
აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში - თბილისი გასულ კვირას გლობალური ყურადღების ცენტრში იყო. 76 ქვეყნიდან ჩამოსული 2300 დელეგატი, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მსხვილი ინვესტორები ერთ მთავარ იდეას განიხილავდნენ - რა შეიძლება მოიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობამ და თანამშრომლობამ.
ფორუმს ესწრებოდა არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლენიანი დეველოპერი მუჰამედ ალაბარიც, ადამიანი, რომლის სახელთანაც ბურჯ-ხალიფას შენობა და მსოფლიოს მასშტაბით არაერთი მეგაპროექტია დაკავშირებული. უკვე ოფიციალურად გაიხსნა "ემაარ" ჯგუფის შვილობილი კომპანიის "იგლ ჰილსის" ოფისი: თბილისში და გონიოში დეველოპერულ პროექტებში 6 ნახევარი მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ინვესტიციაა.
"სიამაყით გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა" - აბრეშუმის გზის ფორუმი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა "რუსთავი 2-თან" ინტერვიუს დროს შეაჯამა:
"აბრეშუმის გზის ფორუმს, ჩვენი ქვეყანა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მასპინძლობს. ჩვენ, ყოველ ჯერზე გვაქვს შესაძლებლობა, რომ უმაღლესი რანგის სახელმწიფო წარმომადგენლებს, პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანებს, ისევე, როგორც ლიდერებს სხვადასხვა ქვეყნიდან, წამყვანი კომპანიებისა და კორპორაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს ქვეყანაში ვუმასპინძლოთ. თითოეულ ქვეყანას და პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად დეტალურად ისაუბროს იმ მიღწევებსა და გეგმებზე, რომელიც ქვეყნებს გააჩნიათ ტრანსპორტის, ლოჯისტიკისა და ინვესტიციების მიმართულებით. ჩვენ, რა თქმა უნდა, სიამაყით გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ სხვადასხვა გამოსვლის მეშვეობით იმ მიღწევებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კუთხით. ასევე ვისაუბრეთ იმ მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებისა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერების კუთხით შუა დერეფანში და როგორ შეიძლება, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ტრანზიტული, ლოჯისტიკური ჰაბის ფუნქციის კუთხით.
ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი როლი არის ის, რომ მუდმივად შევუწყოთ ხელი ინვესტიციების ზრდას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაზეც ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ფორუმის ფარგლებში - ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ პროგნოზირებადი გარემო. საქართველომ შეძლო ის, რაც ძალიან ბევრმა ქვეყანამ ვერ შეძლო ამ მიმდინარე, გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, რომ ჩვენ წლების განმავლობაში უზრუნველვყავით მშვიდობის, სტაბილურობის და პროგნოზირებადი გარემოს შექმნა. ეს არის ქვეყანა, რომელიც ქმნის ძალიან ბევრ ახალ შესაძლებლობას იმისათვის, რომ ერთი მხრივ ინვესტიციები მოიზიდოს და მეორე მხრივ, ინვესტორებმა ფაქტობრივად ყოველწლიურად შეძლონ, განავითარონ, მასშტაბირება გაუკეთონ მათ პროექტებს და ინვესტიციებს ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.