
იტალიაში, სამთავრობო დეფიციტის სწრაფი შემცირება უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ნიღბავს. შობადობა მკვეთრად ეცემა, ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიან და რეალური ხელფასები 2021 წლიდან მოყოლებული, ნებისმიერ სხვა განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით, უფრო მკვეთრად დაეცა. ამის შესახებ ფრანგული მედია BFMTV-ი იუწყება.
გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან სამი წლის შემდეგ, ჯორჯია მელონიმ იტალიის ფისკალური მდგომარეობა დაასტაბილურა. ულტრამემარჯვენე და მემარჯვენე ლიბერალური პარტიების კოალიციის მეთაურმა პრემიერ-მინისტრმა, 2011 წლის ვალის კრიზისის შემდეგ, სახელმწიფო დეფიციტის შესამცირებლად განხორციელებული მკაცრი ეკონომიის პოლიტიკა გააგრძელა. მისმა მთავრობამ შეამცირა სოციალური და ჯანდაცვის ხარჯები და გაყიდა თავისი წილები ავიაკომპანია Ita-სა და ენერგეტიკულ კომპანია Eni-ში.
საბოლოო ჯამში, დეფიციტი 2023 წლიდან განახევრდა და მოსალოდნელია, რომ წელს მიაღწევს ევროპის სტაბილურობის პაქტით დადგენილ 3%-იან ნიშნულს. საფრანგეთისგან განსხვავებით, ეს იტალიას საშუალებას მისცემს თავიდან აიცილოს ევროკომისიის ზედამხედველობის ზომები სახელმწიფო დეფიციტის გადაჭარბების გამო.
მედიის ინფორმაციით, მშპ-სთან ვალის უფრო მაღალი თანაფარდობის მიუხედავად (134% 114%-ის წინააღმდეგ), რომი ამჟამად იმავე საპროცენტო განაკვეთით სესხულობს, როგორითაც პარიზი.
ჯორჯია მელონის დამსახურებაა იტალიაში უმუშევრობის დონის შემცირება, რომელიც 2022 წლის 7.8%-დან, გასული წლის აგვისტოს მონაცემებით 6%-მდე შემცირდა.
როგორც ფარული მედია წერს, დადებითი მაჩვენებლები გაცილებით უფრო მძიმე სურათს მალავს. იტალია მოსახლეობას კარგავს. ახალგაზრდები მასობრივად ტოვებენ ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სიმდიდრის 75% 50 წელს გადაცილებული ადამიანების ხელშია კონცენტრირებული. 2024 წელს, 156 000 ადამიანი ემიგრაციაში წავიდა, საშუალო ასაკი 33 წელი იყო. შობადობის მაჩვენებელი კვლავაც კლებას განიცდის (-36% 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში). შობადობის მაჩვენებელი ქალზე 1.18 ბავშვამდე დაეცა, რაც ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის შეუქცევად შემცირებაზე მიუთითებს.
სინამდვილეში, იტალიელები ღარიბდებიან და ეს დიდი ხანია გრძელდება. 1990-დან 2020 წლამდე, იტალიაში რეალური ხელფასები შემცირდა, საფრანგეთსა და გერმანიაში კი ეს მაჩვენებელი ამ პერიოდში 30%-ით გაიზარდა. ეს ნაწილობრივ ბოლო ათწლეულების განმავლობაში სტაგნაციის ზრდით არის განპირობებული. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ინფლაციამ, რომელიც ევროპის ქვეყნებში COVID-19-ის პანდემიამ გამოიწვია. იტალიელებმა რეალური ხელფასის თითქმის 7.5% დაკარგეს, რაც თითქმის ერთი თვის ხელფასის ეკვივალენტურია, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის კვლევის თანახმად, კვლავ ყველაზე დიდი ვარდნაა.