
26 ოქტომბრის პროტესტი ოპოზიციაში კიდევ ერთი მწვავე დაპირისპირების მიზეზი გახდა, „ნაცმოძრაობა" თამარ ჩერგოლეიშვილს აქციის მისაკუთრებაში ადანაშაულებს. თავად „ფედერალისტების" ლიდერი ამბობს, რომ აქციიდან „8 პარაზიტი გააძევა", რომლებსაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები ეჭირათ და „აქციის დღის წესრიგის მიტაცებას ცდილობდნენ".
სოცქსელებში ვრცელდება დაპირისპირების ვიდეოებიც. ერთ-ერთ ვიდეოში მოქალაქე მესამე პრეზიდენტის ბანერის მაღლა აწევას ცდილობს, თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია კი მას მიმართავენ სიტყვებით - „თქვენი აქცია ხომ არაა, ასეთ შეურაცხყოფას რატომ გვაყენებთ?" რის შემდეგაც სავარაუდოდ „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი რეპლიკის სახით ამბობს:
„ეს ქალი ავადაა? 2016-ში ამათ დააქციეს აქაურობა და ეს იღებს ხმას?" - ისმის მოქალაქის რეპლიკა და თან ცოლ-ქმარს აგინებენ.
ამავე ვიდეოში ბოკერია ამბობს, რომ ეს „მთელი საქართველოს" აქციაა და არა „ერთი ლიდერის".
„გუშინ 26 ოქტომბერს, საღამოს აქციაზე, პარლამენტის წინ 19:35 -ზე ჩერგოლეიშვილი ეუბნება სააკაშვილის მომხრეს, რას გვტენი მაგ მიშას პლაკატსო, იქვე ბოკერია იდგა და ანიშნა თამარას, რომ მასე ნუ ამბობო და ჩერგომ მომენტალურად შეუტრიალა იმ ქალბატონს, მიშა შესატენიაო?... მიტო ეზიზღებით ორივე ცოლ-ქმარი მიშას მომხრესაც და სხვასაც!" - წერს ენმ-ს ერთ-ერთი მხარდამჭერი.
„ნაცმოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი აქტიური მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძე ჩერგოლეიშვილ-ბოკერიას ქვეყნის ამომგდებებს და ბიძინას სტაჟიან აგენტურას უწოდებს.
„ბიძინას სტაჟიანი აგენტურა-ცოლ-ქმარი ჩერგოლეიშვილები დღეს რუსთაველზე სააკაშვილის სურათით მდგარ ქალს დაეტაკნენ - დემოკრატია ზუსტად ისე ესმით, როგორც მათ პატრონ ივანაშვილს. აწი რუსთაველზე ვინც მიხვალთ-ჩერგო/ბოკესგან აიღეთ ნებართვა, ხელში რა დაიჭიროთ. ხალხის ბრალიცაა ამდენს რომ უბედავენ - მინიმუმ პირში კაი მამა-პაპურად უნდა აგინონ. სხვანაირად არ დაყენდებიან ეს ქვეყნის ამომგდებები", - წერს ორჯონიკიძე.
ირინა სარიშვილი მომხდარს 10 წუთიან ვიდეომიმართვას უძღვნის, შესავალში ამბობს, რომ აქციაზე იყო, თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. საერთო ჯამში ყოფილი პოლიტიკოსი აქციით ძალიან უკმაყოფილოა, ის მწვავედ აკრიტიკებს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ბოკერია-ჩერგოლეიშვილს. სარიშვილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს 4 ოქტომბრის ორგანიზატორების სახელების ხსენებაც არ უნდა „ისევე, როგორც თავის დროზე მისი დამქაშები და მის გარშემო გაერთიანებული გაუგებრობები არ ახსენებენ მიხეილ სააკაშვილს, როგორც პოლიტპატიმარს".
კრიტიკის საპსუხოდ ჩერგოლეიშვილი რამდენიმე პოსტს წერს. ამბობს, რომ აქციიდან რვა პარაზიტი გააძევა.
