მიღებული რეზოლუცია, რადგან ყველა, მათ შორის ეს რეზოლუცია აგებულია სიცრუეზე.
ძალიან საინტერესოა ორი ევროკომისრის, ქალბატონი კალასის და ქალბატონი კოსის დამოკიდებულება იმ დასკვნის მიმართ, რომელიც დაწერა ეუთო/ოდირმა საპარლამენტო არჩევნების დროს", - აღნიშნა კირცხალიამ.
ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE) 25 ოქტომბერს, ბრიუსელში გამართულ პარტიულ კონგრესზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც „გმობს გაყალბებულ არჩევნებს" საქართველოში და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს.