
ექსპრემიერ გიორგი გახარიას ხალხის პარლამენტში დაბრუნება ისევ განხილვის ეპიცენტრშია - ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ პარტიის ზოგიერთი წევრიც უკმაყოფილო დატოვა. გახარიას გუნდს კიდევ ერთმა წევრი გამოაკლდა, "ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ყველაზე ჭკვიანი ოპოზიციონერებიდან სწორედ გახარია აღმოჩნდა, თუმცა თუ აქამდე პარლამენტში არშესვლის გამართლებისთვის ბრძოლა უწევდა, ახლა პირიქით - მისი შესვლა უნდა გაამართლოს.
პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში არშესვლა შეცდომა იყო და გიორგი გახარიას პარტია ახლა ამ შეცდომას ასწორებს.
„პარტიების უპასუხისმგებლობა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელია. თბილისში 220 ათასი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი 4 ოქტომბერს წავიდა არა რევოლუციაზე, არამედ არჩევნებზე. ამ 220 ათასს ადამიანს მოერგო გახარია, „ლელო" და „გირჩი". უმრავლესობა კი სახლში დარჩა - არც არჩევნებზე წავიდა და არც - რევოლუციაზე. გახარიამ ცურვა დინების წინააღმდეგ დაიწყო, რაც, ჩემი აზრით, თითქმის გმირობის ტოლფასია. ჩემთვის მისაღებია და აღტაცებული ვარ ხალხით, ვინც დინების წინააღმდეგ ცურავს.
პარლამენტის ლეგიტიმაცია ან არალეგიტიმაცია პარლამენტის არარსებობას არ ნიშნავს. არალეგიტიმური ნიშნავს, რომ რაღაცა არსებობს, ოღონდ ის არალეგიტიმურია. რაღაცის ლეგიტიმურობა ძალიან სპეციფიკური და ინდივიდუალურია. პარლამენტის არალეგიტიმურობაზე საუბარი იდიოტობაა, რადგან ეს „ქართული ოცნებისთვის" სასაცილო თემაა და მისთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა. ლეგიტიმაცია-არალეგიტიმურობაზე საუბარს თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ, როგორ ვმუშაობთ ამ რეალობაზე. წყალი არის ან სასმელი ან არის კანალიზაცია. ეს არის კანალიზაცია და ესენი [გახარია პარტიის წევრები] ამ სიბინძურეში შედიან, რათა რაღაც პრობლემები მაინც გამოასწორონ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პარტიამ „გახარია - საქართველოსთვის" 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისადმი გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და მე-11 მოწვევის პარლამენტში, პარტიის 12 წევრით, შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.
გუნდის რიგებიდან კიდევ ერთი გაქრა
პარტიის კიდევ ერთი წევრი, რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ უარს ამბობს პარლამენტის მანდატზე და ტოვებს პარტიას „გახარია - საქართველოსთვის".
მისი თქმით, გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის" წინააღმდეგ, თუმცა დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მიიღო ადამიანურად ურთულესი, მაგრამ მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება.
„მოგეხსენებათ, რომ 2021 წლიდან ვარ პარტია „გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორი. სწორედ პოლიტიკური პარტიის წევრის სტატუსით ვცდილობდი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებას. მოგეხსენებათ ისიც, რომ მაქვს დეპუტატის მანდატი, რომელიც კოლეგებთან და მეგობრებთან რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე ერთობლივი მუშაობით მივიღე. თუმცა დღეს და ახლა, საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე საშინაო და საგარეო გამოწვევების ფონზე, მივიღე ადამიანურად ურთულესი, მაგრამ, ვფიქრობ, მოქალაქეობრივად სწორი გადაწყვეტილება ჩემი შვილებისა და მათი თაობის მომავლის სასარგებლოდ.
