
ახალგაზრდა მასწავლებლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ორი ახალგაზრდაა დაკავებული. ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი 2007 წელსაა დაბადებული და უცნობია, შეუსრულდა თუ არ აუკვე 18 წელი. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე მიდის, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, 28 წლის გიგა ავალიანი ეჭვიანობის ნიადაგზე ჯგუფურად მოკლეს და დანაშაულს „ერთს ტენიან" - ის კონკრეტულ ვინაობებსაც ასახელებს.
თავიდან პოლიციამ 17 წლის ა.გ. დააკავა, რომელიც უშუალოდ არის ეჭვმიტანილი მკვლელობაში, გუშინ კი დააკავეს 2007 წელს დაბადებული ბიჭი, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინლობა ბრალდება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა", - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის გაზრახ მძიმე დაზიანება, „რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე".
გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე ამბობს, რომ მკვლელობაში, ორი ბიჭის გარდა, 16 წლის გოგოც მონაწილეობდა.
„შვილი 16-17 წლის ბავშვებმა მომიკლეს, რომელიც ხვალ თქვენს შვილებსაც მოკლავენ, თუ ისინი არ დაიჭირეს. გიგა ჯგუფურად მომიკლეს. ერთს ტენინიან, რომ მარტივად გამოვიდნენ. გააზიარეთ!(ვიდეო) შეცვალეთ კანონები. მკვლელები არიან არასრულწოვნები," - ისმის გავრცელებულ ვიდეოში.
ამასთან, ეკა კუპატაძე ფეისბუქზე ავრცელებს მიმოწერის ვიდეოსქრინს, სადაც აღნიშნულია, რომ 16 წლის ნ.ი.-მ „ამ მიმოწერით აეჭვიანა შეყვარებული" და ერთად დაგეგმეს მკვლელობა. ამტკიცებს, რომ გოგონამ ბიჭებს აჩვენა, სად უნდა ენახათ სამიზნე, და მსხვერპლს ერთდ უთვალთვალებდნენ.
თავდასხმა 1-ელ ოქტომბერს მოხდა. მასწაველებელი კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მის დასახმარებლად ფეისბუქ ჯგუფიც კი შეიქმნა „გიგასთვის", სადაც აღნიშნავდნენ, რომ გიგა ავალიანს ჰქონდა თავის ტვინის ტრავმული დაზიანება.
„გიგა - ახალგაზრდა, ჭკვიანი, კეთილი და მიზანდასახული ადამიანი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა ვეკუას ფიზიკა-მათემატიკური სკოლა, ხოლო შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტი. მიუხედავად იმისა, რომ მას ექიმის კარიერა ელოდა, ის საკუთარი დროისა და ცოდნის დიდ ნაწილს უძღვნიდა მოსწავლეებს - ამზადებდა მათ მათემატიკაში, რომ სხვებსაც მიეღწიათ თავიანთი მიზნებისთვის.
„გიგას დიდი ოცნება ჰქონდა - სწავლის გაგრძელება ამერიკაში, სამედიცინო მიმართულებით. ამ მიზნისთვის ის მუდმივად მუშაობდა და აგროვებდა თანხას, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდა ოცნებას.
„სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ სახლში დაბრუნებისას მას გაურკვეველ ვითარებაში მიაყენეს თავის ტრავმა რის შედეგადაც იგი უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს კლინიკაში, მას ჩაუტარდა გადაუდებელი ორი რთული ოპერაცია თავის ტვინზე, თუმცა ამჟამად ის კვლავ კომაშია.
„გიგას სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა და შემდგომი ხანგრძლივი რეაბილიტაცია, რაც დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს.ოჯახი და მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ დავეხმაროთ, მაგრამ ეს ბრძოლა დიდ ძალას და მხარდაჭერას საჭიროებს", - აღნიშნულია პოსტში, სადაც ახალგაზრდა მასწავლებლის სიცოცხლის გადასარჩენად დახმარებას ითხოვდნენ.