რეზონანსი
26.10.2025

 აშშ-ის ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი და ვაჭრობის წარმომადგენელი ჯეიმსონ გრირი მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში, ასეანის სამიტის ფარგლებში ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლი-ფენგს და მთავარ სავაჭრო მომლაპარაკებელს, ლი ჩენგანგს შეხვდნენ.

მაისის შემდეგ ეს მოლაპარაკებების რიგით მეხუთე რაუნდი იყო.

„ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ძალიან წარმატებული ჩარჩო, რომლის საფუძველზეც აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერები შეძლებენ სხვადასხვა საკითხის განხილვას ხუთშაბათს", - განაცხადა ბესენტმა.

„ენბისისთან" ინტერვიუში ბესენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების შედეგად, სავარაუდოდ, პეკინი შეაჩერებს იშვიათი მინერალების ექსპორტზე დაწესებულ გაძლიერებულ კონტროლს, ამით კი ჩინეთი თავიდან აიცილებს ტრამპის მიერ დაანონსებულ 100%-იან საბაჟო გადასახადს ჩინურ საქონელზე.

მისივე თქმით, ტრამპი და სი ძინპინი მომდევნო კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ ამერიკელი ფერმერებისგან სოიოსა და სხვა აგროპროდუქციის შესყიდვის თემას, უფრო დაბალანსებულ ვაჭრობას, ასევე, აშშ-ში ფენტანილის კრიზისის მოგვარების საკითხს.

ჩინეთის წარმომადგენელმა ლიმ განაცხადა, რომ მხარეებმა მიაღწიეს „წინასწარ შეთანხმებას" და ახლა დაიწყებენ შიდა პროცედურებს.

„აშშ-ის პოზიცია მკაცრი იყო. ჩვენ გვქონდა ინტენსიური მოლაპარაკებები და კონსტრუქციული დიალოგი, რათა მოგვეძებნა საერთო გზები ამ პრობლემების გადასაჭრელად", - აღნიშნა ლიმ.

ცნობისთვის, ტრამპი კვირას ჩავიდა მალაიზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის სამიტზე, რომელიც მისი ხუთდღიანი აზიური ტურნეს პირველი გაჩერებაა. ტურნე 30 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში სი ძინპინთან პირისპირ შეხვედრით დასრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×