
რუსეთმა ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" წარმატებით გამოსცადა - იარაღი, რომელსაც, პუტინის თქმით, „ნებისმიერი თავდაცვითი ფარის გარღვევა შეუძლია". კრემლის ამ ნაბიჯს დასავლეთში მორიგ ბირთვულ გაფრთხილებად აფასებენ.თუმცა გავლენიანი გამოცემები მიანიშნებენ, რომ აშშ, უკრაინა და რუსეთი ომის შეჩერებაზე შეთანხმებასთან უკვე ახლოს არიან.
გამოცდა, გასულ კვირას ჩატარებულ ბირთვულ წვრთნებთან ერთად, იმის მანიშნებელია, რომ რუსეთი, უკრაინაში ომის დასრულების გამო დასავლეთიდან წამოსულ ზეწოლას, პუტინის სიტყვებით, არასდროს დაემორჩილება, ეს ყველაფერი კი იმ ფონზე ხდება, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფრო მკაცრ პოზიციას იკავებს და რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს, - წერს როიტერზი.
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა პუტინს განუცხადა, რომ 21 ოქტომბერს, რაკეტამ 14 000 კმ (8 700 მილი) გაიარა და ჰაერში დაახლოებით 15 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
რუსეთი აცხადებს, რომ "9მ730 ბურევესტნიკი" ("შტორმის ზვავი") - რომელსაც ნატო SSC-X-9 Skyfall-ს უწოდებს - ამჟამინდელი და სამომავლო რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის, თითქმის შეუზღუდავი დიაპაზონით და არაპროგნოზირებადი ფრენის ტრაექტორიით „უძლეველია".
„ეს უნიკალური იარაღია, რომელიც მსოფლიოში არავის აქვს", - ამტკიცებს პუტინი კვირას კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ახლა, მისი თქმით, რაკეტის „კრიტიკული ტესტირება" დასრულდა.
უფრო კონკრეტულად, საუბარია ხმელეთიდან გაშვებულ ფრთოსან რაკეტაზე, რომელსაც არა მხოლოდ ბირთვული ქობინის, არამედ ბირთვული ენერგიის ტარებაც შეუძლია. ტრადიციული ტურბორეაქტიული ან ტურბოვენტილატორიანი ძრავებისგან განსხვავებით, ის საწვავის რაოდენობაში შეზღუდული არ არის. ეს კი საშუალებას აძლევს ამ რაკეტას იფრინოს დიდი ხნის განმავლობაში, სანამ სამიზნეს არ მიაღწევს.
პუტინი ვაშინგტონს სიგნალს უგზავნის
ტრამპისთვის, რომელიც რუსეთს „ქაღალდის ვეფხვს" უწოდებს, ეს გზავნილია, რომ რუსეთი გლობალურ სამხედრო კონკურენტად რჩება, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის საკითხში და რომ მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ შეთავაზებები უნდა გაითვალისწინოს, წერენ გავლენიანი დასავლური გამოცემები.
პუტინის გზავნილი უფრო ფართოა დასავლეთისთვის, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა უკრაინას რუსეთში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებთან დაკავშირებით დაზვერვის ინფორმაცია მიაწოდა, ეს გზავნილი კი არის ის, რომ მოსკოვს შეუძლია განახორციელოს საპასუხო დარტყმა, თუ ამის სურვილი ექნება.
მას შემდეგ, რაც The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინის მიერ დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული ზოგიერთი შორ მანძილზე მდებარე რაკეტების გამოყენებაზე ძირითადი შეზღუდვა მოხსნა, პუტინმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ თუ რუსეთს თავს დაესხმებიან, პასუხი „ძალიან სერიოზული ან დამანგრეველი" იქნება. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ეს შეტყობინება კვირას რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას გაიმეორა.
გერასიმოვმა ისიც დასძინა, რომ „იარსისა" და „სინევას" კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების სასწავლო გაშვებაც დასრულდა. გერასიმოვის განცხადებითვე ირკვევა, რომ რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის გარშემო დიდი რაოდენობით უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქციეს და ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის და ზაპოროჟიეს რეგიონებში წინ მიიწვეენ. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობთ უკრაინას არ გაუვრცელებია.
„თუმცა, შეთანხმებასთან ახლოს არიან"
უკრაინა, რუსეთი და შეერთებული შტატები უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ შეთანხმების მიღწევასთან „საკმაოდ ახლოს არიან" - ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო" რუს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრეზიდენტ პუტინისს სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შეჩერება ამჟამინდელ ფრონტ ხაზზე „კარგი კომპრომისია".
დმიტრიევმა პარასკევს გვიან სიენენს უთხრა, რომ „პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან იმის აღიარება, რომ საქმე ბრძოლის ხაზებს ეხება, დიდი ნაბიჯია".
„თქვენ იცით, მისი წინა პოზიცია იყო, რომ რუსეთი მთლიანად უნდა გასულიყო უკრაინიდან. ასე რომ, სინამდვილეში, ვფიქრობ, ჩვენ საკმაოდ ახლოს ვართ დიპლომატიურ შეთანხმებასთან, რომლის შემუშავებაც შესაძლებელია", - თქვა დმიტრიევმა.
თუმცა უკრაინამ, თავის ევროპელ მოკავშირეებთან ერთად, პარასკევს კრემლი გააფრთხილა, რომ „საზღვრები ძალის გამოყენებით არ უნდა შეიცვალოს". რუსეთმა უკრაინას სთხოვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებამდე მეტი ტერიტორია დათმოს.
შეგახსენებთ, დმიტრიევი შაბათს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელ სტივ უიტკოფს, შეხვდება რათა უკრაინაში ომის გადაჭრის გზები განიხილონ.