
ოპოზიციური პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ლიდერები ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის სადავეების ხელში აღებას კვლავ ცდილობენ. ხშირად ისინი სცენაზე გამოსვლასაც კი ერიდებოდნენ, რადგან მათ არაერთ ასეთ განცხადებას სტვენითა და შეძახილებითაც კი შეხვდნენ პროტესტის მონაწილეები.
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია თითქმის ერთი თვე ცდილობდა მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას, თუმცა უშედეგოდ. გასულ წელს მასშტაბური გამოსვლები პრემიერ ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ დაიწყო. როგორც მაშინ თავად ოპოზიციონერები აღიარებდნენ, პროტესტის მასშტაბი იმან განაპირობა, რომ სათავეში პარტიები და პარტიებთან დაკავშირებული ლიდერები არ იდგნენ.
ამის შემდეგ დროდადრო მათი მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ პროტესტი „თვითდინებით არაფერს იზამდა" და გამოსავალი უნდა მოეძებნათ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არც მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ივარგა გამაერთიანებელ ლიდერად. მისი თქმით, დღეს ოპოზიციას ისეთი ლიდერი არ ჰყავს, რომელსაც ხალხის დიდი ნდობა ექნება და საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს გააერთიანებს.
„მიტინგებზე მოსვლა მკვეთრად აჩვენებს იმას, რომ ადამიანებს ოპოზიციური პოლიტიკა არ უნდათ. რომ იყოს მიტინგზე ვინმე, ვინც მათთვის სასურველ სიტყვას იტყვის, მოვიდოდნენ და ყურს დაუგდებდნენ. რადგან ხალხი ცოტაა, ე.ი. არავინაა ისეთი, რომლის პოზიცია ადამიანების დიდ რიცხვში ნდობას, სიმპატიას და მხარდაჭერას გამოიწვევს.
„ამ ლიდერებმა ჯერ კიდევ 2024-ში არჩევნების მერე გამოაცხადეს, ხელისუფლება ბოიკოტით დავსაჯოთო, მერე ამ ბოიკოტის ძახილით ამ არჩევნებზეც უარი თქვეს, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს არასწორი მოწოდება და სტრატეგია იყო. შედეგად „ოცნებამ" ორივე არჩევნებზე გაიმარჯვა და ოპოზიცია სუფთა ჰაერზე დარჩა. ოპოზიციის მხრიდან ეს იყო სისულელე. ადამიანებს უნდა სჯეროდეთ, რომ ვის მოწოდებასაც უსმენენ, ის ჭკვიანურ რამეს ამბობს. ინტელექტის მიმართ ნდობა თუ არაა, მერე ყველაფერი იკარგება.
„გარდა ინტელექტისა, ხალხს ასევე უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ ზნეობაც აქვს იმას, ვინც მათ რაღაცას მოუწოდებს, რომ უბედურებას არ გადაჰყრის. ამ დროს, ცოტა ხნით ადრე, ეს ოპოზიცია იძახდა, ომში ჩავებათო, ბომბები უფრო სასიამოვნოა, ვიდრე მშვიდობაო და არ მოგყვება ადამიანი ამ პოზიციაში, ეს მორალურად არაა მისაღები. ოპოზიცია ხალხს ფაქტიურად დასაღუპად წირავს.
„ადამიანს, რომელიც აბეზღებს, ზრდილობიანი ტერმინებით „მაბეზღარას" ეძახიან, ასეთი ადამიანი კი სიმპატიას არ იმსახურებს. დაბეზღება რეალობის გამხელაა და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ უარესი ქნა, დააბრალა, რომ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" რუსეთის პოლიტიკის გამტარებელიაო. ალბათ მოვა დრო და ამაზე მოსთხოვენ მას პასუხს. ერთია, როცა მიტინგზე ადამიანები, რომელთა სახელებიც არავინ იცის, იგივეს იძახიან და მეორეა, როცა ამას ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს. ამ განაცხადს უცხოელებიც ყურადღებით ეპყრობიან და თვლიან, რომ ვინ ვინ და, აი, პრეზიდენტმა ალბათ იცის სიმართლეო.
„ჯერჯერობით „ოცნების" ოპონენტებში ვერ მოიძებნება ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება, თუმცა იმედი მაქვს და არა გამორიცხული, რომ ამდენ ორომტრიალში გამოიძებნება ადამიანი, რომელიც მოახერხებს ხალხის გულისთქმა თავის სათქმელში მოაქციოს. ლიდერის მიმართ ყოველთვის რამდენიმე მოთხოვნაა, ქვეყნის იქნება, ქარხნის, თუ ოჯახის. მაგალითად, ოჯახის ლიდერად მამა ითვლება, ის ოჯახზე უნდა ზრუნავდეს, იცავდეს, ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ოჯახის წევრები უნდა ენდობოდნენ. ანუ ლიდერი უნდა იყოს მზრუნველი, ყველაზე უფრო გონიერი. მზრუნველი და დამცველი ვერ იქნება, თუ გაბედული არაა. თუ ეს თვისებები არის, ლიდერი გამოცხვება.
„ქალბატონი სალომეს ნაბიჯები რამდენად გონიერი იყო, კიდევ საკითხავია. გრძელვადიანი რაიმე მოსაზრება ვერ დადო. მან არათუ ქვეყანა ვინმესგან დაიცვა, არამედ პირველი გაიქცა სხვებთან და შეუტიეთ ჩემს ქვეყანასო. გაბედულება კი აქვს, მაგრამ მისი გაბედულების ფარგლები მისი ინტერესებითაა შემოსაზღვრული. ქვეყნის ინტერესით გაბედვაზეა ლაპარაკი. საქართველოს ისტორიაში მეფე თავს დებდა, რომ ქვეყანა არ აოხრებულიყო, თორემ თავის გადასარჩენად გაბედვა ლიდერის თვისება არაა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ შედარებით მცირე კალიბრის ლიდერები, მართალია, არიან, თუმცა ჯერჯერობით ისეთი არავინაა, რომელიც სრულიად საპროტესტოდ განწყობილ საზოგადოებას გააერთიანებს.
„რამდენიმე ლიდერი არის, მაგრამ ჯერჯერობით ისეთი ერთი გამოკვეთილი არაა, რომელსაც სრულიად საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების ნდობა აქვს. 26 ოქტომბრის მოვლენებმა გარკვეულწილად აჩვენა, რომ ოპოზიციაშიც უთანხმოებაა, ერთიანობა არაა. თვითონ სალომე ზურაბიშვილი ალბათ ლიდერი ვერ იქნება, რადგან მის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ხალხი არაა დარწმუნებული, რომ ის წაუძღვება პროცესებს, განსაკუთრებით ორი ჩავარდნილი გეგმის მერე ხალხს იმედები გაუცრუვდა",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.