რეზონანსი
26.10.2025

 "არ მინდა არაფრის მომცემი შეხვედრა გავმართო. არ მინდა, დრო ტყუილუბრალოდ დავკარგო" - მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უნგრეთის დედაქალაქისკენ იყო მიპყრობილი, ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა სწორედ ამ სიტყვებით აცნობა მედიას, რომ ბუდაპეშტში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი მოლაპარაკება გაუქმდა.

"მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა იმ შედეგამდე ვერ მიგვიყვანდა, რაც მე მქონდა ჩაფიქრებული. ამიტომაც გავაუქმე. თუმცა სამომავლოდ შეხვედრას აუცილებლად ჩავნიშნავთ" - ტრამპმა აუდიენციის ჩაშლის მიზეზი იმით განმარტა, რომ ეს შეხვედრა ვერ გამოიღებდა იმ შედეგს, რაც მას ჰქონდა ჩაფიქრებული. თუმცა მისი პოზიცია საბოლოო არ არის. ვადები არ განსაზღვრა, მაგრამ სივრცე და მზაობა ამერიკის პრეზიდენტმა სამომავლო პირისპირ საუბრისთვის მაინც დატოვა.

ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრა რომ მხოლოდ დროის ამბავია, ამაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დარწმუნებულია. მიუხედავად იმისა, რომ რუსულ მხარე ყველანაირად მზად იყო, ბუდაპეშტში გამოცხადებულიყო, ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ შეხვედრის თარიღმა მხოლოდ და მხოლოდ გადაიწია.

"ტრამპმა შეხვედრის გადადება ახსენა და არა გაუქმება. რა შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, დიალოგი ყოველთვის სჯობს კონფლიქტსა და რაიმე დაპირისპირებას, მით უფრო ომს. ამიტომაც, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ დიალოგის გზას", - აცხადებს პუტინი.

მიუხედავად რუსულ ნავთობზე , "როსნეფტსა" და "ლუკოილზე" დაწესებული სანქციებისა და ჩაშლილი სამიტისა, პუტინმა კრემლის სპეციალური წარმომადგენელი ეკონომიკურ საკითხებში მაინც მიავლინა ნიუ იორკში მოლაპარაკებებისთვის.

უნგრეთში, თავის მხრივ, იმედს არ კარგავენ, რომ სწორედ ბუდაპეშტი იქნება პუტინისა და ტრამპის შეხვედრის ადგილი, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის ბედი გადაწყდება.

ევროკავშირში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისა და სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეები არიან, თუმცა არ სურთ, რომ თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერები ერთმანეთს ბუდაპეშტში შეხვდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მანამდე განაცხადა, ვიდრე ბუდაპეშტის სამიტი გაუქმდებოდა. კაია კალასი განმარტავს, რომ ისინი არ მიესალმებიან პუტინის ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში.

ბუდაპეშტში სამიტის ჩატარების თარიღი რომ დროებით გადაიდო, ამაში ირიბად, მაგრამ მაინც ხედავს ევროპელი ლიდერების როლს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. პიტერ სიარტო განმარტავს, რომ თუ ევროკავშირს სურს ევროპის კონტინენტზე მშვიდობა, მაშინ მათ ხელი არ უნდა შეუშალონ ამ შეხვედრის ჩატარებას.

შეხვედრა ვერ შედგა ბუდაპეშტში, თუმცა დასავლელი ლიდერები ლონდონში შეიკრიბნენ მათ შორის იყო ვოლოდიმირ ზელენსკიც. მან «მსურველთა კოალიციის» ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, "როსნეფტისა" და "ლუკოილის" გარდა, სხვა რუსულ ნავთობკომპანიებსაც დააწესონ სანქციები.

"ჩვენ "როსნეფტისა" და "ლუკოილის" გარდა, სხვა ნავთობ კომპანიებსაც უნდა დავუწესოთ სანქციები. მშვიდობის საწინდარი სწორედ აგრესორზე წნეხია, სწორედ ეს უნდა განვაგრძოთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის პოზიციას იზიარებენ "მსურველთა კოალიციის" სხვა წევრი ქვეყნების ლიდერებიც. ასევე, ნატოს გენერალური მდივანი. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ სანქციების გზით აიძულებენ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.

ბუდაპეშტის მემორანდუმიდან ბუდაპეშტის სამიტამდე. 1994 წელს სწორედ ბუდაპეშტში მისცეს უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები ბირთვული იარაღის დათმობის სანაცვლოდ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×