ნატალია ჯვარიძე
27.10.2025

ოპოზიციაში მიანიშნებენ, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად ახალი გეგმა აქვთ. ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამარჯვებას აანონსებს და ვადამდელ არჩევნებს პროგნოზირებს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზურაბიშვილს დასავლეთის იმედი აქვს და ოპოზიციონერებთან მოლაპარაკებას აპირებს.

„ალბათ ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ დასავლეთისგან რაღაც ახალი სანქციები მზადდება და ეს „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს", - უთხრა "რეზონანსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაძემ.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მალე იქნება ბოლომდე გამარჯვება, ახალი არჩევნები, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან საჭიროა.

„ეს არის რეჟიმი, რომელიც ყიდის, ასხვისებს საქართველოს მიწებს. აქვეა გახსნილი ახალი ოფისი, სამშენებლო, მაგრამ ასევე მიწების გარიგების არაბთა ემირატებთან, ვითომც კინო „რუსთაველი" ვერ დარჩებოდა რუსთაველზე. ეს არის ამ რეჟიმის ქმედებები და ამიტომ ამ რეჟიმმა უკვე წააგო, უკვე აღარ აქვს არანაირი საფუძველი, რომ გააგრძელოს. მისი დღეები დათვლილია და ჩვენ ვალდებული ვართ, ცოტა კიდევ გავუძლოთ. მინდა, ვუთხრა პოლიტპატიმრების მშობლებს, მე მესმის, როცა ვამბობ, კიდევ ცოტა გავუძლოთ, ეს არ არის მარტივი სიტყვები, მე ამას რომ ვამბობ, არ არის მარტივი სიტყვები იმ აქტივისტებისთვის, რომლებიც ყოველდღე აქ დგანან და იღებენ თავიანთ თავზე ამ მოძრაობის უწყვეტობას. მაგრამ მე ვიცი, რომ არაფერი არასდროს არ არის ადვილი, როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს ქვეყანა არ დავუთმოთ რუსეთს და რუსებს, თუნდაც გადაცმულებს ქართულ ტანსაცმელში.

აქ უკვე არის ჩვენი, თქვენი გამარჯვება, კიდევ ცოტა გაუძლოს ჩვენმა გულმა და კიდევ მალე იქნება ნამდვილი, ბოლომდე გამარჯვება - ახალი არჩევნები, ახალი საზოგადოება, ახალი პოლიტიკური სივრცე, რომელიც ძალიან გვჭირდება. ეს არის ჩვენი მომავალი და აქ, ამ მომავლისთვის ყველანი ერთად ვდგავართ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკა ჩიტაძე ოპოზიციის სავარაუდო გეგმებზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის გარკვეული კორდინაცია შედგეს.

„ზურაბიშვილის განცხადება ძალიან საინტერესოა, რადგან თავის მხრივ უნდა მოტივაციის ამაღლება თვითონ ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობაში. თითქოს მას კიდევ სურს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის შედგეს რაღაც კოორდინაცია. შეიძლება „ლელოსა" და გახარიას პარტიასთანაც გაიმართოს მოლაპარაკება. ყოველ შემთხვევაში ეს პარტიები მოიაზრებიან ამ კოალიციაში.

არჩევნებს რაც შეეხება, ალბათ ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ დასავლეთისგან რაღაც ახალი სანქციები მზადდება და ეს „ქართულ ოცნებას" მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას აიძულებს", - თქვა ნიკა ჩიტაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციისგან არანაირ მნიშვნელოვან გეგმას არ ელოდება.

„მკვდარს შეიძლება რაიმე გეგმები ჰქონდეს? გულს იმედს აძლევენ. სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს. გარდაცვლილზე ან კარგს ამბობენ, ან საერთოდ არ ახსენებენ. ამათზე კი მხოლოდ ცუდს ლაპარაკობენ, რადგან მათ საქართველოსთვის კარგი არ გაუკეთებიათ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×