
ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ ორმაგი სტანდარტისა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი ამით იმას ამბობს, რომ ამერიკული კანონით ევროპაში ვერ შევალთ.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესი იყოს დაცული და ქვეყანაში ფინანსური რესურსები იყოს გამჭვირვალე. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვინც უნდა იყვნენ ევროკავშირის ამ მთავარი ღირებულების, გამჭვირვალობის ადვოკატები, გამოდიან ამის წინააღმდეგ", - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
პაველ ჰერჩინსკი აკრიტიკებს ქართულ კანონმდებლობას მაშინ, როცა არაფერს ამბობს იგივე შინაარსის „ფარას" ამერიკულ კანონზე. ევროკავშირის ელჩი ცდილობს, დაამტკიცოს, რომ თითქოს ევროკავშირის პრინციპებთან შეუსაბამოა კანონი საქართველოში, რომელიც სწორედ ამერიკული ფარას ზუსტი ასლია. ამერიკაში კი არსებულ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში" (FARA) ცვლილებების შეტანას.
როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.