უარს ვამბობ პარლამენტის მანდატზე და ვტოვებ პარტიას. პ.ს.ხმამაღლა და მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩემი გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ არის მიმართული პოლიტიკური ძალის „გახარია საქართველოსთვის" წინააღმდეგ. ჩემი კოლეგები ჩემთვის კვლავაც რჩებიან მეგობრებად და ჩემთვის პატივსაცემ პროფესიონალ ადამიანებად და ვუსურვებ მათ წარმატებას ამ გზაზე", - წერს ის სოციალურ ქსელში.
„ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ."
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას გუნდიდან გადინების საკითხს გამოეხმურა.
„დღეს გახარიას პარტიიდან რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე. ის 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს იყრიდა როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის მაჟორიტარი, სადაც არის 67 ათასი ამომრჩეველი. მან მიიღო 369 ხმა. მისი აქ ყოფნა ან არყოფნა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტისთვის, აქედანაც შეგიძლიათ დაასკვნათ. ...ახლა უწევთ საპარლამენტო არჩევნების აღიარება და არიან რთულ მდგომარეობაში, რომ რაღაც გამართლება მოუძებნონ, მაგრამ უფრო სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს," - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ფაქტობრივად, პარტიაა, რომელიც ფორმალურადაც გარედან იმართება, გიორგი გახარიას მიერ, რომელიც გარეთ ანუ გერმანიაშია და ლენინივით გერმანიიდან ცდილობს აქ რევოლუციების ორგანიზებას", - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისის მერმა კი განაცხადა, რომ გახარიას პარტიაში მიხვდნენ, რაოდენ სისულელე იყო გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტში არშესვლის შესახებ ჰქონდათ მიღებული.
„გახარიას პარტია [პარლამენტს] ლეგიტიმაციას ვერ მისცემს, ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი. ქართველმა ხალხმა უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს". პარლამენტს და კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, სხვათა შორის, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანი ესენი გამოდგნენ. რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც არშესვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ მიღებული. რა თქმა უნდა, ამით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას" და პარლამენტს ამით არაფერი დაჰკლებია", - განაცხადა კახა კალაძემ.
„გახარიამ ბრძოლას უღალატა"
ოპოზიციაში გახარიას ისევ ალმაცერად უყურებენ, ამბობენ, რომ მან საერთო ბრძოლას უღალატა;
„მგონია, რომ უბრალოდ ბრძოლის ღალატია და ამ ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ვიწროპარტიულ, მერკანტილურ ინტერესებს და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს, ვისთვისაც პირიქით ივანიშვილის პარლამენტში ერთპარტიული ყოფდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ამით ივანიშვილი საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა. [ეს უფრო მნიშვნელოვანია] ვიდრე გახარიას პარტიის 12 წარმომადგენლის პარლამენტში ყოფნა, რომელთა პირველადი მიზანიც არის თვითგადარჩენა, როგორც პოლიტიკური, ისე ფინანსური", - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ.
გახარიას ყოფილი გუნდელი დიმიტრი ცქიტიშვილიც ფიქრობს, რომ პარლამენტში შესვლა დიდი შეცდომაა, რაც რეჟიმს ლეგიტიმაციას აძლევს.
„პარლამენტში შესვლა, რა თქმა უნდა, შეცდომაა. თუ მაშინ შესვლა შეცდომა იყო, ახლა კიდევ უფრო დიდი შეცდომაა, არცერთ შემთხვევაში გამართლებული არ არის. ეს არის მცდელობა, რომ ლეგიტიმაცია მისცენ. კი იძახიან, არ მივეცით ლეგიტიმაციაო, მაგრამ მათი მხრიდან ეს ლეგიტიმაციის მიცემაა, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, ასეა. ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტი ლეგიტიმური გახდება იმიტომ, რომ საერთაშორისო სისტემაში და ქართულ საზოგადოებაში შედგა ის, რომ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, მაგრამ გახარიას პარტიამ მათ თავისი მხრიდან მისცა ლეგიტიმაცია იქ ყოფნითა და იქ მუშაობით", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.