ნატალია ჯვარიძე
27.10.2025

„ძლიერი საქართველო - ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და „ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, შემდეგ უკვე სტრასბურგის სასამართლოში წასვლას აპირებენ. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე სადავო არაფერია.

„ძლიერი საქართველო - ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართავს და მოითხოვს „ქართული ოცნების" მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობას. საკონსტიტუციო სარჩელი კონსტიტუციონალისტთა ჯგუფთან ერთად მომზადდა, რომლებიც პროცესშიც იქნებიან ჩართული.

„ძლიერი საქართველო - ლელო" საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართავს, რადგან თვლის, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლიტიკაში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევა „ოცნების" რეჟიმის მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია და აღნიშნული რეპრესიული ცვლილებების მიღება ქვეყანაში მნიშვნელოვან დემოკრატიულ რღვევას იწვევს, რაც დიქტატურას ამყარებს.

„ძლიერი საქართველო - ლელოს" განცხადებით, სრულიად აბსურდული და ანტიკონსტიტუციურია კანონის ის მოთხოვნა, რომელიც აკრძალულ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკურ აქტივობაში მონაწილეობის შეზღუდვას ისახავს მიზნად, რადგან ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე ნორმას, მათ შორის 23-ე, 25-ე, 31-ე და მე-60 მუხლებს და საერთაშორისო ნორმებს", - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მზად ვართ, საგნობრივად ვედავოთ, რადგან ამ შემთხვევაში პარლამენტი იქნება მოპასუხე. საპასუხო ნაბიჯების მომზადებაში ალბათ მეც მივიღებ მონაწილეობას. დანარჩენი სასამართლოში გაირკვევა. ჩვენ მიდგომა არაკონსტიტუციურად რომ მიგვაჩნდეს, ასეთი ფორმით არ მივიღებდით, თუმცა პარლამენტს მიუღია კანონები, რომლებიც არაკონსტიტუციურად ყოფილა ცნობილი, ამაში ტრაგიკული არაფერია. რაც შეეხება პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობას, თავად კონსტიტუციაშია აღწერილი, რა ფორმით ხდება ეს. ანუ, სადავო არ არის, რომ პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაძლებელია. აქ საუბარია ყველა კონკრეტულ პირზე, რომელიც ახალი კანონით განისაზღვრა. პარტია კონკრეტული ადამიანების მიერ შექმნილი ორგანიზაციაა. პარტიამ რაიმე არაკონსტიტუციური თუ ჩაიდინა, ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი იმ ადამიანებმა და ხელმძღვანელებმა ჩაიდინეს. პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე დავა ვერ გაიმართება, დავა შეუძლიათ მეორე ნაწილზე, რომელიც პიროვნებებს შეეხება. ერთიც და მეორეც სასამართლოში იდება და წარმოებაში მიღების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება ამ პირობებში იქნება მისაღები", - აცხადებს საპარალმენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი.

იურისტი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ სარჩელი სამართლებრივად კარგადაა დასაბუთებული, თუმცა ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მეც მიმაჩნია, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია და სარჩელი საკმაოდ კარგადაა დასაბუთებული იმისათვის, რათა სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნოს. თუმცა ბოლო წლებში საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ვიცით, თვითონ სასამართლო არ არის მიუკერძოებული და შესაბამისად, არა მგონია სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს. „ლელომ" თქვა, რომ სტრასბურშიც გააგზავნიან, რაც უპრიანია, რადგან ამ სასამართლოს იმედად ვერ დარჩებიან", - უთხრა ლია მუხაშავრიამ „რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×