„ის 8 ცალი პარაზიტი რომ გავაძევე, აქციის დღის წესრიგის მიტაცებას რომ ცდილობდნენ ზურაბიშვილის და სხვა გამომსვლელების ფონზე მათი ბანკროტი ბელადის ფოტოების აფრიალებით, ვიღაც დამფრთხალი მომადგა - შენ ხომ კონსტრუქციული ხარო. არა მეგობრებო - კონსტრუქციული ვარ დემოკრატებთან, მათთან, ვინც დემოკრატიულ, ერთმანეთის პატივისცემაზე აგებულ თამაშის წესებს თანხმდება.
ავტოკრატებისთვის, მოძალადეებისთვის, ჯაყოებისთვის, მათთვის, ვინც სხვისი დღის წესრიგის მიტაცებას და დესტრუქციას ცდილობს - ვარ დესტრუქციულზე დესტრუქციული. ავტოკრატები დემოკრატებს ნულოვანი შედეგის თამაშს გვეთამაშებიან.
ან ჩვენ გავანადგურებთ, ან ისინი გაგვანადგურებენ. ნებისმიერი სხვა სცენარი თავის მოტყუებაა და თავის მოსატყუებლად არ გავუჩენივარ თამაზ და ლეილა ჩერგოლეიშვილებს - ეწყინებათ ძალიან თავის მოტყუება რომ დავიწყო ამ ასაკში. ანუ ავტოკრატებისთვის მუდამ დესტრუქციული ვიქნები - ესაა სწორი, ესაა ქრისტიანული," - წერს ჩერგოლეიშვილი.
ენმ-ს წევრი ლევან სანიკიძე ამბობს, რომ აქციის დასაკუთრებას არავინ არ უნდა შეეცადოს, მით უმეტეს, როცა ბოკერიას პარტია ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას.
„მგონია, რომ აქციის მისაკუთრებას არავინ უნდა ეცადოს, ეს არის ძალიან უმადური საქმე. მე არ მგონია, რომ იქ ადამიანები ვინმე კონკრეტული, ერთი პიროვნების მოწოდების შედეგად მივიდნენ. ეს არის საერთო სახალხო პროცესი. მით უმეტეს 26 ოქტომბერზე როდესაც ვსაუბრობთ, ბატონი ბოკერიას პარტია არჩევნებში საერთოდ არ იღებდა მონაწილეობას, ბიულეტენზე არ იყო დატანილი, ამიტომ მისი აქცია ეს ვერ იქნებოდა. სახალხო პროცესია, რომელსაც ვერ ეყოლება თავში ვერცერთი კაცი, ქალი. ეს არის პროცესი, რომელიც გამარჯვებით დასრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება ჯანსაღი ოპოზიციური ძალების სრული და აბსოლუტური კონსოლიდაცია," - განაცხადა სანიკიძემ.
საპასუხოდ ჩერგოლეიშვილი წერს, რომ „დიდებული სისხლის ფსმა გაუმართავთ ნაცებს".
ამასთან, ის ენმ-სა და „ოცნების" გარდა „ლელოსაც" უპირისპირდება.
„ფედერალისტები" კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო", ენმ და ცხადია, „ქოცები". ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან", - წერს ჩერგოლეიშვილი.
„ფედერალისტების" ლიდერი აქციაზე სიტყვითაც გამოვიდა: „ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ აღთქმულ მიწამდე, დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციამდე, იქ, სადაც ჩვენი სახლია". ამასთან, ჩერგოლეიშვილმა ვახტანგ გორგასალის ანდერძიდან წაიკითხა სიტყვები.
„ნუ შეურაცხყოფთ სახლსა ჩვენსა და ნუ მიატოვებთ სიყვარულს ბერძენთასა" - ეს სიტყვები ვახტანგ გორგასლის ანდერძიდანაა, მე მჯერა, რომ ეს ანდერძია ამ პროტესტის ძრავიც, ეს ანდერძი განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას და რეჟიმს ვუპირისპირდებით სწორედ იმიტომ, რომ ის შეურაცხყოფს ქართველობას, დასავლეთს გვიცხადებს მტრად და ვახტანგ გორგასალს სულში აფურთხებს," - თქვა „ფედერალისტების" ლიდერმა.