
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი არ ელის მდგრად მშვიდობას უკრაინაში, ვიდრე ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად რჩება.
ტუსკის თქმით, ომი უკრაინაში შესაძლოა „სამუდამო" გახდეს.
„მთავარი კითხვა ახლა არის, კიდევ რამდენი მსხვერპლი იქნება", - განუცხადა პოლიტიკოსმა ბრიტანულ გაზეთ The Sunday Times-ს.
„რუსებს უზარმაზარი უპირატესობა აქვთ დასავლეთთან და განსაკუთრებით ევროპასთან შედარებით: ისინი მზად არიან საბრძოლველად. ომის დროს ეს აბსოლუტურად გადამწყვეტი ფაქტორია", - აღნიშნა ტუსკმა.
ამასთან, პოლონეთის მთავრობის მეთაურმა გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინა „გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო".
მისი თქმით, რუსეთს შეუძლია ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქამდე, ლონდონის ჩათვლით, მიაღწიოს თავისი ბალისტიკური რაკეტებით, რომელსაც თან ახლავს ბირთვული ქობინები.
მან ასევე მიუთითა რუსეთის მიმდინარე კიბერთავდასხმებზე.
„ისინი მზად არიან, გაანადგურონ ჩვენი რკინიგზის, ჩვენი საავადმყოფოების ციფრული ინფრასტრუქტურა პოლონეთში", - გააფრთხილა ტუსკმა.